
ბათუმში ორი ბავშვის დაღუპვის გამო ხელისუფლებას დაუდევრობაში ადანაშაულებენ
15 თებერვალს, ბათუმში, სოციალური პროექტის „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა. დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების მიუხედავად, ტერიტორია შემოღობილი არ იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოთხი და ხუთი წლის ბავშვები რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
მოსახლეობა აცხადებს, რომ უსაფრთხოების სტანდარტები არ იყო დაცული, რადგან ახალი მშენებლობის მიზნით დანგრეული ტერიტორია არ იყო შემოღობილი. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ, რომელიც იქ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე, 8 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.
აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილას მივიდა, განაცხადა, რომ ადგილი, სადაც ბავშვები თხრილში ჩავარდნენ, მშენებლობის ტერიტორია არ ყოფილა. „ეს არ არის სამშენებლო ტერიტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ტიპის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდეს“, – განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ტრაგედია მოხდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ მშვიდობა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა მან. მოქალაქეების ნაწილი მას სიტყვიერად დაუპირისპირდა და ეკითხებოდა, რატომ არ იყო შემოღობილი ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ტრაქტორები შეიყვანეს. ფუტკარაძე იმეორებდა, რომ სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა და რომ მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდებოდა.
ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ჯაბა ფუტკარაძისა და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი თავდგირიძის გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელი, როდესაც ჟურნალისტები ტერიტორიის გადაღებას და ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 2020 წელს დაიწყო. პირველი ეტაპი 582 ოჯახის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. მეორე ეტაპზე ცხრა მრავალსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს 1 077 ბინით. პროექტის დასრულება 2028 წელს იგეგმება.
მსგავსი ტრაგედია 25 იანვარს თბილისში მოხდა, რიყის პარკში 16 წლის ბიჭი ღია თხრილში ჩავარდა, რომელიც შემოღობილი არ ყოფილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/10/2022 – „აიღე პასუხისმგებლობა“ – საზოგადოების ნაწილი კახა კალაძის გადადგომას მოითხოვს
- 05/07/2022 – სასამართლომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)