skip to content
ახალი ამბები

თბილისი მოუწოდებს მოსკოვს თავი შეიკავოს ძალის დემონსტრირებისაგან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის მხარეს თავი შეიკავოს ნებისმიერი საზღვაო, საჰაერო თუ სახმელეთო ძალის დემონსტრირებისგან, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ.


თბილისის ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს სამხედრო წვრთნების ჩატარებას საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ტერიტორიულ ზღვასთან უშუალო სიახლოვეს.


“აღნიშნული წვრთნების ჩატარებისათვის განსაზღვრული ზონა ზღუდავს შავ ზღვაზე საქართველოს საზღვაო პორტების ფუნქციონირებას (ბათუმი, ფოთი, სუფსა), რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ინტერესებს“, – აცხადებს საგარეო უწყება და აქვე დასძენს, რომ აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისოდ დამკვიდრებულ პრაქტიკას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.


ქართული მხარე აღნიშნული საზღვაო წვრთნების შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button