skip to content
ახალი ამბები

ყოფილმა წამყვანმა „რუსთავი 2-ს“ სასამართლო დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი და „მთავარი არხის“ მოქმედი წამყვანის, დიკო ჯოჯუას სარჩელი და „რუსთავი 2-ს“ ჟურნალისტისთვის განაცდური ხელფასისა და კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TIG) ავრცელებს, რომელიც სასამართლოში ჯოჯუას ინტერესებს იცავდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტმა თეო ზაქარაშვილმა „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრა, რომ მოსარჩელე ტელეკომპანიისგან ბოლო ერთი თვის გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვდა და სასამართლომ მათი სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. ზაქარაშვილის განმარტებით, ჯოჯუასთვის გადასახდელი თანხის ოდენობას ვერ დაასახელებს, რადგანაც ინფორმაცია კონფიდენციალურია. რაც შეეხება კომპენსაციას, „რუსთავი 2-მა“ ყოფილ წამყვანს პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად ხელფასის ოდენობის 0.07% უნდა გადაუხადოს, გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე.


დიანა ჯოჯუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2019 წლის აგვისტოს ბოლოს, მას შემდეგ დატოვა, რაც არხზე მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ, ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, პოლიტიკური ტოქ-შოუების წამყვანები – გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე, ასევე გასართობი გადაცემა „ნანუკას შოუს“ ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სამსახურიდან გაათავისუფლა.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button