skip to content
ახალი ამბები

ძვირადღირებული ნახატების იმპორტი ივანიშვილის მიერ ოფშორული კანონით სარგებლობის ეჭვს ბადებს

საქართველოში ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები შემოიტანეს, რაც ბადებს ეჭვს, რომ ისინი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიტანა, სავარაუდოდ, გასულ წელს მიღებული ოფშორული კანონით სარგებლობის შედეგად. კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ დაჩქარებული წესით მიიღო, რიგ საგადასახადო შეღავათებს სთავაზობს კომპანიებს და ინდივიდუალურ პირებს, რომლებიც საკუთარი აქტივების ოფშორიდან საქართველოში გადმოტანას გადაწყვეტენ.

ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, იანვარში საქართველომ 167 600 406 აშშ დოლარის, 252 703 924 აშშ დოლარის და 60 354 000 აშშ დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების სამი პარტია შემოიტანა, ჯამში 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების.  ორი აშშ-დან, ერთი კი დიდი ბრიტანეთიდან გამოიგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ იმპორტიორი უცნობია, ბევრი ეჭვობს, რომ ეს ივანიშვილი იყო, რომელიც სანქცირებულია შეერთებული შტატებისა და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის მიერ და ცნობილია ეგზოტიკური ფლორის, ფაუნისა და ხელოვნების ნიმუშებისადმი სიყვარულით.

გასულ გაზაფხულზე, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გარშემო არსებული არეულობის ფონზე, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, რის შედეგადაც გაუქმდა იმპორტის გადასახადები ოფშორულ აქტივებზე. ამ ფაქტმა გააძლიერა ეჭვები, რომ ცვლილებები სპეციალურად ივანიშვილისთვის განხორციელდა.

„დაიწყო ივანიშვილის მილიარდი დოლარის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების გადმოქაჩვა საქართველოში“, – დაწერა ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა სოციალურ ქსელში. „აი, თუ არ ეშინია ივანიშვილს სანქციების“.

თუ ეჭვები სიმართეა და ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშები ოფშორული ზონებიდან შემოიტანა, „ოფშორის კანონის“ წყალობით, იგი დაახლოებით 85.5 მილიონ აშშ დოლარს დაზოგავს, რადგან კანონის გარეშე მას ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდა მოუწევდა დღგ-ის სახით.  

საქართველოს იმპორტის ზრდა და პარალელურად დღგ-ის მოცულობის შემცირება იანვარში, როგორც ჩანს, ამ ეჭვემს ამართლებს. იმპორტმა იანვარში 1.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 45%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ კონკრეტული შემოტანის გარეშე ის მხოლოდ 1.1 მილიარდი დოლარი იქნებოდა. იმავდროულად, დღგ-ს მოცულობა არ გაიზარდა, არამედ იანვარში 0.9%-ით შემცირდა და დაახლოებით 284 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button