
ნოღაიდელი სალარო აპარატებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ მიდის
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 9 მარტს ოპოზიციონერ პარლამენტარებს განუცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილება სალარო აპარატებთან დაკავშირებით არ შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრი ოთხ დეპუტატს “დემოკრატიული ფრონტიდან“ კობა დავითაშვილს, ზვიად ძიძიგურს, ბიძინა გუჯაბიძეს და ბეჟან გუნავას თავის კაბინეტში 9 მარტს გვიან ღამით მას შემდეგ შეხვდა, რაც ამ დეპუტატებმა მასთან შეხვედრის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს.
“გადაწყვეტილება მიღებულია და ის არ შეიცვლება“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტარებს ხანმოკლე შეხვედრის დროს.
მისი თქმით, ის ფიქსირებული გადასახადები, რომლებსაც მოვაჭრეები მანამდე იხდიდნენ, ბიუჯეტამდე ვერ აღწევდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბაზრობებზე სიტუაცია უნდა შეიცვალოს სალარო აპარატების მეშვეობით.
9 მარტს პარლამენტის წინ, ხოლო შემდეგ კანცელარიის წინ საპროტესტო აქციის 3 000-მდე მონაწილე შეიკრიბა. ისინი სალარო აპარატების შემოღების შესახებ კანონის გაუქმებას ან თუნდაც გადავადებას მოითხოვდნენ. ამ კანონის თანახმად, იმ მოვაჭრეებს, რომელთაც 1 მარტიდან სალარო აპარატები არ ექნებათ, 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
“ეს არ არის ის მთავრობა, რომელთანაც ასეთი [ქუჩის საპროტესტო აქციების გზით] ლაპარაკია შესაძლებელი“, – განაცხადა ნოღაიდელმა დეპუტატებთან შეხვედრაზე.
“ვერ ვხედავ ჩვენი დიალოგის გაგრძელების მიზეზს“, -დასძინა მან.
“რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრისგან არის ის, რომ ხელისუფლებას არ სურს ხალხთან დიალოგი… ჩვენ განვაგრძობთ საპროტესტო აქციებს“, – განუცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს.
საპროტესტო აქციის მონაწილენი აქციის გაგრძელებას 10 მარტს გეგმავენ.