skip to content
ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე დუბაიში მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად 11-13 თებერვალს დუბაის სტუმრობს, სადაც მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, იგი სიტყვით გამოვიდა სამიტზე და არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს, ასევე თავის ქუვეითელ კოლეგას, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.

 კობახიძის გამოსვლა სამიტზე

11 თებერვალს ღონისძიებაზე გამოსვლისას კობახიძემ ძირითადად „ქართული ოცნების“ მთავრობის „ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის“ შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე საერთაშორისო დაკავშირებადობაში.  მისი თქმით, საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით.

„საქართველო ბუნებრივ კავშირს წარმოადგენს ერთის მხრივ ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო მეორეს მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიასთან. საერთაშორისო დაკავშირებადობა და მარშრუტები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გახდეს მთავარი კვანძი და ციფრული ჰაბი ევროპა-აზიის მიმართულებით. შავი ზღვით ევროკავშირთან საზღვრის გაზიარებით, საქართველო წარმოადგენს ერთადერთ გზას საშუალოვადიან პერიოდში, რომლითაც მონაცემთა დერეფნების განვითარება შეუძლია ევროპას ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში – ევროპას, ცენტრალურ და აღმოსავლეთ აზიას შორის“, – განაცხადა კობახიძემ.

სამიტზე გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში. ჩვენი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის“. არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან ურთიერთობებზე საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საერთო ინტერესებმა და მიზნებმა გააძლიერა ორმხრივი თანამშრომლობა.

„საქართველო, ისევე როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროები, სტრატეგიულ პოზიციას ფლობს და გლობალურ გზაჯვარედინად გვევლინება. საქართველო წარმოადგენს მნიშვნელოვან კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებს საკვანძო როლი აქვს მსოფლიოს ძირითადი რეგიონების დაკავშირებაში“, – განაცხადა მან. „ეს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა ორივე სახელმწიფოს აყალიბებს საერთაშორისო ვაჭრობის, ლოგისტიკისა და გლობალური კავშირების მნიშვნელოვან ცენტრად, რაც აძლიერებს ჩვენს პარტნიორობას და ახალ შესაძლებლობებს ქმნის თანამშრომლობისთვის“. კობახიძის თქმით, კომპანია EMAAR-თან ცოტა ხნის წინ ხელმოწერილი მემორანდუმი, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმევს, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების „პარტნიორობის ერთ-ერთი ბოლო წარმატებული მაგალითია“.

კობახიძემ საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლებიც მოიყვანა და ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე გაამახვილა ყურადღება. „ეფექტური მმართველობისა და წინდახედული პოლიტიკის შედეგად, საქართველომ 2021-2023 წლებში მნიშვნელოვან, 9.7 % ეკონომიკურ ზრდას მიაღწია საშუალოდ. წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.5% შეადგინა“.

ინფლაციის შესახებ საუბრისას, კობახიძემ აღნიშნა, რომ „დაბალი და სტაბილური ინფლაცია ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად შესაძლოა, განპირობებული იყოს პროდუქტიულობისა და პოტენციური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) გაუმჯობესებით“. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ბიზნესისთვის მეგობრული გარემოს შექმნასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებაში.

შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში

შეხვედრა ვიქტორ ორბანთან

ირაკლი კობახიძე თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს 13 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრა ორბანმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაადასტურა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

„კარგი შეხვედრა მქონდა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში. ჩვენ შევთანხმდით უნგრეთი-საქართველოს შემდეგი მთავრობათაშორისი სამიტის ჩატარებაზე ბუდაპეშტში რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ორბანმა.

შეხვედრა ვიცე-პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმთან

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 12 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და დუბაის მმართველს, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო „საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას“. მხარეებმა აღინიშნეს აბუ-დაბიში კობახიძის ვიზიტის ფარგლებში Emaar Properties/Eagle Hills-თან გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობა.

ამავე პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკური თანამშრომლობის „დადებით დინამიკაზე, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებზე“. საუბარი ასევე შეეხო არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი კომპანიების „წარმატებულ“ საინვესტიციო პროექტებს საქართველოში. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა თბილისის მშრალი პორტის პროექტი, რომელიც აბუ-დაბის პორტების ჯგუფის ინვესტიციით ხორციელდება და 2025 წელს დასრულდება.

შეხვედრა ქუვეითის პრემიერ-მინისტრთან აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელა. ამავე ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას. კობახიძემ ქუვეითის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო „ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივებს“.

პრესრელიზის თანახმად, საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს და სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმის, უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სექტორებში ინვესტირების შესაძლებლობებს. „აღინიშნა, რომ ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია და ამ კუთხით ქუვეითის სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაღრმავება პრიორიტეტულია“.

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა: „გადაწყდა პრემიერ-მინისტრების მხრიდან, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი ორივე მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორების ჩართულობით“.


2025 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და გამოწვევებთან გამკლავების ინოვაციურ გზებზე მსჯელობისთვის 6 000 მონაწილე მიიღებს მონაწილებას მთელი მსოფლიოდან. „ქართული ოცნების“ მთავრობის ინფორმაციით,  სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება და მისი პროგრამა ფოკუსირებულია 6 ძირითად თემატურ მიმართულებაზე: ეფექტური მართვა და ანგარიშვალდებულება; მომავლისა და გლობალური ეკონომიკის დაფინანსება; კლიმატი და მდგრადი ქალაქები; ადამიანზე ორიენტირებული მომავალი და შესაძლებლობების განვითარება; გლობალური ჯანმრთელობის ტრანსფორმაცია; განვითარებადი ტენდენციები და მომავალი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button