
კობახიძე გლობალური ომის პარტიას და ‘დიფ სთეითს’ „პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევისთვის“ წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებს
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკრიტიკა ის ადამიანები, რომელთაც „პრეზიდენტი ტრამპი და მისი სამშვიდობო ძალისხმევა ერთმანეთის მიყოლებით დაგმეს“ და რომლებიც „პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ სისხლისმღვრელი ომი დაუშვეს და უკრაინა და ათასობით უკრაინელის სიცოცხლე ცივსისხლიანად გაწირეს“.
გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ შესახებ მმართველი პარტიის ცნობილი კონსპირაციული თეორიების მოშველიებით, კობახიძემ განაცხადა, 28 თებერვალს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე საუბრისას, რომ „ბრძოლა ომის პარტიასა და მშვიდობის მოსურნე ძალებს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის“. „დავიტოვოთ იმედი, რომ ეს ბრძოლა მშვიდობის გამარჯვებით დასრულდება“, – აღნიშნა მან.
„გლობალურმა ომის პარტიამ პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ მყისიერად დაამობილიზა ჩვენთვის კარგად ნაცნობი სპიკერები – ჯინ შაჰინით დაწყებული, ბრიუსელის მრავალრიცხოვანი ჩინოვნიკებით დამთავრებული. მათ არ ჩამორჩნენ არც ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის უკანა ოთახში გადაღებული „სელფებით” იწონებდნენ თავს“, – განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „გლობალური ომის პარტია“ და „დიფ სთეითი“ „ომს ასე მარტივად არ შეელევიან“.
კობახიძემ პრეზიდენტ ტრამპს „გამძლეობა და მხნეობა“ უსურვა „ამ რთულ ბრძოლაში“ და დასძინა, რომ „რაც უფრო ადრე დასრულდება ომი უკრაინაში, მით უფრო ნაკლები უკრაინელის სიცოცხლე გაიწირება და მით უფრო ადრე დაისადგურებს მშვიდობა, მთლიანად, რეგიონში“.
თეთრ სახლში ზელენსკისა და ტრამპს შორის 28 თებერვალს გამართული დაძაბული შეხვედრის შემდეგ დასავლელმა ლიდერებმა – მათ შორის ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა, ასევე კანადის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა – მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ და განაცხადეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში აგრესორი რუსეთია და რომ არავის სურს მშვიდობა უკრაინაზე მეტად.
გასულ კვირას „ქართული ოცნების“ თანაავტორობით აშშ-ის დელეგაციის მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარდგენილი რეზოლუცია უკრაინის შესახებ ნაკლებად აკრიტიკებს რუსეთს, მოსკოვის აგრესიაში დადანაშაულებას თავს არიდებს და კრემლს კონკრეტულ მოთხოვნებს არ უყენებს. რეზოლუციის უკრაინულ ვერსიაზე კენჭისყრას, რომელმაც გაეროს წევრი ქვეყნების აბსოლუტური მხარდაჭერა მიიღო, საქართველოს დელეგაცია არ დასწრებია.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/01/2025 – კობახიძე „დიფ სთეითსა“ და გლობალური ომის პარტიას უკრაინაში ომის გამო ადანაშაულებს
- 08/01/2025 – ქართული ოცნება გამოდის “დიფ სთეითისა”და „გლობალური ომის პარტიის” წინააღმდეგ, განავრცობს კონსპირაციულ თეორიებს
- 26/09/2024 – გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოკუპაციაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრ კობახიძეს რუსეთი არ უხსენებია
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)