
სააკაშვილი: ”რუსეთის აგრესიული გეგმების განხორციელება შეუძლებელია”
მას შემდეგ, რაც 14 მარტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედის” დადგმულ რეპორტაჟში ასახული სცენარი რუსეთთან ვითომდა განახლებული ომის შესახებ ”მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან”, უკვე 15 მარტს მან აღნიშნა, რომ რუსეთის ”აგრესიული გეგმების” რეალიზების შესაძლებლობა არარეალურია.
14 მარტს სააკაშვილმა ტელეკომპანია ”იმედი” იმის გამო გააკრიტიკა, რომ ამ უკანასკნელმა ფილმის მსვლელობისას ეკრანზე არ გააკეთა გამაფრთხილებელი ტიტრი, რომ ეს იყო იმიტაცია. თუმცა სატელევიზიო გამოსვლაში მან იქვე დასძინა: ”მაგრამ მთავარი უსიამოვნება – და მინდა, რომ ეს ყველამ კარგად გააცნობიეროს – გუშინდელი რეპორტაჟის იყო იმაში, რომ ეს რეპორტაჟი მაქსიმალურად ახლოს იყო რეალობასთან, მაქსიმალურად ახლოს იყო იმასთან, რაც შეიძლება რეალურად მოხდეს, ან რაც აქვს თავის ტვინში საქართველოს მტერს.”
15 მარტს გავრცელებულ წერილობით განცხადებაში პრეზიდენტი სააკაშვილი უფრო მკაფიოდ გმობს დადგმულ რეპორტაჟს და აცხადებს, რომ ფილმი ”შეიცავდა უსაგნო და უმიზნო აჟიოტაჟის შექმნის მცდელობის ელემენტებს”.
პრეზიდენტის აზრით, ფილმი ამ სახითა და შინაარსით იყო ”არაფრის მომტანი და მავნეც ჩვენი საზოგადოებისათვის.”
”შაბათის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საჭიროა ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, დაიცავს მედიის მიერ თავისუფალი აზრის გამოხატვის პრინციპს, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცავს საზოგადოებას უპასუხისმგებლო ჟურნალისტიკისა და ჟურნალისტებისაგან,” – ნათქვამია განცხადებაში.
”მიუხედავად იმისა, რომ ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ჯერაც მუშავდება სხვადასხვა აგრესიული გეგმები, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა, საზოგადოების კონსოლიდაციის დონე და საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ძალიან არარეალურად აქცევს ამ გემების ფართომასშტაბიანი განხორციელების შესაძლებლობას,” – ნათქვამია განცხადებაში.
15 მარტს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ უარყო ბრალდებები, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს, ან ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია რეპორტაჟის შესახებ ან რაიმე საერთო აქვს მასთან.
”საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიპყრობილი უნდა იყოს და არის კიდეც ისეთი რეალური ფაქტების მიმართ, როგორიც არის რუსეთის მიერ ოკუპაცია, ეთნიკური წმენდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობა, რუსეთის მიერ საქართველოს არჩეული ხელისუფლების დამხობის მიმართ დაწყებული ღია ქმედებები და ე.წ. გავლენის სფეროების აღდგენის მცდელობა და არა ამა თუ იმ ტელევიზიის მიერ მომზადებული ჟურნალისტური სტანდარტების თუნდაც უხეშ დარღვევებზე ყურადღების კონცენტრირება,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ, სააკაშვილის დიდი ხნის მოკავშირემ, რომელმაც ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ რეპორტაჟმა ”შოკი” გამოიწვია, განაცხადა, რომ რეპორტაჟის მიზანი არ ყოფილა საზოგადოების დაშინება, არამედ იგი მიზნად ისახავდა ”ღიად და ნათლად” ეჩვენებინა, თუ ”რა საფრთხეების წინაშე დგას ქვეყანა”.
”აბსურდია” ის განცხადებები, რომ პრეზიდენტი ”ჩართული” და ”საქმის კურსში” იყო ტელეკომპანია ”იმედის” მიერ დადგმულ რეპორტაჟთან დაკავშირებით, განაცხადა სააკაშვილის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
”თუკი ლოგიკურად ვიმსჯელებთ, გადაცემის შედეგად გამოწვეული პანიკით და რეაქციით სწორედ ხელისუფლებას მიადგა ზიანი,”- განაცხადა მან 15 მარტს საგანგებო ბრიფინგზე, ”საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ხელისუფლებას მედიის კონტროლის ასეთი ბერკეტი არ აქვს და ეს რომ ასე არ იყოს და მთავრობა მართლა ახორციელებდეს ცენზურას, რაც დაუშვებელია, მაშინ სწორედ ხელისუფლება იქნებოდა დაინტერესებული რომ ჩარეულიყო და ეს გადაცემა ეთერში არ გასულიყო”.