
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს ესტუმრა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი 10-11 ნოემბერს საქართველოს ესტუმრნენ და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა პირველი შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართეს.
გიორგი ბურჯანაძემ სამოქალაქო საზოგადოების ფონდიდან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საუბარი შეეხო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას, სასამართლო სისტემას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიაზე მოქმედ კანონმდებლობას და ყველა იმ საკითხს, რომელიც „ქართული დემოკრატიის უკუსვლას იწვევს“.
დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ სამი ძირითადი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო/ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებს, სადაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გეგმებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
11 ნოემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდნენ.
პარლამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს, სადავო კანონმდებლობას, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს და მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში ძირითადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილ სარჩელს.
This post is also available in: English