skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა

საგაზაფხულო სესიის ბოლო დღეს, 28 ივნისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე პარლამენტში წლიური მოხსენებით წარსდგა. ოპოზიციის უმეტესობა, გარდა პარტია „გირჩისა“, სხდომას არ ესწრებოდა, ვინაიდან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ისინი პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.

ქართველი ფეხბურთელების წარმატების შესახებ

თავის შესავალ სიტყვაში პრემიერ-მინისტრმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს პორტუგალიასთან მატჩში ისტორიული გამარჯვება მიულოცა და ნაკრების მოთამაშეებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს და მმართველი პარტიის დეპუტატს, ლევან კობიაშვილს, ნაკრების მწვრთნელს ვილი სანიოლს, ასევე ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა სპორტის მიღწევები მმართველი პარტიის დამსახურებად მიიჩნია და ფეხბურთში წინა წარუმატებლობებში ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ადმინისტრაცია დაადანაშაულა. ბუდუ ზივზივაძის შესახებ საუბრისას, რომელიც, ზოგიერთი გულშემატკივრების აზრით, მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ათამაშეს, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება „გუნდის დაყენებაში ერეოდა პირდაპირ“. მისი თქმით, ფეხბურთი „დაცლილი უნდა იყოს პოლიტიკური კონტექსტისგან:.

კობახიძემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა, რომელმაც თავისი საქველმოქმედო ფონდიდან შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის ფეხბურთელებისთვის 30 მილიონი ლარი გამოყო,

„ჩვენ გვყავდა ძალიან რთული მეტოქეები… თუმცა, ბიჭები არ შეუშინდნენ, დადგნენ ორ ფეხზე… სწორედ იმიტომ, რომ ბიჭები ორ ფეხზე დადგნენ, ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და გამარჯვებას. სადაც დავდგებით ორ ფეხზე, იქ საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა მან.

„ჩვენ გვაქვს ორი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება… მჯერა, რომ 2030 წლამდე ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად და ერთად შევალთ ევროკავშირში, ერთად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“, – დასძინა პრემიერ-მინისტრმა.

პროგრესი ყველგან

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკაში, განათლებაში, სპორტში, ჯანდაცვასა და სხვა სფეროებში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და თითოეულ შემთხვევაში ვითარება ნაციონალური მოძრაობის დროს არსებულ მდგომარეობას შეადარა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკური ზრდა 2021-23 წლებში 9,7% იყო. „რაც შეეხება წლევანდელ მაჩვენებელს, ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ამას პროგნოზირებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. სავალუტო ფონდის პირვანდელი პროგნოზი იყო 4,8% და როგორც უკვე მოგახსენეთ, ამჟამინდელი მაჩვენებელი, 5 თვის მაჩვენებელი არის 9,3%“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ უმუშევრობამ 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულად დაბალ 14%-ს მიაღწია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ოთხი პროცენტული პუნქტით ნაკლებია. პრემიერ-მინისტრის თქმით, „დამატებით დასაქმდა 130 000 ადამიანი და რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს დასაქმების კუთხით, 1,4 მლნ ადამიანი“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დადებითად შეაფასა ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ვაჭრობისა და რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროებში მიღწეულ პროგრესს და დადებითი დინამიკის შენარჩუნების პირობა დადო.

საგარეო პოლიტიკა

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დასავლელი პარტნიორები სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ ხელისუფლების ნაბიჯებს ევროატლანტიკური გზიდან ჩამოშორების გამო, პრემიერ-მინისტრი ამ კრიტიკის შემსუბუქებას შეეცადა. მისი თქმით, „ჩვენთვის უმთავრეს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება ევროკავშირში ინტეგრაცია“. კობახიძემ გაიმეორა, რომ „2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად იქნება მზად იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა“.  მან გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრის რანგში მისი პირველი ვიზიტი ნატოში გაიმართა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს „აქტიურ თანამშრომლობას“.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ „საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, თავისი წვლილი შეიტანოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვაში“ და იმედი გამოთქვა, რომ „იქნება შემხვედრი ნაბიჯები“. „რა თქმა უნდა, საქართველო -აშშ-ის ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის – საქართველოსთვის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ საქართველო აწარმოებდა „ეფექტიან პოლიტიკას“ იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხსაც შეეხო, მადლობა გადაუხადა პეკინს სავიზო რეჟიმის მოხსნისთვის და აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა. მან დადებითად ისაუბრა ანაკლიის პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის თაობაზე და განაცხადა, რომ მისი ჩართულობა „ძალიან მნიშვნელოვანია“, მათ შორის ჩინური ტვირთების მოზიდვისთვის.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ამ კუთხით მეზობელ ქვეყნებთან აქტიურ დიპლომატიასა და თავის ვიზიტებზე გაამახვილა ყურადღება. „მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მეზობელ ქვეყნებს შორის დიალოგსა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას, რაც რა თქმა უნდა, მთელი რეგიონის ინტერესებშია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძის თქმით, წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლიდან 2023 წლამდე. იგი ასევე მიესალმა ინდოეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა დაასახელა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმატებით აგრძელებს არაღიარების პოლიტიკას. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვა არის ის, რაზეც „საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა“.

კობახიძემ აღნიშნა, რომ კავშირები უნდა შენარჩუნდეს ქართულ დიასპორასთან, მაგრამ არ უხსენებია მათი მოთხოვნა საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ.

ოპოზიცია დესტრუქციულია

პრემიერ-მინისტრმა ოპოზიცია 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებიდან მოყოლებული ყოველწლიურად „ხელოვნური“ კრიზისების შექმნაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამის გამო ქვეყანა ვერ დამშვიდდა. 2022 წელს, განაგრძო კობახიძემ, ოპოზიცია „ითხოვდა ჩვენგან სანქციებთან მიერთებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით. მათი გაცხადებული სურვილი იყო ქვეყნის ომში ჩართვა“.

მან ასევე გაიმეორა, რომ ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოისმინა „ვერც ერთი არგუმენტი“ თუ რატომ არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო უფრო დაწინაურებული იყო, ვიდრე ეს ორი ქვეყანა მაშინ, ისევე როგორც ახლა. პრემიერ-მინისტრმა კვლავ დაადანაშაულა ოპოზიცია გადატრიალების მცდელობაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ იმ წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა.

რაც შეეხება კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, კობახიძემ განაცხადა, რომ მის ოპონენტებს არაფერი ჰქონდათ სათქმელი არგუმენტის სახით და სანაცვლოდ, „აბსოლუტურად ყალბ მესიჯს“ ავრცელებდნენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ. „გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი“, – განაცხადა კობახიძემ.

„ამ რთული მოვლენების ფონზე, ჩვენ შევძელით და გავიმყარეთ საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი და ის კანონი, რომელიც მიიღეთ თქვენ, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ემსახურებოდა სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ ამისათვის“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა დეპუტატებს.

„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ ამნისტიას გამოაცხადებს

ციხეების გადატვირთულობასთან დაკავშირებით „გირჩის“ წევრის ჰერმან საბოს კითხვის საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ სექტემბრისთვის, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ამნისტიის წესით პატიმართა მასშტაბური გათავისუფლება დააანონსა. „ჩვენ გვყავს 10 000-მდე პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში და მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში სერიოზულად შემცირდეს პატიმართა რაოდენობა იმისათვის, რომ ჩვენ დავუახლოვდეთ ოპტიმალურ ევროპულ მაჩვენებელს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ სასურველია, მინიმუმ 1/3-ით პატიმართა რაოდენობის შემცირება.

ოპოზიციის არყოფნის პირობებში, დეპუტატების კითხვა-პასუხის სესიის ნაწილი ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე თავდასხმებით გამოირჩეოდა. დეპუტატებმა ასევე ახსენეს „გლობალური ომის პარტია“ (რაც პრემიერ-მინისტრს არ გაუკეთებია), შეთქმულებები ხელისუფლების წინააღმდეგ, ასევე მმართველი პარტიის „სტრატეგიულ მოთმინებას“ მიესალმნენ და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში მისი წვილილ აღიარეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button