skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ლიეტუვის პარლამენტს: საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო „ეგზისტენციალური გამოწვევის“ წინაშე დგას, ვინაიდან მმართველი პარტია დემოკრატიულ ინსტიტუტებს ანადგურებს. მან ევროპას სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა, სანამ საქართველო რუსული გავლენის ქვეშ არ მოექცა,  რადგან „გამოწვევები სცილდება ქართული ექსპერიმენტის ფარგლებს”.

„საქართველოში კრიზისი არჩევნების გაყალბებას გასცდა, ეს უბრალოდ პოლიტიკური კრიზისი აღარ არის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა 25 მარტს ლიეტუვის პარლამენტში გამოსვლისას. „ჩვენ სრულიად სხვა სახის გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომელსაც მხოლოდ ეგზისტენციალური გამოწვევა შეგვიძლია ვუწოდოთ“.

მან პირდაპირ მიმართა ევროკავშირსა და ნატოს და განაცხადა, რომ კონტინენტი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდება, თუ საქართველო რუსეთის კონტროლის ქვეშ მოექცევა. „ევროპამ ახლა უნდა იმოქმედოს“, – განაცხადა მან. „თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საქართველო ისევ რუსეთის ხელში ჩავარდეს, ეს არ იქნება მხოლოდ ჩემი ქვეყნის ტრაგედია, ეს იქნება სტრატეგიული კატასტროფა ევროპისთვის. ეს დაამტკიცებს, რომ რუსეთს აღარ სჭირდება სამხედრო აგრესია, სამხედრო შემოჭრა დასახული მიზნების მისაღწევად“.

რუსული კოშმარი ბრუნდება“

ლიეტუვის პარლამენტში გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ ქვეყნის დემოკრატიული პროგრესის შეჩერებასა და მმართველობის რუსეთის ავტორიტარულ მოდელზე გადაყვანაში დაადანაშაულა.

„მმართველი პარტია… მოულოდნელად, გასული წლის 28 ნოემბერს იღებს გადაწყვეტილებას, რომ უარი თქვას საკუთარ დაპირებებზე… უბიძგებს საქართველოს რუსული გავლენისა და ავტორიტარული მმართველობისკენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ხელისუფლება პრო-ევროპულ ვალდებულებებზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა და გააფრთხილა, რომ არსებობს რისკი, რომ საქართველო უფრო მეტად მოექცევა მოსკოვის გავლენის ქვეშ. „რუსული კოშმარი, რომელიც გვეგონა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ წარსულს ჩავაბარეთ, კვლავ ბრუნდება XXI საუკუნეში“.

ზურაბიშვილმა ასევე დაგმო ხელისუფლების მიერ განსხვავებული აზრის ჩახშობა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებს, სტუდენტებს, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს უსამართლოდ აკავებენ. „დღეს საქართველოში ჩვენ ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი“, – აღნიშნა მან.

მან ხელისუფლება სასამართლოს და პოლიციის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა და ამის მაგალითად მშვიდობიანი მომიტინგეების დაკავება, 11 დაკავებულის დღევანდელი სასამართლო პროცესი და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება მოიყვანა. „ისინი ჩვეულებრივი მოქალაქეები არიან, რომლებსაც სწამთ თავისუფლების, თუმცა დღევანდელ საქართველოში დემოკრატიის რწმენაც კი საკმარისია, რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდე”, – განაცხადა მან.

ფინანსური სანქციები და რეპრესიები, როგორც „ქართული ოცნების“ „ერთადერთი პოლიტიკა“

ზურაბიშვილმა დაგმო რეპრესიების ფინანსური შედეგები და განაცხადა, რომ მკაცრი ფულადი ჯარიმები აქტივისტებისა და მათი ოჯახების დასასუსტებლად გამოიყენება. „ეს შეგნებულად კეთდება აქტივისტებისა და მათი ოჯახების ფინანსურად გასატეხად“, – განაცხადა მან და განმარტა, რომ საშუალო ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით, ჯარიმები მძიმე ტვირთად აწვება ოჯახებს.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია აღარ მართავს ქვეყანას, არამედ მთლიანად წინააღმდეგობის ჩახშობაზეა ორიენტირებული. „არ არსებობს ეკონომიკური პოლიტიკა, არ არსებობს საგარეო პოლიტიკა… რეპრესიები ერთადერთ და ექსკლუზიურ პოლიტიკად იქცა“, – აღნიშნა მან. „ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიის ეროზია – ეს არის მისი სისტემატური ნგრევა, რასაც თან ახლავს სახელმწიფოს დე ფაქტო განადგურება“.

მან გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ აშშ-ის მსგავსი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) შემოიღოს, რომელიც ამჟამად არსებულ კანონს ჩაანაცვლებს. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია „შემბოჭველ შეზღუდვებს“ აწყდებიან, „მსგავსად, რუსეთში არსებული პუტინის სამარცხვინო „უცხოური აგენტების“ კანონისა, რომელიც კიდევ უფრო გამკაცრდება ე.წ. ამერიკული მოდელის „FARA“-თი, რომელსაც, როგორც ხვდებით, არაფერი აქვს საერთო ამერიკულ მოდელთან“.

პრეზიდენტმა მმართველი პარტია დამოუკიდებელი ინსტიტუტების ნგრევაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ერთმა პარტიამ, რეალურად ერთი კაცის მმართველობამ აიღო კონტროლი სახელმწიფოზე, პოლიტიკაზე, სოციალურ ცხოვრებაზე. თავად საქართველოს დამოუკიდებლობაა ალყაში!“

„აქამდე, „დე ფაქტო არაღიარების“ მიღმა, ევროკავშირმა უნდა გამოხატოს მეტი მხარდაჭერა იმისთვის, რაც ერთადერთი სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავალია არსებული დაპირისპირებიდან, მმართველ პარტიასა და პროტესტს შორის, რომელიც მეხუთე თვეა მიმდინარეობს: ახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ამის ალტერნატივა არ არსებობს, არ არსებობს მშვიდობიანი ალტერნატივა და სტაბილურობა“, – დასძინა პრეზიდენტმა.

სტრატეგიული გამოცდა ევროპისთვის

ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს კრიზისი კრემლის მხრიდან უფრო დიდი გეოპოლიტიკური საფრთხის ნაწილია. „ეს გამოცდაა თავად ევროპისთვის. ჩემს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ბევრად უფრო დიდი გეგმის ნაწილია – მოსკოვის მიერ ორკესტრირებული გეგმის ნაწილი, რათა აღადგინოს თავისი კონტროლი შავ ზღვაზე, კავკასიაზე და ევროპის მიერ ცენტრალურ აზიაზე წვდომაზეც კი“, – აღნიშნა მან.

ზურაბიშვილმა ასევე გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების დაბლოკვა, როგორიცაა ანაკლიის საზღვაო პორტი. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი – ჩვენი შანსი, შეგვექმნა რუსული კონტროლისგან დამოუკიდებელი სავაჭრო დერეფანი, დაბლოკა ამ პრორუსულმა მმართველმა პარტიამ, ხოლო ჩინეთს გზა გაუხსნა საკვანძო ინფრასტრუქტურის კონტროლზე“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა მოუწოდა ევროკავშირსა და ნატოს, უფრო ახლოდან დააკვირდნენ რეჟიმის მხარდამჭერ ფინანსურ ქსელებს, „რომლებიც დღეს რუსეთს ეხმარება, რომ საქართველო სანქციების თავიდან არიდების ცენტრად აქციოს“. მისი თქმით, „ოფშორული კანონის“ მიღება, რომელიც „თითქმის შეუმჩნეველი დარჩა ევროპული ხელისუფლებისთვის, რეალურად, პირდაპირი გამოწვევაა არა მხოლოდ გვერდის ავლის პოლიტიკისათვის, არამედ იგი საქართველოს რეალურად გარდაქმნის ნაცრისფერ ზონად, სადაც სანქცირებული ოლიგარქები და ყველა სახის არალეგალური საქმე შეიძლება განვითარდეს სამართლებრივი შეზღუდვების გარეშე“.

„ევროკავშირი ვერ დარჩება პასიური“, – აღნიშნა მან. „თუ ჩვენ ერთად ვერ ვიპოვით ამ ალტერნატივას, ეს ნიშნავს, რომ ან საქართველო გადაიქცევა მთლიანად რუსულ მოდელად, და ამით ევროპა პოლიტიკურ წარუმატებლობას განიცდის მსოფლიოს იმ ნაწილში, სადაც ათწლეულების განმავლობაში იყო ევროპის ჩართულობა და იხარჯებოდა ევროპის რესურსები, ან საფრთხე იქნება სიმყიფე და არასტაბილურობა, რაც ასეთი ხანგრძლივი ღრმა და მოუგვარებელი კრიზისის ჩვეულებრივი დასასრულია ხოლმე“.

შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია

ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სასწორზე არა მხოლოდ საქართველოს მომავალი დევს. „ეს ჩემი გზავნილი არ არის მხოლოდ საქართველოს დაცვა – ეს არის ევროპის სტრატეგიული მომავლისა და საკუთარი იდენტობის დაცვა“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, აუცილებელია შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის წვდომას ცენტრალურ აზიაზე, აძლიერებს ნატოს ყოფნას და ბლოკავს რუსეთისა და ჩინეთის ექსპანსიას რეგიონში. „ასეთ სტრატეგიას სჭირდება პარტნიორი და ერთადერთი ხელმისაწვდომი პარტნიორი არის სტაბილური და დემოკრატიული საქართველო, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს იმ გზას, რომელსაც ახლა მეზობელი სომხეთი გადის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი ხსნის გზას უფრო ძლიერი და მშვიდობიანი კავკასიისკენ, რომელსაც კვლავ სჭირდება, რომ საქართველომ თავისი პოზიციები დაიკავოს და ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ძლიერი საყრდენი იყოს, როგორც ეს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში იყო“.

მან ასევე გააფრთხილა, რომ წარუმატებლობა საქართველოში გავლენას მოახდენს ევროკავშირის სანდოობაზე. „თუ ევროპა… ვერ პოულობს გზებს, რომ ჰქონდეს ბერკეტები პატარა ქვეყანაზე, მასიურად პროევროპული მოსახლეობით… მაშინ გამოწვევა ბევრად სცილდება საქართველოს და გავლენას ახდენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სანდოობაზე“.


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვას ბალტიის ქვეყნებში დაწყებული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას, პარლამენტის სპიკერს საულიუს სკვერნელისს, ვიცე-სპიკერს რადვილე მორკუნაიტეს და რამდენიმე დეპუტატს, მათ შორის ლაურინას კასიუნასს, ჟიგიმანტას პავილიონისს და ინგრიდა შიმონიტეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button