ახალი ამბები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია კონსენსუსით მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ 8 ოქტომბერს კონსენსუსით მიიღო რეზოლუცია „საქართველოსთან თანამშრომლობის“ შესახებ, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმებისთვის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებზე „დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომის“ უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა მიმდინარე დარღვევებს და ჰუმანიტარულ წუხილებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში. გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის გამო.

„რეზოლუციის კონსენსუსით მიღებით, ადამიანის უფლებათა საბჭომ გამოხატა უპრეცედენტო მხარდაჭერა საქართველოსადმი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ რეზოლუცია, რომელსაც საქართველო 2017 წლიდან წარადგენს და რომლის მთავარ თემას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობა წარმოადგენს, პირველად გავიდა კონსენსუსით.

„17 წლის განმავლობაში, რუსეთის უკანონო სამხედრო კონტროლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს და ართმევდა ეთნიკურ ქართველებს მათ ძირითად ადამიანის უფლებებს. ეს ოკუპაცია უნდა დასრულდეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ რეზოლუციასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English

Back to top button