skip to content
კონფლიქტის ამბებიმოსაზრებაწერილები

სად (ვერ) სწავლობენ აფხაზი სტუდენტები?

ავტორი: გიორგი კანაშვილი, კონფლიქტოლოგი


უკვე თხუთმეტი წელია, ქართულ-აფხაზურ დიალოგში ვმონაწილეობ და ერთ-ერთი თემა, რომელზედაც აფხაზები მუდმივად ჩივიან, თბილისის მიერ აფხაზეთის დასავლეთისგან იზოლაციაა, რაც მათ სხვა ალტერნატივების ძიებისკენ უბიძგებთ. ჩვენს რეგიონში კი, ან ევროპულ ბილიკს უნდა დაადგე, ან — რუსულ გზატკეცილს. ამ ფონზე, ბოლო წლებია, სხვადასხვა შეხვედრაზე უმაღლესი განათლების საკითხმაც წამოიწია. აფხაზები საუბრობენ, რომ მათ ახალგაზრდებს ევროპაში განათლების მიღება სურთ, რის საშუალებასაც ქართული სახელმწიფო არ აძლევთ.

გულწრფელად დამაინტერესა ამ საკითხმა და შევეცადე მის შეძლებისდაგვარად ობიექტურ შესწავლას. წინამდებარე ტექსტში დაწვრილებით აღვწერ, რა საშუალებები აქვთ აფხაზ ახალგაზრდებს უმაღლესი განათლების მიღების კუთხით, იქნება ეს თავად აფხაზეთში, რუსეთში, თურქეთსა თუ ევროპაში. ბოლოს ვისაუბრებ საქართველოს პოლიტიკაზე და მასში შესატან ცვლილებებზე.

სწავლა აფხაზეთში

აფხაზი აბიტურიენტის „მენიუ“არცთუ მრავალფეროვანია: მას შეუძლია ისწავლოს აფხაზეთში, რუსეთში, თურქეთში და უაღრესად იშვიათ შემთხვევებში — ევროპაში. ბოლო წლებია, დასავლეთის კარი უფრო გაიხსნა, თუმცა მცირედ.

საკუთრივ აფხაზეთში დღეისთვის ორი უმაღლესი სასწავლებელი ფუნქციონირებს — აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სოხუმის ღია ინსტიტუტი. ეს უკანასკნელი 1997 წელს შეიქმნა, რომლის 6 ფაკულტეტზეც სულ 500-მდე სტუდენტი სწავლობს. იგი აფხაზეთში ნაკლებად პრესტიჟულად ითვლება, იქ მიღებული განათლების ხარისხი კი საკამათოდ, რაც კინაღამ მისი დახურვის საფუძველიც კი გახდა.

ყველაზე სახელოვანი და დიდი უმაღლესი სასწავლებელი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც სოხუმში 1932 წელს გაიხსნა, როგორც გორკის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1979 წელს, აფხაზთა რიგი პოლიტიკური მოთხოვნების ფონზე, იგი უნივერსიტეტად გარდაიქმნა. საინტერესოა, რომ ქართულ-აფხაზურმა დაპირისპირებამ ფიზიკური სახე სწორედ ასუ-ის სტატუსის გარშემო ატეხილი კონფლიქტის დროს მიიღო. 1989 წლის ივლისში, სტუდენტებს შორის შეტაკებებამა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პროცესი ქართული და აფხაზური სექტორების განცალკევებით დასრულდა.

ამჟამად ასუ-ის 8 ფაკულტეტზე 3000-მდე სტუდენტი სწავლობს, უნივერსიტეტს აქვს 42 კათედრა; ბოლო წლებია, ასუ-ში სწავლის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ცდილობენ. მაგალითად, სასწავლო პროცესი ბოლონიის სისტემის შესაბამისად დაიყო ოთხწლიან საბაკალავრო და ორწლიან სამაგისტრო პროგრამებად. თუ არ ჩავთლით ცალკეულ დისციპლინებსა და ზოგიერთ კათედრას, მთლიანობაში უნივერსიტეტმა მოახერხა ახალ მოდელზე გადასვლა. სწავლების ენა უმთავრესად რუსულია.

საერთაშორისო კავშირების მხრივ ასუ ფრიად შეზღუდულია და ძირითადად, რუსეთში მოქმედი უნივერსიტეტებით შემოიფარგლება. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ) პირველი უმაღლესი სასწავლებელი იყო, რომელმაც ასუ-თან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. ეტაპობრივად მყარდებოდა კავშირები რუსეთის სხვა უნივერსიტეტებთანაც, განსაკუთრებით, ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე უმაღლეს სასწავლებლებთან.

მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, აფხაზურ უნივერსიტეტებს მინიმალური კავშირები აქვთ დასავლურ, ან სხვა რომელიმე საგანმანათლებლო სივრცესთან, რუსეთის გარდა (გამონაკლისია თურქეთი, რაზეც ქვედა თავებშია საუბარი). თანამშრომლობა, გაცვლითი პროგრამები და სასწავლო ვიზიტები ევროპაში, ეპიზოდურ ხასიათს ატარებს და ძირითადად პირად კავშირებზეა დამყარებული.

დიდი სურათის დასანახად შეგვიძლია დავამატოთ, რომ რუსეთთან ახლო, ხოლო დასავლეთთან შეზღუდული კავშირები, პოსტ-საბჭოთა სივრცის კონფლიქტურ რეგიონებში განთავსებული ყველა უნივერსიტეტისთვისაა დამახასიათებელი.  სტატუსთან დაკავშირებული საკითხებიდან გამომდინარე დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის უნივერსიტეტები საერთო ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში ვერ მონაწილეობენ (მაგალითად, ისინი არ არიან ჩართულნი ერაზმუს + პროგრამაში).

ზოგადად, უნდა ითქვას, რომ აფხაზეთში უმაღლესი განათლების ხარისხის გაზომვა რთულია, რადგან არც საქართველოს, არც რომელიმე სხვა კომპეტენტური საერთაშორისო  ცენტრი, განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს არ აფასებს. თუმცა, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ ზოგად ევროპული განათლების სისტემისა და პროცესებისაგან მოწყვეტა/იზოლირება და ამასთანავე, შეზღუდული ფინანსური რესურსები, განათლების ხარისხზე აფხაზეთში დადებითად არ უნდა მოქმედებდეს.

სწავლა რუსეთში

უმაღლეს განათლებას აფხაზები, აფხაზეთის გარდა, უმთავრესად რუსეთში იღებენ. ასე იყო 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთის აღიარებამდეც და იგივე ტენდენცია შენარჩუნდა მას შემდეგაც. რაც შეიცვალა ისაა, რომ აფხაზეთისადმი რუსეთის განათლების პოლიტიკას უფრო დაუფარავი/ღია სახე მიეცა. მოსკოვმა და სოხუმმა 2018 წელს ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომთა ორმხრივი აღიარების შესახებ, რუსული ფულით სარემონტო სამუშაოები ჩატარდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ა.შ.

საინტერესოა, რომ 2018 წლის მონაცემებით რუსეთში 278 ათასი უცხოელი სტუდენტიდან ლომის წილი – 200 ათასი სტუდენტი სამეზობლოზე, ანუ  დსთ-ზე, ბალტიისპირეთსა და საქართველოზე (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონის ჩათვლით) მოდის. აქედან, ყველაზე მეტი – 33,5 % ყაზახია (სტუდენტები ცენტრალური აზიიდან ჯამურად 74, 4%-ს შეადგენენ), ხოლო  ყველაზე ნაკლები – 0,8 %, ბალტიისპირელი სტუდენტია. ქართველი, აფხაზი და ოსი სტუდენტები ერთად 1,5 %-ს, სომხეთიდან ჩასულნი 1,4 %-ს, ხოლო აზერბაიჯანელები 4,9 %-ს შეადგენენ.

ყოველწლიურად, რუსეთი აფხაზებს „როსთანამშრომლობის“ ხაზით დაახლოებით ჯამში 50 ადგილს გამოუყოფს საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო სწავლებისათვის. შერჩევის შემთხვევაში, აფხაზი სტუდენტი უფასოდ სწავლობს შესაბამის უნივერსიტეტში, თუმცა ძირითადად თვითონვე ფარავს ყველა დანარჩენ ხარჯს. ეს გარემოება მნიშვნელოვანია, რადგან ყველას არ გააჩნია ფინანსური შესაძლებლობა და ბევრი ისევ აფხაზეთში არჩევს უმაღლესი განათლების მიღებას.

სხვათა შორის, ბოლო წლებია, რუსეთში მსჯელობენ საგრანტო სქემაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ცვლილებების შედეგად, გარკვეული კატეგორიის უცხოელი სტუდენტებისათვის გამოიყოფა სასწავლო გრანტები, რომელთა მეშვეობითაც გარდა უშუალოდ სწავლის დაფინანსებისა, დაიფარება სწავლასთან დაკავშირებული სხვა ხარჯებიც (საცხოვრებლის, კვების, გადაადგილების და სხვა); დიდი ალბათობით, ახალი სისტემა აფხაზებსა და ოსებსაც შეეხება, რაც ცხადია, რუსეთში სწავლის გაგრძელების დამატებითი სტიმული გახდება.

1993 წლიდან დღემდე, ანუ თბილისის მიერ აფხაზეთზე ფაქტობრივი კონტროლის დაკარგვის შემდეგ, 28 წელი გავიდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთში ამ დროის განმავლობაში, მხოლოდ ოფიციალური პროგრამების მეშვეობით, 1 400-მა აფხაზმა ისწავლა. დაახლოებით იმავე რაოდენობის სასწავლო ადგილებს გამოყოფს რუსეთი სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონისათვის. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ აფხაზების აბსოლუტური უმრავლესობა აფხაზეთს გარეთ უმაღლეს განათლებას რუსეთში იღებს.

სწავლა დასავლეთსა და თურქეთში

აფხაზები ხშირად ჩივიან, რომ საქართველო მათ დასავლეთში განათლების შესაძლებლობას არ აძლევთ, ყველა არსებულ გზას უკეტავთ და რომ ამგვარი ქმედება ეწინააღმდეგება საყოველთაოდ მიღებულ ადამიანის უფლებებს. ზოგიერთი აფხაზი იმასაც ამბობს, რომ დასავლეთისკენ მიმავალი გზის დახურვით, ქართველები მათთვის რუსეთს უალტერნატივო მიმართულებად ხდიან. თემის საგნობრივი შესწავლა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ საკითხი საკმაოდ მრავალწახნაგოვანია და საკუთარი სიმართლე, როგორც აფხაზებს, ასევე ქართველებსაც გააჩნიათ.

ბოლო წლებია, საქართველოს ხელისუფლება „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ინიციატივის ფარგლებში, შეეცადა გაეადვილებინა აფხაზებისა და ოსების საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა საკმაოდ შთამბეჭდავი სია სხვადასხვა სტიპენდიისა, რომელთა მეშვეობითაც აფხაზეთის მცხოვრებთ საზღვარგარეთ განათლების მიღება შეუძლიათ.

თუმცა, აფხაზები ამ სტიპენდიებით ძირითადად არ/ვერ სარგებლობენ. მიზეზი რამდენიმეა და ყველა პოლიტიკური. სტიპენდიის განცხადების შევსებისას, აფხაზებს არ სურთ წარმოშობის ქვეყანად საქართველოს მითითება. მათთვის ასევე პრობლემურია განათლების აღიარებაში ქართული ინსტიტუციების ჩართულობა (მაგ. დიპლომის აღიარება) დაბოლოს, აფხაზები არ არიან მზად განათლების მისაღებად ქართული, ან საქართველოს მიერ გაცემული, ე.წ. ნეიტრალური პასპორტი აიღონ.

ეს ერთი შეხედვით ჭირვეული მიდგომა აფხაზეთში შექმნილი სოციალურ-პოლიტიკური გარემოებებითაა განპირობებული. კერძოდ, განათლების მიღება საზღვარგარეთ, ზემოთ ჩამოთვლილი „ქართული“ პირობების შესრულებით, აფხაზისათვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი შეიძლება გახდეს, რადგან, წარმოშობის ქვეყანად საქართველოს მითითება და მითუმეტეს, ქართული პასპორტის აღების ფაქტის გამჟღავნება, აფხაზურ საზოგადოებაში  მკვეთრად უარყოფითად, ალბათ ღალატადაც კი შეფასდება. შედეგად, აფხაზები დიდწილად, ვერ სარგებლობენ საქართველოს მოქალაქეთათვის განკუთვნილი სტიპენდიებით.

მიუხედავად ამ რთული მოცემულობისა, ბოლო ხანებია, ზოგიერთი საერთაშორისო აქტორი ცდილობს ისეთი კომპრომისული მიდგომების შემუშავებას, რომლებიც ქართული და აფხაზური წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშე, აფხაზეთის მცხოვრებთ დასავლეთში განათლების საშუალებას მისცემს. ასე მაგალითად, 2015 წლიდან, უაღრესად პრესტიჟულმა ბრიტანულმა სასტიპენდიო პროგრამამ ქვეყნების სიას გეოგრაფიული რეგიონი „სამხრეთ კავკასია“ დაამატა, რამაც სტიპენდიით სარგებლობა შესაძლებელი გახადა იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც აღნიშნულ რეგიონში ცხოვრობენ, თუმცა თავს არც საქართველოს, არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს არ მიაკუთვნებენ.

ამ მცირედი ცვლილების შედეგად, 5-6 წელია აფხაზები ბრიტანული უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამებზე უპრობლემოდ ირიცხებიან და იღებენ მაღალხარისხიან განათლებას (ყოველწლიურად 2 სტუდენტზეა საუბარი). სამწუხაროდ, ამ შესაძლებლობით არ სარგებლობენ ოსები, ძირითადად, ინგლისური ენის არასათანადო ფლობის გამო.

ბოლო ერთი წელია, რაც ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ინსტიტუტმა, ასევე დაიწყო კონკურსის გამოცხადება ახალგაზრდა სამხრეთ კავკასიელ მკვლევართათვის. სულ 5 სტიპენდია გაიცემა და გამარჯვებული აპლიკანტი ერთი სემესტრით სტუმრობს შვეიცარიულ უნივერსიტეტს. აქაც, უნივერსიტეტის ადმინისტაცია გარკვეულ მოქნილობას იჩენს და აფხაზებს პროგრამაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.

აფხაზებისათვის ევროპაში განათლების მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობაა, ე.წ. რონდინეს სტიპენდია. იტალიური ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოში კონფლიქტების მიერ გამოწვეული ზიანის შემცირებას ცდილობს, ახალგაზრდებს კონფლიქტური ზონებიდან ფორმალური და არაფორმალური განათლების საშუალებას აძლევს. ასევე ბოლო წლებია, გერმანული ორგანიზაცია „Corridors“-ის ძალისხმევის შედეგად, ახალგაზრდებს კავკასიიდან, მიეცათ საშუალება ერთი თვე დაჰყონ იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში.

ამ ჩამონათვალით სრულდება იმ დასავლურ პროგრამათა სია, რომლებშიც აფხაზები იღებენ მონაწილეობას და შესაბამისად, დასავლურ განათლებას. შესაძლოა, ცალკეული აფხაზები, საკუთარი ფინანსური ხარჯებითა და კავშირების მეშვეობით, ახერხებდენ დასავლურ უნივერისტეტებში სწავლას, თუმცა ამგვარი შემთხვევები ერთეულია.

  • თურქეთი

განსხვავებულია მდგომარეობა თურქეთში; აქ, რუსეთის შემდეგ, ყველაზე მეტი აფხაზი იღებს უმაღლეს განათლებას. მხოლოდ 2016 წლის მდგომარეობით, თურქეთის უნივერსიტეტებში 80-მდე აფხაზი სტუდენტი ირიცხებოდა. სტუდენტები გადანაწილებულნი არიან ანატოლიის, ბოსფორის და სხვა საკმაოდ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ბოსფორის უნივერისტეტში აფხაზური ენის შემსწავლელი კურსებიც მოქმედებს. ფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმები აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თურქულ უნივერსიტეტებს შორის.

თურქეთის ამგვარი ღიაობა აფხაზი სტუდენტების მიმართ გასაგებია და  თურქეთში მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორის არსებობით აიხსნება.  აფხაზური წარმოშობის ბიზნესმენები, პოლიტიკოსები და დიასპორული ორგანიზაციები აქტიურად ზრუნავენ საიმისოდ, რომ აფხაზმა სტუდენტებმა ჩააბარონ, მიიღონ სტიპენდიები და უპრობლემოდ ისწავლონ თურქულ უნივერსიტეტებში.

ზოგადად, ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური თავისებურებებიდან გამომდინარე პოსტ-საბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტური ზონებიდან, დასავლურ უმაღლეს განათლებაზე წვდომა ყველაზე ნაკლებად აფხაზებს (და ოსებს) აქვთ. შედარებისათვის, მთიანი ყარაბაღის მცხოვრებნი სომხურ პასპორტებს ფლობენ და მათზე ყველა ის დასავლური საგანმანათლებლო პროგრამა ვრცელდება, რაც სომხეთის მოქალაქეებზე. დნესტრისპირელებისათვის მოლდოვური საბუთების აღება ეთიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, ისინი მოლდოვურ უნივერისტეტებშიც სწავლობენ და „ერაზმუს პლუსის“ პროგრამაშიც თავისუფლად ერთვებიან. ჯერჯერობით, იდენტურია მდგომარეობა, უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებშიც.

განსხვავებული, თუმცა ყურადსაღები გამოცდილება დაგროვდა კვიპროსშიც. აქ ურთიერთობების ნორმალიზაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზნით, ევროკავშირმა იმ თურქი კვიპროსელი სტუდენტებისათვის, რომლებიც თურქეთის მიერ ოკუპირებულ ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობენ და ევროპის უნივერსიტეტებში განათლების მიღება სურთ, სპეციალური პროგრამა შეიმუშავა. 2007 წლიდან დღემდე, ამ ინიციატივის ფარგლებში 1050-მდე სასწავლო სტიპენდია გაიცა. ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირი დაახლოებით 2 მილიონ ევროს ხარჯავს.

სწავლა საქართველოში

დღემდე, მიუხედავად ცალკეული მცდელობებისა, თბილისმა ვერ მოახერხა აფხაზებისთვის ისეთი რამის შეთავაზება, რაც მათ ენგურის გადმოკვეთას აიძულებდათ. ერთადერთი გამონაკლისია ჯანდაცვის რეფერალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2010 წლიდან მოყოლებული, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში ათასობით აფხაზმა და ოსმა  უფასოდ იმკურნალა.  ქართულ უნივერსიტეტებში, თუ არ ჩავთვლით ერთეულ  შემთხვევებს, აფხაზები არ სწავლობენ.

ბოლო ხანებია, განსაკუთრებით, 2018 წელს წამოწყებული „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო ამარტივებდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ აბიტურიენტთათვის ქართულ უნივერსიტეტებში მოხვედრის პროცედურებს. შედეგად, აფხაზს შეუძლია ქართულ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად, ერთიანი ეროვნული გამოცდები რუსულად ჩააბაროს, ან გაიაროს აფხაზური ენის ტესტი და ასე მოხვდეს ე.წ. 1+4 პროგრამაზე; შეიქმნა ახალი შესაძლებლობაც, აბიტურიენტებს აფხაზეთიდან (ასევე ცხინვალის რეგიონიდან) ეძლევათ უფლება ერთი წელი ისწავლონ სპეციალური მომზადების ცენტრში, ხოლო შესაბამისი ქულების დაგროვების შემთხვევაში, საერთოდაც ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ სასურველ უნივერსიტეტში.

კორონავირუსის ეპიდემიისა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ფონზე, რის გამოც აბიტურიენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა და გამოცდების ჩაბარება აღარ შეეძლოთ, თბილისმა უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების უგამოცდოდ მიღებაც კი გადაწყვიტა.

თითქოსდა უცნაურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ამ მცდელობებს ეთნიკურად აფხაზი აბიტურიენტების ქცევაზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია; ქართულ უნივესიტეტებს აფხაზი აბიტურიენტები არ მოსწყდომიან. საკითხავია რატომ?!

აფხაზების „სიჯიუტე“  და ქართული რბილი ძალისადმი დაბალი მოწყვლადობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველი და უმთავრესია ის სტიგმა, რომელიც აფხაზურ საზოგადოებაში საქართველოსთან ნებისმიერ ურთიერთობასთან მიმართებაში არსებობს. ერთადერთი გამონაკლისია, რაზეც ზემოთაც დავწერე, მკურნალობაა, თუმცა ყველა სხვა შემთხვევაში, ენგურის ხიდის გადმოკვეთა არასასურველ ქმედებათა კატეგორიას განეკუთვნება. ასეთი თუ ხდება, უაღრესად გასაიდუმლოებულად, ხოლო გაცხადების შემთხვევაში, ტაბუს დამრღვევთ საჯაროდ ამუნათებენ.

გარდა აფხაზური საზოგადოებრივი აზრისა, არის სხვა ტიპის, უფრო პრაქტიკულ სიბრტყეში განსახილველი საკითხებიც, რომელთა დროულმა გადაწყვეტამ აფხაზ აბიტურიენტთა არჩევანზე ნაწილობრივ მაინც შეიძლება იმოქმედოს.

მართალია, თბილისმა გაამარტივა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთათვის ქართულ უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცედურები და სწავლასაც აფინანსებს, თუმცა იმავეს აკეთებს რუსეთიც. ამასთანავე, რუსეთი რიგ შემთხვევაში ანაზღაურებს საერთო საცხოვრებლის საფასურსაც, უახლოეს მომავალში კი სწავლასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვასაც აპირებს. ამ ფონზე, ყველა წყენა და სტიგმაც რომ დავივიწყოთ, რუსულ უნივერსიტეტში სწავლა ბევრად ხელსაყრელია, ვიდრე — ქართულში.

ამას ემატება ენის საკითხიც. საქმე ისაა, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება ძირითადად ქართულ და ინგლისურ ენაზეა შესაძლებელი. მაშინ როდესაც, აფხაზები (ოსებიც) სასკოლო განათლებას რუსულად იღებენ, ქართული არ იციან, ხოლო ინგლისური იშვიათად და ხშირად არასათანადო დონეზე.

ამიტომ, იმისათვის რომ ქართული უმაღლესი განათლება აფხაზებისთვის მიმზიდველი გახდეს, მხოლოდ მისაღები პროცედურების გამარტივებისა და სწავლის საფასურის დაფარვა არაა საკმარისი წინაპირობა. აუცილებელია სასტიპენდიო პაკეტის შემუშავება, რომელიც მოიცავდა სწავლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს (კვება, საცხოვრისი, გადაადგილება და ა.შ.); ამასთანავე, საფიქრალია სახელმწიფო უნივერსიტეტებში რუსულენოვანი ფაკულტეტების დამატების საკითხიც. ასეთი ფაკულტეტები პერსპექტივაში არა მხოლოდ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მაცხოვრებელთა, არამედ სხვა კავკასიელთათვისაც საინტერესო შეიძლება გამხდარიყო. სხვათა შორის, ამგვარი გამოცდილება ჩვენ უკვე გვაქვს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ არ მოხდა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ზოგადი გაჯანსაღება, მტრის ხატისა და სტიგმებისაგან ეტაპობრივი განთავისუფლება, ვერანაირი ცალკეული ინიციატივა და მომხიბლავი სტიპენდიები, ვერ გამოიწვევს მდგომარეობის თვისობრივ ცვლილებას. შესაძლოა ცალკეულმა აფხაზებმა გაბედონ ენგურს გამოღმა სწავლა, რაც დიდ სურათზე ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს.

დასკვნის მაგიერ: რისი გაკეთება შეუძლია თბილისს?

როგორც ვნახეთ, აფხაზები უმაღლეს განათლებას იღებენ აფხაზეთში, რუსეთსა და თურქეთში. საქართველოსა და დასავლეთის საგანმანათლებლო სივრცესთან კავშირები საერთოდ არ არის, ან უმნიშვნელოა. ამ ფონზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: გვინდა კი რამის შეცვლა, თუ საქმეთა ამგვარი მდგომარეობა ჩვენს ინტერესებს ემსახურება?!

დავუშვათ, რომ არაფერს ვცვლით, ანუ ვაკეთებთ იმას, რასაც აქამდეც ვაკეთებდით. კერძოდ,  საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური რიტორიკის დონეზე გამოთქვამს სურვილს იმისა, რომ აფხაზებს ჰქონდეთ დასავლეთში განათლების მიღების შესაძლებლობა, თუმცა საერთაშორისო პროგრამების აუცილებელ წინაპირობად დარჩება საქართველოს, როგორც წარმოშობის ქვეყანის არჩევა, დიპლომების აღიარებაში ქართული უწყებების ჩართულობა და საქართველოს, ან ნეიტრალური პასპორტების აფხაზების მიერ ქონა.

თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მაშინ მომავლის განჭვრეტა დიდად არ გაგვიჭირდება: სტატუს-კვო დიდი სურათი უცვლელი დარჩება. აფხაზები, ალბათ, მოახერხებენ, ბრიტანული ჩივინინგის გარდა, კიდევ რამენიმე ევროპულ სტიპენდიაში ჩართვას, თუმცა სტუდენტთა უმთავრესი ნაკადი ისევ რუსეთისა და ნაწილობრივ, თურქეთისკენ იქნება მიმართული. შედეგად კი, სამხედრო, ეკონომიკურ და საინფორმაციო დომინაციასთან ერთად, რუსეთი აფხაზთა მსოფლხედველობაზე მნიშვნელოვან გავლენას შეინარჩუნებს.

არის მეორე გზაც. საქართველოს, პოლიტიკური და ასევე ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, შეეძლო თვითონ გამხდარიყო აფხაზეთის (და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის) დასავლური საგანმანათლებლო სისტემისადმი გახსნის ინიციატორი. საუბარია 20-30 სტიპენდიაზე, რაც ამ ეტაპისთვის სრულიად თავისუფლად ეყოფოდა აფხაზ სტუდენტთა საჭიროებებს (შედარებისათვის, მხოლოდ უნგრეთი საქართველოს ყოველწლიურად 80 სტიპენდიას გამოუყოფს).

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს მყისიერად და ყველა მიმართულებით პოლიტიკის გადახედვას. თბილისს შეუძლია დაიწყოს საუბარი ყველაზე სანდო პარტნიორებთან, ხოლო მათი საშუალებებით მათ ეროვნულ საგანმანათლებლო პროგრამებთან და უნივერსიტეტებთან. ასევე, საქართველოს თხოვნით, ევროკავშირს შეეძლო სპეციალური პროგრამა შეექმნა აფხაზებისა და ოსებისათვის, ისევე როგორც ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაშია. სურვილის შემთხვევაში, ჩვენი წითელი ხაზების გადაკვეთის გარეშეც, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა შეიძლება.

გულუბრყვილო იქნებოდა იმის ვარაუდი, რომ ევროპაში განათლება მიღებული აფხაზები, საქართველოს სიყვარულითა და მის წიაღში დაბრუნების სურვილით აინთებიან. ამგვარი მოლოდინის გაჩენა, იმთავითვე იმედგაცრუებისთვისაა განწირული. არაფერი ამდაგვარი არ მოხდება.

თუმცა საქმე ისაა, რომ თუ ჩვენ ვაშენებთ დასავლურ სახელმწიფოს, მაშინ ჩვენ გვჭირდება მეტი ევროპა ყველგან, მათ შორის, აფხაზეთშიც. ჩვენს საზოგადოებას გასააზრებელი აქვს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობები მარათონია და არა სპრინტი, ხოლო ერთმანეთთან მისასვლელი გზების ძიებაში, ერთ კულტურულ სივრცეში (ამ შემთხვევაში ევროპულში) „მოხარშვა“ გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

დაბოლოს, ცხადია, რომ ყოველივე აქ თქმულის განხორციელება ფრიად გაჭირდება გალში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის სისტემური ჩაგვრის ფონზე. თბილისელ პოლიტიკოსებს გაუჭირდებათ მოსახლეობისათვის იმის ახსნა, თუ რატომ უნდა ისწავლოს აფხაზმა „სორბონაში“,  მაშინ როდესაც იგივე აფხაზი გალელ სკოლის მოსწავლეს ხელებში „ლინეიკას“ ურტყამს? აქ უკვე აფხაზებსაც მართებთ დაფიქრება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button