We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია შემზღუდველი კანონების აღსრულების ახალი ეტაპის შესახებ იტყობინება

30-მდე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათ ანტიკორუფციული ბიუროდან შემოწმების მოთხოვნები მიიღეს გრანტების შესახებ კანონის შესაბამისად, რასაც ისინი ხელისუფლების მხრიდან მათი „დევნისა და ზეწოლის“ ახალ ტალღას უწოდებენ.

„ანტიკორუფციული ბიუროს ქმედებები წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციების დევნისა და ზეწოლის ერთიანი პროცესის ნაწილს. მისი მიზანია, რომ ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ვეღარ შეძლონ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად გაგრძელება და საზოგადოების ინტერესების დაცვა“, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

ბიურო ორგანიზაციებისგან მოითხოვს 2025 წლის 16 აპრილის შემდეგ პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კატეგორიის მოცულობით ინფორმაციას მაშინ, როცა „გრანტების შესახებ“ კანონის რეპრესიული ცვლილებები 17 აპრილს შევიდა ძალაში.

ორგანიზაციების თქმით, მათ მათ ბიუროს წერილობით განუმარტეს, რომ ის არღვევდა „გრანტების შესახებ“ კანონს და ასევე აცნობეს, რომ კანონში შესული რეპრესიული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ არ ჰქონდათ მიღებული ახალი საგრანტო ხელშეკრულებები და არც ძველ ხელშეკრულებებში შეუტანიათ ცვლილებები. შესაბამისად, მათზე „გრანტების შესახებ“ კანონით დადგენილი მონიტორინგის პროცესის დაწყება უკანონო იყო.

„უკანონოდ დაწყებული მონიტორინგის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას და სამართლებრივ ბრძოლას რეპრესიული კანონების აღსრულების შესაჩერებლად“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English

Back to top button