ახალი ამბები

სასამართლომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე სამი პირი დამნაშავედ ცნო და პატიმრობა შეუფარდა.

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 9 პირი დაიღუპა, ხოლო ორმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პირველ სართულზე არსებული ბინის მფლობელმა, ზაურ ბუდაგოვმა სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით და სახელმწიფო ნებართვის გარეშე განახორციელა.

ბუდაგოვს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მის მიერ დაქირავებულ მუშებს, მამა-შვილ ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს სამ-სამი წლით პატიმრობა შეეფარდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, ბუდაგოვს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება, ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა.

რაც შეეხებათ სურმანიძეებს, მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, 124-ე მუხლით და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე ხარისხის დაზიანება გაუფრთხილებლობით, ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) წარედგინათ.

სამივე ბრალდებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობდა და 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანაში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button