skip to content
ახალი ამბები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატის მანდატებზე უარს ოფიციალურად აცხადებენ

ორმა ოპოზიციურმა ძალამ – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, განაცხადა, რომ ისინი ოფიციალურად მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და უარს იტყვიან დეპუტატის მანდატებზე. ორივე კოალიციის ლიდერებმა ეს გადაწყვეტილება 12 ნოემბერს ცალცალკე გამართულ სპეციალურ ბრიფინგებზე გამოაცხადეს.

„პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში მონაწილეობად“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ. მისი თქმით, კოალიციას 82 დეპუტატობის კანდიდატი ჰყავდა სიაში და ყველა „უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში“. პარტიული სიის თითოეულმა წევრმა საჯაროდ მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც ცესკოს მანდატების გაუქმებას და რეგისტრაციაში არ გატარებას სთხოვდა.

„დღეს გვინდა ოფიციალურად თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც იყო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში, ინდივიდუალური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა არც ერთი კანდიდატი არ გატარდეს რეგისტრაციაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრების „თავისუფალი ნება“ იყო უარი ეთქვათ იმ მანდატებზე, რომლებიც მიიღეს იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც „ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას“. ბოკუჩავამ ასევე განმარტა, რომ ვინაიდან დეპუტატები უარს ამბობენ მანდატებზე, ცესკოს უფლება არ აქვს, პარლამენტს გაუგზავნოს მათი საბუთები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.

ორმა კოალიციამ, „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, ჯერ კიდევ ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში განაცხადა, რომ არ შევიდოდა პარლამენტში, თუმცა დღევანდელი ქმედებით „კოალიციამ ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიანთ გადაწყვეტილებას ოფიციალური სახე მისცეს.

კიდევ ორ ოპოზიციურ ძალას – კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და „გახარია – საქართველოსთვის“ – რომელმაც ასევე გადალახა 5%-იანი ბარიერი და არჩევნებს გაყალბებულად თვლის, ხოლო პარლამენტს არალეგიტიმურად, ოფიციალურად ჯერ არ უთქვამს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button