skip to content
ახალი ამბები

საქართველოს მეგობრები არჩევნების სავარაუდო გაყალბების საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც თავს „საქართველოს მეგობრებად“ მოიხსენიებენ, 6 ნოემბერს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს არჩევნების დარღვევების გამოსაძიებლად საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვეს. მათ ასევე მოითხოვეს სანქციების დაკისრება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის, ოფიციალური პირებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე არიან პასუხისმგებელნი.

განცხადებაში ხაზგასმულია ხელმომწერების მზადყოფნა, დადგნენ დემოკრატიის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის ღირებულებების მხარდამჭერ ერებთან, ქართველ ხალხთან და მათ ევროპულ არჩევანთან. ხელმომწერები სინანულს გამოთქვამენ „საქართველოს ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედების გამო, რომელიც დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს“.

ხელმომწერებმა „ღრმა შეშფოთება“ გამოხატეს საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც, საერთაშორისო დამკვირვებლების თქმით, „უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტებითა და სისტემური დარღვევებით“ ხასიათდებოდა. აღნიშნეს რა, რომ „არჩევნების მთლიანობა და კანონის უზენაესობის დაცვა“ ევროპული ღირებულებების განუყოფელი ნაწილია, რომლის მიმართაც „საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ თავისი ერთგულება უნდა აჩვენოს“, ხელმომწერები ითხოვენ, რომ:

  • ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულირების შესახებ (მათ შორის, წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმების მოსყიდვასთან დაკავშირებით, გამჭვირვალედ უნდა იქნას გამოძიებული;
  • ვინაიდან ბრალდებები ძალიან სერიოზულია, მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია გამოიძიოს ეს არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს დაფიქსირებული ყველა დარღვევა;
  • ხელმისაწვდომი და გამჭვირვლე გახდეს კენჭისყრის ოქმები, რათა თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, ფაქტობრივად ზუსტია თუ არა ინფორმაცია მათ მიერ ხმის მიცემის ფაქტის, დროისა და ადგილის შესახებ;
  • გაუქმდეს ის კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.

ხელმომწერები ასევე მოუწოდებენ ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს „სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც საარჩევნო ციკლის დროს საარჩევნო პროცესის დარღვევაზე, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე არიან პასუხისმგებელნი“. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ევროკავშირმა გაყინოს ყველანაირი დახმარება და თანამშრომლობის პროექტები სახელმწიფო და საჯარო ინსტიტუტებთან, გარდა იმ დახმარებისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისა და კანონის უზენაესობის სტრუქტურების ჩამოყალიბებისკენაა მიმართული.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გაზარდონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფინანსური მხარდაჭერა, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის საფუძველზე. გარდა ამისა, ხელმომწერები აღნიშნავენ ქართველი ახალგაზრდებისთვის ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობას, თუმცა მოუწოდებენ ევროკომისიასა და ევროკავშირის საბჭოს, გადახედონ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს და არ გამორიცხონ მისი სრული შეჩერების შეასძლებლობა ზემოჩამოთვლილი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

„ჩვენ კვლავაც დავუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მის ევროპულ არჩევანს. ასევე გავაგრძელებთ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button