skip to content
ახალი ამბები

რუს სამშვიდობოებთან აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი ინციდენტი განიმუხტა

მას შემდეგ, რაც 22 მარტს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში, გალის რაიონში დისლოცირებულმა რუსმა სამშვიდობოებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში ქართულ მხარესთან შეუთანხმერბლად 7 ერთეული ჯავშანტექნიკა განალაგეს, სიტუაცია დაიძაბა, თუმცა მოგვიანებით ვითარება განიმუხტა.  მცირე ინციდენტს ასევე ადგილი ჰქონდა გალის რაიონის სოფელ ოტობაიაშიც.


როგორც ერთ–ერთმა რუსმა სამშვიდობომ,  პოლკოვნიკმა ალექსანდრე კაზანცევმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათი ზუგდიდის მიმართულებით გააადგილება განმუხურში განლაგებული “ქართული საგუშაგოს კანონიერების გარკვევის“ მიზანს ემსახურებოდა.  


სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის გიგი უგულავას განმარტებით, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა რუსმა სამშვიდობოებმა განმუხურში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ქვედანაყოფის საგუშაგოზე ქართველი სამართალდამცავებისგან საბუთები და იარაღის დაყრა მოითხოვეს. მომხდართან დაკავშირებით გიგი უგულავა ტელეფონით ესაუბრა სამშვიდობო ძალების მეთაურს გენერალ ვიქტორ ვოლოშინს.


“შევთანხმდით, რომ ჯავშანტექნიკა დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება. ჩვენი საგუშაგოების მიმართ პრეტენზიები უსაფუძვლოა. შევთანხმდით ასევე, რომ მსგავს შემთხვევებში შეთანხმებულად ვიმოქმედებთ“, განაცხადა გიგი უგულავამ ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის ეთერში.


21 მარტს ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელ განმუხურში გალის რაიონში დისლოცირებული რუსული სამშვიდობო ძალების ერთი ოფიცერი და სამი ჯარისკაცი უკანონო გადაადგილების გამო დააკავეს. თუმცა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაკავებულები სამშვიდობოები იყვნენ, ისინი გაათავისუფლეს. უგულავა რუსი სამშვიდობოების დღევანდელ მოქმედებას აღნიშნულ ინციდენტს უკავშირებს.


ასევე მისი ინფორმაციით, დღეს სოფელ ოტობაიაში აფხაზურმა პოლიციამ  ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა სკოლის შენობაში “დაშინების მიზნით შეყარა, თუმცა ამ დროისთვის ვითარება იქაც განმუხტულია“, დასძენს უგულავა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button