უკრაინის გაზსადენი: ომს შეწირული ტრანზიტი
2025 წლის პირველ იანვარს უკრაინის გაზსადენმა სისტემამ ევროპის მიმართულებით რუსული გაზის ბოლო ნაკადი გაატარა. უკვე დილის 8 საათზე, ტრანზიტი სრულად შეწყდა. უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა უამრავ სხვა რამესთან ერთად, რუსული გაზის ტრანზიტიც შეიწირა.
გიორგი ფანიაშვილი საგარეო პოლიტიკს მკვლევარია
საბჭოთა პერიოდში აშენებული გაზსადენები – “Союз,” “Прогресс,” და “Братство” – რომლებიც ჯერ სოციალისტურ ქვეყნებში საბჭოური ენერგეტიკული გავლენის გაღრმავებას ემსახურებოდა, მერე კი დასავლეთ ევროპა “შესვა” იაფ ენერგიაზე, კრემლის გაჩაღებულმა ომმა წარსულის გადმონაშთად აქცია. ეს იმისდა მიუხედავად, რომ რუსული გაზის ტრანზიტი, როგორც უკრაინის, ისე რუსეთისა და ევროპის ეკონომიკურ ინტერესებში შედის. თუმცა სანამ ქვემეხები საუბრობენ, გაზსადენების მშვიდობისმოყვარე დასახელებები ცინუკურად ჟღერს.
ფუჭი აღმოჩნდა მოსკოვის იმედი, რომ რუსული გაზის გარეშე ევროპა გაიყინებოდა. თუმცაღა არც იმ ანალიტიკოსების გათვლა გამართლდა, რომლებიც ამბობდნენ, რომ რუსეთი ტრანზიტის შეჩერებით გამოწვეულ ფინანსურ-ეკონომიკურ ზარალს ვერ გაუძლებდა. გაზის ტრანზიტის შეწყვეტა მყისიერად არ მოხდა, მას ყველა დაინტერესებული მხარე მეტნაკლებად მომზადებული შეხვდა და ცხოვრებაც გაგრძელდა.
რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებული ევროპისა და უკრაინის თემა საქართველოშიც კამათს იწვევდა. მოდით, მიმოვიხილოთ რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შედეგები.
შედეგები ევროკავშირისთვის
2025 წლის პირველი იანვრისთვის, უკრაინის გავლით ევროპისკენ მიმავალი რუსული გაზის ტრანზიტი მხოლოდ 15 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, რომლიდანაც 13 მილიარდს სლოვაკეთი იღებდა, დანარჩენ ორს კი – მოლდოვა. ამგვარად, ევროპის ენერგო ბალანსიდან 15 მილიარდი კუბური მეტრის გაზი ამოვარდა, რაც ბაზარზე მდგომარეობას რა თქმა უნდა არ გააუმჯობესებს, მაგრამ ევროკავშირისთვის საგრძნობ პრობლემას ვერ შექმნის. ამ მოცულობის ამოვარდნამ გაზის ფასი 2024 წლის გაზაფხულთან შედარებით დროებით გააძვირა, მაგრამ ის მაინც ორჯერ დაბალია იმასთან შედარებით, რაც 2022 წლის იანვარში (უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეებში) იყო.
ევროპამ უკვე რამდენიმე წელია რუსულ გაზზე მძიმე დამოკიდებულებას თავი დააღწია – კონტინენტი აშშ-დან და ყატარიდან იმპორტირებულ გათხევადებულ გაზსა და ნორვეგიულ ბუნებრივ აირზე გადაეწყო. როგორც მოგეხსენებათ, “ჩრდილოეთის ნაკადიც” აფეთქებულია და ბელარუსზე გამავალი გაზსადენებიც აგერ უკვე მეხუთე წელია გადაკეტილია. შესაბამისად, სადაც ამ უდიდესი ნაკადების დაკარგვა მოინელა, ევროპისთვის არც დამატებითი 15 მილიარდი კუბური მეტრი წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას.
პროპორციები რომ გავისიგრძეგანოთ: 2023 წელს, რუსული გაზის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 10%-ზე ნაკლები იყო. 2024 წელს, უკრაინული ტრანზიტის წილი დაახლოებით 5%-ს შეადგენდა. შედარებისთვის, 2020 წელს, ევროკავშირის გაზის იმპორტის 40% რუსეთზე მოდიოდა.
თუმცაღა, ეს ზოგადი სურათია. არიან დაზარალებულებიც. ტრანზიტის შეწყვეტით რეალურად იზარალა სლოვაკეთმა, რომელიც მიღებული გაზის ნაწილს ავსტრიაში, უნგრეთსა და იტალიაში უშვებდა, ნაწილს კი, საკუთარ ელექტროგენერაციას მოახმარდა. სლოვაკეთი გაზის ტრანზიტიდან მოსაკრებლების სახით, დაახლოებით 200 მილიონი ევროს ხეირს ნახულობდა, ასევე ზოგჯერ რუსული გაზით წარმოებულ ელექტროენერგიას ექსპორტზე უშვებდა, რაშიც კიდევ დამატებით რამდენიმე ათეულ მილიონ ევროს შოულობდა.
მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა, ფიცოს სლოვაკეთი უგაზოდ არ დარჩენილა, რადგან მათი მიწისქვეშა მარაგებიც სავსეა და არც სამეზობლოშია გაჭირვება. თუმცა ფაქტია, რომ აწი გაზში სლოვაკეთს უფრო ძვირის გადახდა მოუწევს. პატარა სლოვაკეთის პატარა ეკონომიკისთვის ეს მაინც დარტყმაა.
რუსეთი
ევროპული გაზის ბაზარი რუსეთმა ჯერ კიდევ 2022 წელს დაკარგა. 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ერთ დროს უზარმაზარი გაზის ნაკადის მხოლოდ ერთი პატარა ნაკადულია. ამასობაში მოსკოვმაც მოახერხა ახალი ბაზრების მოძიება.
წლევანდელი წლის გეგმით, “გაზპრომი” 38 მილიარდი კუბური მეტრის გაზს ჩინეთში გაიტანს, 25 მილიარდს – თურქეთში, 15 მილიარდს კი, “თურქული ნაკადის” მეშვეობით – ევროპაში. ამგვარად, 15 მილიარდის მოცულობის დანაკარგი, რაც უკრაინული ტრანზიტის გაჩერებას მოჰყვა, 2025 წელს, რუსული საექსპორტო წილის დაახლოებით 16% იქნებოდა. ეს ცოტა არაა. “გაზპრომს” უწევს ხარჯების შემცირება და თავის ოფისებსაც ხურავს მსოფლიოს გარშემო. თუმცა “გაზპრომი” კრემლის თვალში მხოლოდ ბიზნესი არაა, რაც კომერციული კომპანიისთვის სასიკვდილო იქნებოდა, მათთვის ერთი დამატებითი პოლიტიკური თავისტკივილია.
ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინული ტრანზიტის შეწყვეტამ გაზზე ფასები გაზარდა, მათ შორის იმ გაზზე, რასაც რუსეთი ჯერ კიდევ აწვდის ევროპას “თურქული ნაკადის” გავლით, გამოვა, რომ რუსეთის დანაკარგები არც ისე დიდია.
როგორც საქმეში გარკვეული ხალხი პროგნოზირებს, ევროპული ბაზრის გათხევადებულ გაზზე უკვე საფუძვლიანად დაწყებული გადაწყობა, ერთ მშვენიერ დღეს გაზის არსებულ დეფიციტსაც აღმოფხვრის, რაც ფასებსაც დააბალანსებს და რუსულ გაზზე მოთხოვნასაც მინუმუმზე დაიყვანს. საბოლოო ჯამში კი, ამ გადაწყობამ რუსეთს შესაძლოა ევროპის ბაზარი საბოლოოდ დააკარგვინოს, რაც ფინანსური დანაკარგის გარდა, დიდი პოლიტიკური ბერკეტის გაქრობასაც მოასწავებს კრემლისთვის.
უკრაინის დანაკარგები
რუსეთის არ იყო, ტრანზიტის მოსაკრებლების უდიდესი ნაწილი უკრაინამაც ომის დაწყების შემდეგ დაკარგა და ეს 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, კიივისთვისაც ერთ დროს დიდი რუსული ტრანზიტის მხოლოდ ნამცეცებიღა იყო. უკრაინის შემთხვევაში, საქმე რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის დაკარგვას ეხება. 2024 წლის პირველ ნახევარში, უკრაინამ რუსული გაზის გატარებისთვის მოსაკრებლების სახით 210 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.
არადა, 2024 წლის ბოლოსთვის, “გაზპრომს” 40 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის გატარებისთვის უკრაინისთვის დაახლოებით 1.2 მილიარდი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. თუმცა, რუსული მხარე გაზის ტრანსპორტირებას სახრანოვკასა და პისარიოვკას სადგურებს უკვეთავდა. პისარიოვკა ოკუპირებული დონეცკის ოლქის ტერიტორიაზეა და ამ სადგურიდან წამოსული გაზის ნაკადის მიღებას კიივი ფორს-მაჟორის საბაბით უარობდა. ამის გამო, რუსული მხარე უკრაინაზე გასატარებელი გაზის მოცულობას შესაბამისად ამცირებდა და მხოლოდ 15 მილიარდ კუბური მეტრის ტრანზიტს უკვეთავდა.
ტრანზიტის გარდა უკრაინა დაკარგავს თავის გაზსაცავებში გაზის შენახვის მოსაკრებლებსაც. არადა უკრაინული გაზსაცავები უმსხვილესია ევროპაში. რუსული გაზის გარეშე, მათი შევსება ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.
სხვა მხრივ, თავად უკრაინისთვის რუსული გაზის იმპორტის თემა დიდად აქტუალური არაა. დღევანდელი უკრაინა გაზის გაცილებით ნაკლებ მოცულობებს საჭიროებს, რადგან მისი წარმოება და გაზზე დამოკიდებული ელექტროგენერაციის სისტემა ომმა თითქმის მთლიანად გაანადგურა. უკრაინული მოხმარების დიდ ნაწილს კი თავად უკრაინაში მოპოვებული გაზიც ყოფნის.
საწყალი მოლდოვა
ყველაზე მეტად რუსული ტრანზიტის შეწყვეტით, მოლდოვა დაზარალდა.
უკრაინაზე გამავალი 15 მილიარდიანი რუსული გაზის ნაკადიდან 2 მილიარდი კუბური მეტრი უსასყიდლოდ მიეწოდებოდა ოკუპირებულ დნესტრისპირეთს. გარდა გაზის პირდაპირი მოხმარებისა, ამ რუსულ გაზს ოკუპირებული რეგიონის მსხვილ თბოელექტროსადგურზე წვავდნენ და გამომუშავებული ელექტროენერგიით მოლდოვის მარჯვენა სანაპიროს სამ მეოთხედს ამარაგებდნენ.
უნდა ითქვას, რომ მოლდოვა მოვლენების ამგვარად განვითარებას ვარაუდობდა და ევროკავშირის დაფინანსებით რუმინეთთან დამაკავშირებელ გაზსადენს უკუდინების საშუალება მისცა. შესაბამისად, მოლდოვას შეუძლია გაზის იმპორტირება რუმინეთიდან, თუმცა რუმინეთი-მოლდოვას დამაკავშირებელი გაზსადენის გამტარობა საკმაოდ დაბალია და ის წარმოქმნილ დეფიციტს ვერ აღმოფხვრის. რუმინული გაზი თურმე მხოლოდ ორ მცირე თბოელექტროსადგურს ეყოფა.
არის მოლდოვის გაზით მომარაგების მეორე გზაც – “თურქული ნაკადის” მეშვეობით, ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით. თუმცა ეს გაზი უფრო ძვირი ჯდება და თანაც რამდენიმე კილომეტრი მაინც უკრაინაზე უნდა გაიაროს, რასაც კიივი ეწინააღმდეგება – ჩემთვის ნებისმიერი რუსული გაზის ტრანზიტი, რომლიდანაც კრემლი ომიანობისას ხეირობს, მიუღებელიაო.
ყველაფერთან ერთად, “გაზპრომს” უკრაინის გავლით, საერთო ნაკადიდან ორი მილიარდი კუბური მეტრის დნესტრისპირეთისთვის გადაქაჩვა ფაქტიურად არაფერი უჯდებოდა, “თურქული ნაკადის” გავლით მომარაგება კი, ნიშნავს, რომ ევროპაში მაღალ ფასში გასაყიდი გაზის ნაწილი ეხლა ოკუპირებულ დნესტრისპირეთს უნდა გადაუნაწილოს.
აშკარაა, კრემლს ოკუპირებული დნესტრიპირეთის ბედი დიდად არ აღელვებს. ასევე არაა გამორიცხული მოლდოვაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისი რუსეთმა მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებზე პრო-ევროპულად განწყობილი პოლიტიკური ძალების საწინააღმდეგოდ გამოიყენოს.
ამასობაში, შუა ზამთარში მოლდოვაში და განსაკუთრებით დნესტრისპირეთში გაზის მიწოდების სერიოზული პრობლემები შეექმნათ, გაჩნდა ელექტროენერგიის დეფიციტიც. საქმე იქამდე მივიდა, რომ ოკიპირებული დნესტრისპირეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლების დათბუნება, ელექტროენერგიის დაზოგვა და ერთ ოთახში გამოკეტვა ურჩია.
რას უნდა ველოდეთ
ამჟამად, არავინ იცის, როდის და რა პირობებით აღდგება ევროპისკენ მიმავალი რუსული ტრანზიტი. არ გამორიცხავენ, რომ რუსული გაზის ტრანზიტი კიივსა და მოსკოვს შორის დაზავების მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემაც გახდეს.
ფაქტია, რომ ევროპამ რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულება უკვე მკვეთრად შეამცირა და გეგმავს, რომ 2027 წლისთვის საერთოდაც ნოლამდე დაიყვანოს რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირისა თუ გათხევადებული გაზის წილი.
ამასობაში, აშშ-ში უკვე აშენდა ორი ახალი ქარხანა, რომელსაც წელიწადში 27 მილიონი ტონა გათხევადებული გაზის მიწოდება შეეძლება ევროპისთვის, რაც 36 მილიარდი კუბური მეტრის გაზის ექვივალენტია. ამის გარდა, ახალი გამათხევადებელი ქარხნების მშენებლობა სრულდება აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, რაც უახლოეს ორ-სამ წელიწადში ევროპის დამატებით 30 მილიონ ტონაზე მეტი გათხევადებული გაზით მოამარაგებას უზრუნველყოფს.
გათხევადებულ გაზზე, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური გადაწყობა საკმაოდ შრომატევადი და ძვირიანი პროცესია. თუკი ის დასრულდება, რუსული გაზსადენების წარმადობის აღდგენის პერსპექტივა უფრო ბუნდოვანი გახდება.
ევროპის მსგავსად, აღმოსავლეთის ბაზარზე გადაწყობა აქვს დაწყებული რუსეთსაც, რომელმაც ევროპაში ნაგემი დანაკარგები ჩინეთით და სხვა ქვეყნებით უნდა ამოავსოს, თუმცა აღმოსავლეთში მას მეტი ენერგეტიკული კონკურენტი ჰყავს ცენტრალური აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სახით.
ჯერჯერობით, “სამხრეთის ნაკადი” ერთადერთი შემორჩენილი ტრანზიტია, რომლითაც ევროპის კონტინენტს რუსული გაზი კვლავ მიეწოდება. შავი ზღვის ქვეშ გაყვანილი გაზსადენით მოსკოვი კვლავს აგრძელებს თურქეთის, უნგრეთისა და სერბეთის მომარაგებას.
ერთი რამ ცხადია, გაზით ვაჭრობიდან დალექილმა მილიარდებმა ევროპის კონტინენტს საშინელი ომი ვერ ააცილა. რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური თუ მსხვილი ენერგეტიკული ინტერესების გადაჯაჭვა საკმარისი არ აღმოჩნდა კრემლის პოლიტიკურ გაანგარიშებაზე გავლენის მოსახდენად და ევროპაში შეირაღებული კონფლიქტის რისკების შესამცირებლად. ეს კი სერიოზული გაკვეთილია როგორც ევროპისთვის, ისე ჩვენი რეგიონისთვის.