skip to content
ახალი ამბები

„ქალები მომავლისთვის“ მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს

ქალთა ბიზნესასოციაციამ „ქალები მომავლისთვის“ 13 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დეტალურადაა განხილული ის რისკები, რასაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება საქართველოს ევროინტეგრაციას შეუქმნის, ასევე სხვა რა ინსტრუმენტები არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, და მოუწოდებს ხელისუფლებას არ მიიღოს კანონპროექტი მესამე მოსმენით.  

ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ დამფუძნებელი და საბჭოს თავმჯდომარეა ნინო კობახიძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე (2014-2017), ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს.

ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ ერთი მხრივ, კანონპროექტის სადავო შინაარსი და მეორე მხრივ,  მის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების საგნად იქცა, რაც „კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ქვეყანაში და უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე“. ამ განცხადებით ისინი საზოგადოებას ახსენებენ, რომ საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა ნათლად განაცხადეს, რომ კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც „კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

განცხადებაში ეჭვქვეშაა დაყენებული კანონის მოტივები და ნათქვამია, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია სახელმწიფოს მიერ მათ ანგარიშებსა და ოფიციალურ დეკლარაციებზე წვდომით, ხოლო „მეორე მხრივ, საქართველოს უკვე აქვს კანონი ლობიზმთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არეგულირებს ლობისტურ ქმედებებს, ხოლო “სისხლის სამართლის კოდექსი” და საქართველოს სხვა სამართლებრივი დოკუმენტები არეგულირებენ ჯაშუშობის საკითხს“.

„დღეს არსებობს ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროქტი დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და ხელს შეუწყობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დისკრედიტაციას მათთვის “აგენტის” სტატუსის მინიჭებით; აღნიშნული დამაზიანებელი იქნება დემოკრატიული პროცესებისთვის. ამას კი თავის მხრივ,  უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button