skip to content
ახალი ამბები

საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა 13 თებერვალს რეზოლუცია მიიღო „საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ“. რეზოლუციას 400 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 63-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 81-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს, არ აღიაროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, მის ელიტურ გარემოცვას, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მოსამართლეებს და „რეჟიმთან დაკავშირებულ მედიის მფლობელებს“, და მომავალი ჩართულობის წინაპირობად ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუცია მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ“. მასში ხაზგასმულია, რომ საქართველოს „თვითდანიშნულმა ხელისუფლებამ ქვეყანა სრულფასოვან კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისში შეიყვანა“. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აგრძელებს ფუნდამენტური თავისუფლებების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას, რითაც ძირს უთხრის წლების განმავლობაში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „მიიტაცა“ საქართველო და „ძალაუფლების არაკონსტიტუციური უზურპაცია“ მოახდინა, ამასთან დაანგრია დემოკრატიული ინსტიტუტები, დაარღვია სასამართლო დამოუკიდებლობა და ჩაახშო ფუნდამენტური თავისუფლებები, რითაც „გააღრმავა საქართველოს პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისი“.

„ქართული ოცნების“ არაღიარება და ახალი არჩევნებისკენ მოწოდება

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებმა ყურადღება გაამახვილეს დემოკრატიული უკუსვლის მნიშვნელოვან დაჩქარებაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც, მათი თქმით, „არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებს და არ ასახავდა ხალხის ნებას“, რასაც შედეგად მოყვა „დემოკრატიულ დეგიტიმურობას“ მოკლებული „პარლამენტი“ და „პრეზიდენტი“. ამასთან, „ქართული ოცნების“ პარტიამ პარლამენტი გადააქცია „ერთპარტიულ ორგანოდ“, რაც შეუთავსებელია პლურალისტურ საპარლამენტო დემოკრატიასთან, ნათქვამია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს, უარი თქვამ „ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის“ აღიარებაზე და ასევე მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდეს „საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების“ ბოიკოტის პროცესს. გარდა ამისა, რეზოლუცია ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას „ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისა და მათი სურვილის მიმართ, იცხოვრომ აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში“.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისი შესაძლოა მოგვარდეს მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებით, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან, რათა უზრუნველყუფილი იყოს „სამართლიანი, თავისუფალი და გამჭვირვალე“ პროცესი. რეზოლუციის თანახმად, არჩევნები უნდა ჩატარდეს „მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში“. ევროპარლამენტმა ასევე მოუწოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ოფიციალურ პირებს მოითხოვონ ახალი არჩევნების ჩატარება, როგორც წინაპირობა საქართველოს ხელისუფლებასთან შემდგომი ურთიერთობისთვის.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერა

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი აგრძელებს სალომე ზურაბიშვილის საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარებას. ის მიესალმა მის ძალისხმევას, რომ ქვეყანა „მშვიდობიანად დააბრუნოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული გზისკენ“ და მოუწოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ზურაბიშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მომავალ სამიტზე მიიწვიოს.

სანქციების ყოვლისმომცველი ჩარჩო

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციები დაუწესონ საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური, ბიზნეს და მედია ისტებლიშმენტის სხვადასხვა წარმომადგენლებს. სიის სათავეში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან. ევროპარლამენტი განსაკუთრებით მოუწოდებს ევროკავშირში არსებული ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენ  და ასევე მოუწოდებს საფრანგეთის ხელისუფლებას ჩამოართვას მას საპატიო ლეგიონის ორდენი.

სანქციები ვრცელდება იმ პოლიტიკურ ფიგურებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და არჩევნების გაყალბებაზე. ესენი არიან „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახა კალაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები და „რეჟიმთან დაკავშირებული მედია საშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“, POSTV-ს და „რუსთავი 2“-ის მფლობელები, იმ როლისთვის, რომელიც მათ დეზინფორმაციის გავრცელებაში შეასრულეს.

გარდა ამისა, რეზოლუცია მოითხოვს, რომ სანქციები დაუწესდეთ ივანიშვილის „ხელშემწყობთა ქსელს“, ელიტურ გარემოცვას, კორუმპირებულ ფინანსისტებსა და პროპაგანდისტებს, კერძოდ: შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილის, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

საპროტესტო აქციების დარბევის დაგმობა და მოწოდებები ფინანსური დახმარების გამოყოფისკენ

ევროპარლამენტმა მკაცრად დაგმო 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მომიტინგეების მიმართ „სასტიკი ძალადობა და რეპრესიები“. რეზოლუციაში ხაზგასმულია რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა, მათ შორის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავება. რეზოლუცია ასევე გმობს „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმა, ასევე ოპოზიციის ლიდერების, ელენე ხოშტარიას (12 იანვარს), ნიკა მელიასა და გიგი უგულავას (2 თებერვალს) დაკავებას.

რეზოლუცია ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე განხორციელებულ მზარდ ზეწოლაზე და გმობს პროკურატურის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ 2025 წლის 8 თებერვალს გამოძიების დაწყებას. ამ გამოძიებებს, რომლებიც „საბოტაჟსა“ და „უცხოური ორგანიზაციის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზეა“ ფოკუსირებულია, ევროპარლამენტი განიხილავს, როგორც რეპრესიების მიზანმიმართულ ესკალაციას და სასამართლო სისტემის ბოროტად გამოყენებას.

რეზოლუციის თანახმად, 49 ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატების გაუქმება დემოკრატიული უკუსვლისა და პოლიტიკურ პლურალიზმზე თავდასხმის აშკარა ნიშანია.

რეზოლუცია მოუწოდებს ევროკომისიას გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად მთავრობის მხარდაჭერისთვის იყო განკუთვნილი, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის გასაძლიერებლად გამოყოს, რადგან ისინი „მმართველი პოლიტიკური პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან“. ევროპარლამენტარების აზრით, ეს გადამისამართება გადაუდებლად უნდა მოხდეს, ქვეყანაში მზარდი რეპრესიებისა და USAID-ის საქმიანობის შეჩერების გათვალისწინებით.

ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო გადახედვა

ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკომისიას და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს, „შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული“. მათ ასევე მოუწოდეს ევროკომისიას გადახედოს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებას.

ევროპარლამენტმა ასევე მოითხოვა ჰუმანიტარული მოსაზრებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მისი საზღვარგარეთ მკურნალობისთვის. რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეკისრება „სრული და უდავო პასუხისმგებლობა“ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.

რეზოლუცია ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის, „ქართული ოცნების“ მასთან „დაახლოების პოლიტიკისა“ და “საქართველოს სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების მიმართ მმართველი პარტიის წარმომადგენლობის მზარდი ანტიდასავლური და მტრული რიტორიკის გამო“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button