skip to content
დაწურულადევროპა

დსთ: წარსულის აჩრდილები

20 ივნისს ბელარუსის ავტორიტარმა თავკაცმა, ალექსანდარ ლუკაშენკამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) უკრაინისა და საქართველოს გასვლის შესახებ ისაუბრა და სხვებს მოუწოდა, არ ეჩქარათ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.

რა თქვა ლუკაშენკამ?

„მსოფლიოში შექმნილი ვითარება ეჭვს არ ტოვებს, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ,“ თქვა ბელარუსის თავკაცმა. მისი თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ „არ არსებობს რომელიმე ინტეგრაციული გაერთიანებიდან გასვლის გადაწყვეტილების დაჩქარების მიზეზი, როგორც ეს თავის დროზე გააკეთა უკრაინამ და საქართველომ დსთ-ში წევრობასთან დაკავშირებით“.

მან განსაკუთრებით საქართველოს მაგალითს გაუსვა ხაზი და თქვა: „თქვენ ხედავთ მათი პოლიტიკის გარკვეულ ცვლილებას: მათ ყელში ამოუვიდათ დასავლეთის დაპირებები და სურთ კვლავ დაბრუნდნენ ჩვენს ბაზარზე, რადგან არც რძით, არც ხორცით, არც ღვინით, თავის ბაზარზე არავინ შეგიშვებთ. ბაზრები დიდი ხანია განაწილებულია და მისთვის დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. და ეს მეორე მიზეზია, თუ რატომაც უნდა ვიყოთ ერთად – ეს ჩვენს მიერ ათვისებული ბაზარია.“

როდის შეიქმნა დსთ?

დსთ ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში შეიქმნა. ხშირად ამბობენ, რომ ახალი ორგანიზაციის შექმნამ საბჭოთა რესპუბლიკების „მშვიდობიანი განქორწინება” უზრუნველყო.

1991 წლის 8 დეკემბერს „ვისკულის“ სამონადირეო სამთავრობო აგარაკზე, ბელოვეჟის ტევრში (ბელარუსში), რსფსრ-ს, უკრაინისა და ბელარუსის ლიდერებმა ხელი მოაწერეს ბელოვეჟის შეთანხმებას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის შესახებ. მის საფუძველზე გამოცხადდა საბჭოთა კავშირის დაშლა და მის ადგილზე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) შექმნა. დსთ-ში დანარჩენი 12 საბჭოთა რესპუბლიკაც მიიწვიეს.

ბელოვეჟის შეთანხმების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით კითხვები მაშინვე გაჩნდა, რადგან მას ხელი მხოლოდ სამმა მოკავშირე სახელმწიფომ მოაწერა. მეტი ლეგიტიმაციისთვის საბჭოთა რესპუბლიკების 11 ლიდერი (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი, მოლდოვა) 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში შეიკრიბა, სადაც ხელი მოაწერეს ალმა-ათის დეკლარაციას. სწორედ ეს დეკლარაცია ითვლება საბჭოთა კავშირის დაშლის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტად. ამავე დეკლარაციის ძალით სსრკ-ს ადგილას შეიქმნა ახალი ორგანიზაცია – დსთ. საბჭოთა კავშირმა ფორმალურად არსებობა 25 დეკემბერს შეწყვიტა.

დსთ-ის დაფუძნებასთან დაკავშირებული ფორმალური პროცესი 1993 წლის 22 იანვარს დასრულდა, როდესაც მინსკში დსთ-ის წესდება მიიღეს, რომელიც ორგანიზაციის ძირითადი დოკუმენტია.

ვინ ითვლება ორგანიზაციის დამფუძნებელ სახელმწიფოდ?

დსთ-ის წესდების მიხედვით, დსთ-ის დამფუძნებელ სახელმწიფოდ მხოლოდ ის სახელმწიფო ითვლება, რომელმაც წესდების მიღების პერიოდისთვის ხელი მოაწერა და რატიფიკაცია გაუკეთა 1991 წლის 8 დეკემბრის შეთანხმებას დსთ-ის შექმნის შესახებ და 1991 წლის 21 დეკემბერს მიღებულ დეკლარაციას. წესდების მიხედვით ორგანიზაციაში შეიძლება იყვნენ ასოცირებული წევრები, რომლებიც ორგანიზაციის საქმიანობაში ნაწილობრივ მონაწილეობენ, და დამკვირვებლები.

ვინ როდის გაწევრიანდა?

ალმა-ათის დეკლარაციას, ბელოვეჟის შეთანხმების ხელმომწერების (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი) გარდა, მალევე შეუერთდნენ სომხეთი და ცენტრალური აზიის ხუთივე სახელმწიფო.

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა (ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი) დეკლარაციისა და ბელოვეჟის შეთანხმების ხელმოწერაზე უარი თქვეს. სამი ქვეყანა (აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა) კი, ორგანიზაციას ფორმალურად მოგვიანებით შეუერთდა:

  • აზერბაიჯანი საწყის ეტაპზე დსთ-ის შეხვედრებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა. აზერბაიჯანის პარლამენტმა დსთ-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას მხოლოდ 1993 წლის 20 სექტემბერს დაუჭირა მხარი. ეს ის პერიოდია, როდესაც აზერბაიჯანი წარუმატებლობას განიცდის მთიანი ყარაბაღის პირველ ომში და ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპისპირებაა, რასაც აბულფაზ ელჩიბეის პრეზიდენტობიდან გადადგომა მოჰყვა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰეიდარ ალიევმა, ალმა-ათის დეკლარაციას ხელი 1993 წლის 24 სექტემბერს მოსკოვში მოაწერა. ამ თარიღიდან ითვლება აზერბაიჯანი ორგანიზაციის სრულფასოვან წევრად.
  • საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების შესახებ 1993 წლის 8 ოქტომბერს გახდა ცნობილი, როდესაც ამის შესახებ პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა. ამ დროს უკვე სოხუმი დაცემულია (27 სექტემბერი), დასავლეთ საქართველოში კი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. სამხედრო გადატრიალების შედეგად დამხობილ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეები დასავლეთ საქართველოში უპირატესობას ფლობენ. შევარდნაძე იძულებული გახდა რუსეთის დახმარება ეთხოვა და სანაცვლოდ დსთ-ში გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადა. საქართველო ორგანიზაციაში წევრი-ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებების (1993 წლის 22 ოქტომბერი – 3 დეკემბრის პერიოდი) საფუძველზე მიიღეს. 9 დეკემბერს საქართველო დსთ-ის წესდებას შეუერთდა.
  • მოლდოვამ დსთ-ის შექმნის შესახებ შეთანხმების ნაწილობრივი რატიფიკაცია 1994 წლის 15 აპრილს განახორციელა. მოლდოვას ძირითადი აქცენტი ორგანიზაციის ფარგლებში ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჰქონდა და ორგანიზაციას გარკვეული დათქმებით შეუერთდა.

უკრაინა და თურქმენეთი – არიან თუ არა წევრები?

საინტერესოა, რომ უკრაინამ და თურქმენეთმა დსთ-ის შექმნის შეთანხმების რატიფიკაცია განახორციელეს, მაგრამ დსთ-ის წესდებისა – არა. ამის გამო ისინი ფორმალურად არ ითვლებიან წევრებად, მაგრამ მიიჩნევიან „დსთ-ის დამფუძნებელ სახელმწიფოებად“, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზაციის საქმიანობაში. თურქმენეთი დსთ-ის ერთადერთი ასოცირებული წევრია (2005 წლის 26 აგვისტოდან). მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად ოფიციალურად ის ფაქტორი დასახელდა, რომ 1995 წელს თურქმენეთმა ნეიტრალური სტატუსი მიიღო, რაც შეუთავსებლად ჩაითვალა დსთ-ის წევრობასთან. თუმცა, რეალურ მიზეზად თურქმენეთის მხრიდან რუსეთის პოლიტიკური გავლენის შემცირების მცდელობას ვარაუდობენ.

ვინ როდის გამოვიდა/გამოდის დსთ-დან?

დსთ-ის წევრებიდან ორგანიზაცია პირველი საქართველომ დატოვა. 2008 წლის აგვისტოს ომი დასრულებული არც იყო, როდესაც 12 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დსთ-დან გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას 14 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა 117 ხმით, დაუჭირა მხარი. პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან მიმართებაში ძალა დაკარგა შეთანხმებამ დსთ-ის შექმნის შესახებ, დსთ-ის წესდებამ და 1993 წლის 24 სექტემბრის შეთანხმებამ ეკონომიკური კავშირის შექმნის შესახებ. 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტს დსთ-დან გასვლის შესახებ ნოტით აცნობა.

ორგანიზაციიდან გასვლის პროცედურა პარლამენტში 2009 წლის 12 ივნისს დასრულდა, 2009 წლის 18 აგვისტოს კი, საქართველომ ფორმალურად დატოვა ორგანიზაცია. დსთ-ის წესდებით ორგანიზაციის დატოვება წერილობითი შეტყობინებიდან 12 თვეში შეიძლება. ამავე დროს საქართველო დარჩა ორგანიზაციის ფორმატში გაფორმებული 75 მრავალმხრივი შეთანხმების მონაწილე, მათ შორის უვიზო მიმოსვლისა და თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში.

2012 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს დსთ-ში დაბრუნების თაობაზე.

2012 წლის 11 დეკემბერს იგივე ლუკაშენკა აცხადებდა, რომ ყველა ძალას იხმარდა საქართველოს დსთ-ში დასაბრუნებლად და ამისთვის მზად იყო საქართველოს ლიდერების წინაშე დაეჩოქა. დსთ-ში საქართველოს დაბრუნების შესახებ მოლაპარაკების მიმდინარეობის შესახებ 2013 წლის 29 იანვარს მედიაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების პირველი დეპარტამენტის დირექტორის, მიხაილ ევდოკიმოვის განცხადებაც გავრცელდა. ევდოკიმოვის თქმით, საქართველო დსთ-დან არავის გაურიცხავს, ეს ამ ქვეყნის გადაწყვეტილება იყო. მან დაუმატა, რომ საქართველოს ლიდერებთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და გამოთქვა აზრი, რომ არავინ იქნებოდა დსთ-ში საქართველოს დაბრუნების წინააღმდეგი. ქართულმა მხარემ მსგავსი მოლაპარაკების მიმდინარეობა და ზოგადად დსთ-ში დაბრუნების სურვილი უარყო.

უკრაინამ დსთ-ში თავმჯდომარეობის შეწყვეტის გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის 19 მარტს მიიღო. ამავე დროს უკრაინამ დსთ-ის სტრუქტურებში მონაწილეობის შეჩერების პროცესი დაიწყო. 2018 წლის 19 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებას დსთ-ის სტრუქტურებში მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ. 2018 წლის 28 აგვისტოს კი, უკრაინამ დსთ-ის ორგანოებში წარმომადგენლობები დახურა.

მიუხედავად იმისა, რომ თავად დსთ-ს ორგანიზაციის ვებგვერდზე უკრაინა ჯერაც წევრად არის მითითებული, კიივი აღარ მონაწილეობს შეხვედრებში და ეტაპობრივად დსთ-ის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმებებიდანაც გამოდის. ეს პროცესი  უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან გააქტიურდა.

თუმცა უკრაინის მიერ დსთ-ის დატოვების შესახებ არსებობს საინტერესო მოსაზრებაც, რომ უკრაინა ვერ დატოვებს ორგანიზაციას – იმ უბრალო მიზეზით, რომ მისი სრული წევრი არასოდეს ყოფილა. როგორც ვთქვით, უკრაინა დსთ-ის დამფუძნებელი სახელმწიფო იყო, მას არ ჰქონდა რატიფიცირებული დსთ-ის წესდება.

მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ საუბრები მაშინვე იწყებოდა ხოლმე, როცა პროდასავლური მთავრობები ჩაიგდებდნენ ხელში ძალაუფლებას. ამჟამადაც, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალა პროდასავლურია. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე, 2022 წლის 30 ნოემბერს, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკუ პოპესკუმ განაცხადა, რომ მოლდოვა აღარ მიიღებდა მონაწილეობას დსთ-ის სხდომებში. 2023 წლის 23 თებერვლიდან კი მოლდოვამ დსთ-დან გასვლის პროცესი დაიწყო, რაც საწყის ეტაპზე სამი ათეული შეთანხმების დენონსაციაში გამოიხატა. პოპესკუს თქმით, მოლდოვა დსთ-ის ფარგლებში დადებული დაახლოებით 330 შეთანხმების მონაწილეა.პოპესკუს განცხადებით, მოლდოვა ევროკავშირს უერთდება და მას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისაგან აბსოლუტურად განსხვავებული საგარეო პოლიტიკური მიზნები აქვს. მაისში მოლდოვამ დსთ-ის საპარლამენტო ასამბლეიდან გასვლის პროცედურა დაიწყო. დღეისათვის, ორგანიზაციის ვებგვერდზე მოლდოვა ჯერ კიდევ წევრად არის მითითებული.

დასკვნის მაგიერ

  • ვლადიმერ პუტინის მმართველობის პერიოდში დსთ უფრო ფორმალურ ორგანიზაციად იქცა, რომელიც ერთი-ერთზე კომუნიკაციისა და წევრი ქვეყნების ლიდერების საერთო სურათის გადაღების შესაძლებლობას იძლევა. პუტინის ხანაში რეგიონული ინტეგრაციული პროექტებიდან უფრო მეტი აქცენტი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაზე კეთდებოდა, სადაც მხოლოდ ის ქვეყნები არიან გაერთიანებული, რომლებზეც რუსეთს დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს.
  • ყველა ის ქვეყანა, რომელმაც დსთ-ის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, პროდასავლური სახელმწიფოა, რომელიც ევროკავშირში და/ან ნატოში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის და რუსეთთან იომა, ომშია ან რუსეთისგან სამხედრო საფრთხეს გრძნობს. ამ ქვეყნებისთვის დსთ-ის დატოვება უფრო პოლიტიკური და სიმბოლური ნაბიჯი და გზავნილია, რომ აღარ სურთ ისეთი ორგანიზაციის წევრობა, სადაც მთავარი სიტყვა მოსკოვს ეკუთვნის.

მსგავსი/Related

Back to top button