ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 10 ივნისს, მის სისტემაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

საპატრულო პოლიციის სანქცირებული უფროსი ვაჟა სირაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. მან ამ პოსტზე ლაშა გოგნიაშვილი შეცვალა.

თეიმურაზ კუპატაძე, რომელიც 2022 წლიდან ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

ლაშა გოგნიაშვილი, რომელიც თბილისში ვაჟა სირაძემ ჩაანაცვლა,  კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან კვიციანი დაინიშნა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი იმერეთის პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება“, – განაცხადა შსს-მ.

This post is also available in: English

Back to top button