skip to content
ახალი ამბები

გაეროს ექსპერტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გამოყენების გამოძიებისკენ მოუწოდებენ

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „გამოიძიოს ბრალდებები სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის მუშაკების თვითნებური დაკავების შესახებ“ 2024 წლის ნოემბრისა და დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს და „მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის თავიდან ასაცილებლად“. მათი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას წერილობით მიმართეს და სიტუაციას ყურადღებით დააკვირდებიან.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 28 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში, გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ „ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუშვებს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების ჩატარებას, საერთაშორისო სტანდარტებით“. მათ ასევე დასძინეს, რომ „ნებისმიერი თვითნებურად დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან, ხოლო მათ, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება, ის უნდა მიიღოს“.

გაეროს ექსპერტებმა ასევე მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს უსაფრთხოების ძალების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პირთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა  „მთავარ პრიორიტეტად“ უნდა დარჩეს.

მათი თქმით, არსებობს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამღიზიანებლები. „გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი დაშავდა, უჩვეულოდ მაღალმა რაოდენობამ კი თავისა და სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო“, – განაცხადეს ექსპერტებმა.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია მიზანმიმართული ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ მშვიდობიანი მომიტინგეების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ როგორც სამართალდამცავი ორგანოების, ისევე ფორმისა და საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან“, – აღნიშნეს ექსპერტებმა.

განცხადებაში ხაზგასმულია ცნობები დაკავების დროს პოლიციის სისასტიკის, ასევე დაკავებულების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმისა და იურიდიულის დახმარების ან ოჯახთან დაკავშირების შეზღუდვის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბოლო თვეებში გავრცელებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „დღემდე, ამ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია, მაშინ როცა ბევრი მომიტინგე პატიმრობაში რჩება“.

ექსპერტები აცხადებენ, რომ „უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის ნებისმიერი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილის, ასევე დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს და მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.

„ჩვენ ვთხოვთ ხელისუფლებას ინფორმაცია მოგვაწოდოს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აღკვეთის მიზნით მიღებული კონკრეტული ზომების შესახებ, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებების დროს და დაკავების ადგილებში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button