skip to content
ახალი ამბები

მედიის თავისუფლების კოალიცია “ღრმა შეშფოთებას” გამოთქვამს აგენტების კანონით მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის შექმნილი საფრთეების გამო

16 ივლისს მედიის თავისუფლების კოალიციამ (MFC) გამოაქვეყნა განცხადება თითქმის ორი თვის წინ მიღებულ და უკვე ამოქმედებულ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონთან დაკავშირებით; განცხადებაზე ხელმომწერი 25 წევრი ქვეყანა გამოხატავს “ღრმა შეშფოთებას” საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო.

“ახლახან მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის საფუძვლებს,” ნათქვამია განცხადებაში. იგი ხაზს უსვამს, რომ “უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის” იარლიყის მიწებება იმ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან იღებენ, გავლენას მოახდენს მათ საქმიანობაზე. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები საქართველოში “მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სამოქალაქო ჩართულობაში, ადამიანის უფლებებისა და კარგი მმართველობის მხარდაჭერაში და საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ადვოკატირებაში.” ამასთან, განცხადებაში ნათქვამია შემდეგი: “ამგვარი “უცხოური აგენტის” იარლიყი, შესაძლო მკაცრ ფინანსურ ჯარიმებთან ერთად, სერიოზულად შეუშლის ხელს მათ საქმიანობასა და უარყოფითად იმოქმედებს გამოხატვის თავისუფლებაზე.”

ხაზს უსვამს რა დემოკრატიისთვის დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტიკის მნიშვნელობას, განცხადება აღნიშნავს, რომ ეს კანონი “შემაშფოთებელია” საქართველოს დემოკრატიის მომავლისთვის, მათ შორის მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისთვის. “დამოუკიდებელი, კრიტიკული ჟურნალისტიკა თავისუფალი, ინკლუზიური და დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი საფუძველია.”

გარდა ამისა, განცხადებაზე ხელმომწერი ქვეყნები გამოხატავენ “ღრმა შეშფოთებას” სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო. “ჩვენ ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ისინი ეფექტური და სტაბილური დემოკრატიის აუცილებელ კომპონენტებს წარმოადგენენ,” აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლოს, განცხადებაზე ხელმომწერი ქვეყნები ამბობენ, რომ ისინი “მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებელ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას და განაგრძობენ მათ მხარდაჭერას დემოკრატიული მომავლის, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისკენ სწრაფვის გზაზე.”


განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ქვეყნები:

ავსტრალია, ბელგია, კანადა, ჩილე, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, იტალია, კოსოვო, ლატვია, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button