skip to content
ინტერვიუმოსაზრება

ბლიც-ინტერვიუ: ოთხი მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის პოლიტიკოსები მიმდინარე მოვლენებსა და სამომავლო გეგმებზე

იმ ფონზე, როცა საქართველო გარდაუვალ პოლიტიკურ კრიზისსა და გაურკვეველ მომავალში შედის, ხოლო „ქართული ოცნება“ სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ აშკარა პრობლემებზე თვალს ხუჭავს, ჩვენ ოთხ მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელთაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს, სამი შეკითხვა დავუსვით: 1) როგორ აფასებენ არსებულ ვითარებას და როგორ ესახებათ მოვლენების განვითარება; 2) რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ბრიუსელში რიკარდ იოზვიაკმა დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, სავარაუდოდ, მოუწევთ ფორმალურად მაინც საქმე დაიჭირონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან, რადგანაც ის ერთდაერთი მოთამაშეა. აპირებს თუ არა ოპოზიცია, რომ შექმნას ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს ევროპელ პარტნიორებთან პოლიტიკურ დიალოგს? 3) რა გეგმა არსებობს, იმ შემთხვევაში თუკი „ოცნებამ“ მოახერხა და პარლამენტის ლეგიტიმაცია გაიფორმა? ქვემოთ მოცემულია პოლიტიკოსების პასუხები:

ზურაბ ჯაფარიძე, კოალიცია ცვლილებისთვის

  1. თუ „ოცნება“ ახერხებს ახალი პარლამენტის შეკრებას და აძლევს საკუთარ თავს ლეგიტიმაციას, ქვეყანაში იქმნება პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც მოჰყვება ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია, თანმდევი ეკონომიკური კრიზისით. ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი უკვე შეჩერებულია და მოსალოდნელია, რომ საქართველო დაკარგავს იმ სიკეთეებსაც, რომლებსაც ახლა იღებს დასავლეთისგან, იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. ერთი მხრივ, იმატებს ქვეყნიდან მოქალაქეების გადინების ტემპი, ხოლო მეორე მხრივ ივანიშვილის რუსული რეჟიმი ეცდება ქვეყანაში არ დატოვოს კრიტიკული მედია, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება და რეალური ოპოზიციური პარტიები, ზუსტად ისე, როგორც ეს მოხდა რუსეთში გასული წლების განმავლობაში. ამ ყველაფრის შეჩერების ერთადერთი გზა მოქალაქეების აქტიური ჩართვაა ქუჩის პოტესტში.
  2. ასეთი ცენტრი ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სახით უკვე არსებობს, ისევე როგორც არსებობს კოორდინაცია ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციის მიმართულებით. თუ საჭირო იქნება ასეთი სტრუქტურისთვის მეტად ფორმალური სახის მიცემა, ეგეც გაკეთდება.
  3. არსებობს სტრატეგია, რომელიც გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც თუ ოცნება ეცდება ახალი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემას იმ რიცხვებზე დაყრდნობით, რომლებიც ცესკომ გამოაქვეყნა. ეს სტრატეგია გულისხმობს ა) ოცნების პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის არ მიცემას იმ პოლიტიკური ჯგუფების მიერ, რომლებმაც რეალურად მოიპოვეს გამარჯვება 26 ოქტომბერს, ბ) მუშაობას დასავლელ პარტნიორებთან, რომ არ მოხდეს უზურპატორი ხელისუფლების გარე ლეგიტიმაცია და გ) მუდმივი პროტესტი ქუჩაში, რომელიც აჩვენებს რომ ქართული ოცნების ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ აძლევს არც მოსახლეობა.

გიორგი ვაშაძე, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა

  1. ჩვენ მშვიდობიან პროტესტს ვაგრძელებთ. ხვალ  და ზეგ გამოვაცხადებთ გეგმებს, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ.
  2. ალტერნატიული ცენტრი ოპოზიციაში არსებობს და იქნება უფრო მყარად გამაგრებული.
  3. ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას  და ეგ არ იქნება პარლამენტი. ეგ იქნება თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას.

ირაკლი კუპრაძე, ძლიერი საქართველო

  1. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მე მაქვს მხოლოდ ერთი პროგნოზი – მიიღწევა გამარჯვება, რადგან პროდასავლური ოპოზიცია  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკან დასახევი გზა არ არსებობდეს, იყოს შეთანხმება, ერთობა. უარს ვამბობთ მანდატებზე და ვიბრძვით რუტინულ შრომაში. კონკრეტული გეგმები ასე ვერ იარსებებს, გასაგები მიზეზების გამო, ვინაიდან ეს არის სპონტანური პროტესტი, რომელიც ხშირად იცვლება წინააღმდეგობების გათვალისწინებით. ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა და არ უნდა დაიღალოს არცერთი მოქალაქე, თუ პოლიტიკოსი.
  2. არ ვეთანხმები ჟურნალისტის (რიკარდ იოზვიაკის) მოსაზრებას. ოპოზიციაში არსებობს იდეები ოპოზიციის სტრუქტურირებასთან დაკავშირებით. „ძლიერი საქართველო“ ამბობს, რომ უნდა არსებობდეს ერთგვარი სახალხო პარლამენტის იდეა, რომელიც სტრუქტურულად შეკრავს ოპოზიციას, სადაც ერთად დავამუშავებთ ახალი არჩევნების იდეას და ერთობლივად დავამყარებთ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იდეა მეტნაკლებად იქნება გაზიარებული და პროცესი წარმატებით წარიმართება. სტრუქტურირების მიმართულებით გვაქვს მოლოდინი და იმედი, რომ უფრო მეტად შეკრული და ერთიანი იქნება ოპოზიცია.
  3. პარლამენტის პირველი სხდომა და მათი „ქართული ოცნების“ პირველი შეკრება არც არაფერს არ ცვლის. ეს იქნება ილუსტრაცია იმ დანაშაულის, რაც გაყალბებით ჩაიდინეს… ბრძოლა იქნება გრძელვადიანი, თვეები შეიძლება გაგრძელდეს. მთავარია ჩვენ შორის არ არსებობდეს სიტყვა დაღლა. უნდა არსებობდეს გამარჯვების რწმენა და დარწმუნებული ვარ შედეგიც იქნება მიღწეული.

ანა ბუჩუკური, გახარია – საქართველოსთვის

  1. არსებული მდგომარეობის შეფასებას რაც შეეხება,  ყველასთვის გასაგებია რომ საკმაოდ რთული, კრიზისული ვითარებაა. ეს კრიზისის პირველი ფაზაა და კრიზისი არ იქნება ხანმოკლე. ჩვენი გუნდის მიდგომა  ყოველთვის ასეთი იყო და ახლაც ასეა, რომ ჩვენ ადამიანებს ვერ მოვატყუებთ,  უნდა ვუთხრათ სიმართლე. სიმართლე კი ის არის რომ საკმაოდ მძიმე ვითარებაა  და ეს არც ხანმოკლე და არც მარტივი პროცესი არ არის. ამ პოლიტიკური კალენდრის ფაზებს რომ მივყვეთ, ახლა ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი, რაზეც ორიენტირებულები და ფოკუსირებულები ვართ, ის არის რომ არ მოხდეს ამ გაყალბებული, წართმეული არჩევნების ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. პირველ რიგში ქვეყნის გარეთ.
  2.  ის რომ, რიკარდ იოზვიაკს ასეთი შეფასების გაკეთება უწევს, იმას ნიშნავს და ადასტურებს, რომ ეს საკითხი ჯერ კიდევ ჰაერშია, ანუ ეს შეფასებითი კატეგორიაა და  უკვე ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ღიაა აღიარების და ლეგიტიმაციის მინიჭების საკითხი, მათ შორის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან, უნგრეთზე და ვენესუელაზე არ გვაქვს საუბარი. მეორე, ბუნებრივია, საქართველო რუკიდან არ გაქრება. ის რომ, ურთიერთობა მოუწევთ არ არის ამოსავალი, მთავარი არის ლეგიტიმაციის მიცემა -არ მიცემის საკითხი. ეს გადაწყვეტილება (ლეგიტიმაცია) კი არ არის მიღებული და ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ლეგიტიმაცია არ შედგეს. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ ალტერნატიული ცენტრის შექმნას, ჩვენი იდენტობით დამოუკიდებელი პარტია ვართ. კი,  როცა არჩევნების დაცვას უკავშირდება  საკითხი, ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველასთან, მაგრამ ჩვენ ვართ კონკრეტული სუბიექტი და შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახლო, მჭიდრო კომუნიკაცია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან.
  3. ლეგიტიმაცია ასე მარტივად არ ხდება. ელჩები არ დაპატიჟეს, გავიგეთ, ოპოზიცია არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ვიწრო წრეში ლეგიტიმაცია არ ხდება.  აპირებენ რომ მარტო თვითონ შეიკრიბონ. თვითგამოცხადებული ბევრი რამე შეიძლება მოინდომონ, მაგრამ ლეგიტიმაცია ასე არ ხდება. ლეგიტიმაციის წყარო პირველ რიგში კონსტიტუციური სამართლით არის ქართველი ხალხი და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს არ სჯერა არჩევნების შედეგების და მეორე, ამ არჩევნებს სჭირდება საერთაშორისო აღიარება, ანუ ერთიც და მეორეც, ორი კონტექსტი აქვს ამ ყველაფერს. შესაბამისად,  შეიძლება ბევრი რაღაც იძახოს ოცნებამ, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს.  პროცესები ჯერ კიდევ წინ არის.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button