skip to content
ახალი ამბები

მაჟორიტარული ოლქების შეცვლაზე კანონს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ 23 დეკემბერს მიღებულ, როგორც მან დაახასიათა „ტექნიკურ“ ცვლილებებს, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარული ოლქების ახლებურად ფორმირებას განსაზღვრავს.

თუმცა, იმავდროულად, მან 8 იანვარს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ცვლილებები „არანაირად არ არის საარჩევნო რეფორმა“ და პოლიტიკურ სპექტრს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად აქტიური კონსულტაციებისკენ მოუწოდა.

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლის ფარგლებშიც 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატი პროპორციული წესით, ხოლო 73 მაჟორიტარი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში აირჩევა.

ოპოზიციური პარტიები და ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები სისტემის მაჟორიტარული კომპონენტის გაუქმებას 200 ათას ამომრჩეველზე მეტის ხელმოწერილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეშვეობით 2016 წლის არჩევნებისთვის ითხოვენ, თუმცა ქართული ოცნების მმართველი კოალიცია ამ წინადადების გაზიარებას მხოლოდ პოსტ-საარჩევნოდ, 2020 წლის არჩევნებისთვის თანხმდება კონსტიტუციაში იმ ცვლილების პროექტით, რომელიც ასევე ინიცირებულია.

„რეფორმა, რომელიც პოლიტიკურ აქტორებს შორის სრულ თანხმობას და თამაშის წესებზე ერთიან შეხედულებას დაადგენდა, ჯერ ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა პრეზიდენტმა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

„ფაქტიურად მთელი პოლიტიკური სპექტრი – როგორც ოპოზიციური პარტიები, ასევე სამთავრობო კოალიცია  – ჩამოყალიბდა იმ შეხედულებაზე, თუ რა არის საუკეთესო ქართული საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად და პასუხი ამ თვალსაზრისით არის ნათელი, რომ საუკეთესო არის პროპორციულ სისტემაზე ქვეყნის გადაყვანა. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რა ვადები არის ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ვადებზე ყველა დანარჩენი აქტორებისგან „განსხვავებული პოზიცია“ აქვს მხოლოდ მმართველ კოალიციას, რომელიც ამ ცვლილებას 2020 წლისთვის გეგმავს.

მისი თქმით, „მთლად არგუმენტირებული“ არ არის და მისთვის „გაუგებარია“, თუ „რატომ უნდა გადავდოთ ის, რაზეც ვთანხმდებით ყველა რომ კარგია და მისაღებია, კიდევ ოთხი წლით“. 

„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ უფრო ინტენსიური კონსულტაციების მეშვეობით მივიდნენ ერთობლივ თანხმობამდე ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. 

საარჩევნო სისტემის შეცვლას საკონსტიტუციო ცვლილებები ესაჭიროება, რასაც სულ ცოტა 113-მა დეპუტატმა უნდა დაუჭიროს მხარი სამი მოსმენით, ორ თანმიმდევრულ სესიაზე. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს არ დაუჭერენ როგორ უმრავლესობის, ისე უმცირესობის დეპუტატები.

კითხვაზე, თუკი საარჩევნო რეფორმის საკითხებზე ასეთი პოზიცია აქვს, რატომ არ გამოიყენა მან ვეტოს უფლება საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებზე, პრეზიდენტმა უპასუხა: „იმიტომ, რომ ეს კანონი ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნა წარმოდგენილი… ეს არის სწორად დაწერილი კანონი იმ მოთხოვნების საფუძველზე, რომელიც წარმოადგინა საკონსტიტუციო სასამართლომ; ეს არ არის საარჩევნო რეფორმა, მაგრამ იმ კონტექსტში, რომელშიც ეს ცვლილებები იქნა წარმოდგენილი,  ეს არის ადეკვატური კანონი“.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი ეს კანონი, რომელიც ძალაში საკანონმდებლო მაცნეში მისი გამოქვეყნების შემდეგ შევა, 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქის იმგვარად ფორმირებას ითვალისწინებს, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ერთმანეთს ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით მეტ-ნაკლებად გაუთანაბრდნენ.

ამასთან, პრეზიდენტის ხელმოწერით 29 დეკემბრიდან ძალაშია საარჩევნო კოდექსში ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ცალკე ცვლილებები, რომლითაც მაჟორიტარის ასარჩევად 30%-იანი ბარიერი 50%-მდე გაიზარდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button