skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია

„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 6 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ოთხი ახალი წევრი აირჩია. ოთხივე კანდიდატი – ვახტანგ ბურკიაშვილი, ოთარ შამუგია, ნინო ჯელაძე და ლევან ძნელაძე – „ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წარადგინა. „დეპუტატებმა ოთხივე კანდიდატურა, ხმათა უმრავლესობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს“, ნათქვამია პარლამენტის პრესრელიზში.

კენჭისყრის შემდეგ „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, რომ  ეროვნული ბანკი სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ დიდი ხნის განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის „საბოტაჟის“ გამო ვერ ხდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება და „ეროვნულ ბანკს უწევდა ცხრიდან ხუთი წევრით საქმიანობა“.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის 26 ოქტომბრის არჩევნების და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად შევძელით საბოტაჟის დასრულება და ეროვნული ბანკი უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს საქმიანობას“, –  განაცხადა პაპუაშვილმა.

ვინ არიან  საბჭოს ახალი წევრები:

  • ვახტანგ ბურკიაშვილი – ეკონომისტი, ICN Graduate Business School-ის (საფრანგეთი) ბაკალავრის და მაგისტრის წოდებით, 2018 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. BM.Ge-ს ინფორმაციით, ის არის ქართული ოცნების დონორი და იყო ბიძინა ივანიშვილის „საზოგადოება 2030“-ის ანალიტიკოსი. 2016 წელს მან „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა.
  • ოთარ შამუგია – ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ბაკალავრის ხარისხი. „ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს ჯერ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი მინისტრი იყო (2022–2024).
  • ლევან ძნელაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის ფაკულტეტი; დამთავრებული აქვს ასპირანტურა და აქვს დოცენტის ხარისხი; 2020 წლიდან დღემდე, ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსი; იგი ასევე იკავებდა ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილისა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტებს. 2009-2011 წლებში, იგი ბიძინა ივანიშვილის „ქართუს” გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი იყო.  
  • ნინო ჯელაძე – ეკონომისტი, იურისტი და უცხო ენების სპეციალისტი, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2024 წლიდან ეროვნული ბანკის მოქმედი თანამშრომელია, კერძოდ, საზედამხედველო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი. 2003 წლიდან 2021 წლამდე სხვადასხვა თანამდებობა ეკავა პროკრედიტ ბანკსა და პროკრედიტ ჰოლდინგში.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button