skip to content
ახალი ამბები

HarrisX-ის 2024 წლის არჩევნების ეგზიტპოლის საბოლოო ანალიზმა მონაცემების სტატისტიკურად აუხსნელი შეუსაბამობები აჩვენა

კომპანია HarrisX-მა, რომელმაც 2024 წლის საარჩევნო ეგზიტპოლები „მთავარი არხის“ დაკვეთით ჩაატარა, ეგზიტპოლის საბოლოო ანალიზი გამოაქვეყნა, რომელიც, მისი თქმით, კითხვებს აჩენს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების სტატისტიკურად აუხსნელ შეუსაბამობაზე, რაც მოიცავს, სულ მცირე 172 523 ხმას 27 ოლქში, რომელიც სულ მიცემული ხმების 8%-ზე მეტია. ეს შეუსაბამობა „ვერ აიხსნება სტატისტიკური გადახრით. რაც კენჭისყრის დროს სავარაუდო დარღვევებზე მიუთიეთებს“, – ნათქვამია ანალიზში.

HarrisX ამბობს, რომ მაშინაც კი, როდესაც კომპანიამ თავისი ეგზიტპოლის მონაცემები ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს შეუსაბამა ე.წ. „შეწონვის“ პროცესის მეშვეობით, როდესაც სრულად გაითვალისწინა ნებისმიერი სახის მიკერძოება, როდესაც 95%-იანი ნდობის ინტერვალით – ყველაზე მაღალი სტატისტიკური ზღვარით – შეაამოწმა განსხვავება ხმების რაოდენობაში ეგზიტპოლსა და ცესკოს ოფიციალურ რიცხვებს შორის, ანალიზის შედეგები მაინც იგივე დასკვნამდე მივიდა.  

ანალიზი აღწერს კონკრეტულ შემთხვევებსა და მაგალითებს, დეტალურად ასახავს მეთოდოლოგიას, შედეგებს ასაკის, სქესის და დღის პერიოდის მიხედვით და მოჰყავს საქართველოს მასშტაბით გამოვლენილი შეუსაბამობები, მაგალითად, მარნეულის ოლქის შედეგები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ HarrisX-ის ეგზიტპოლის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წელს იქ ხმების 40% მოიპოვა, თუმცა ცესკოს ოფიციალური შედეგებით, პარტიას ხმების 80% აქვს.

HarrisX აღნიშნავს, რომ მას აქვს მაღალი ნდობა თავისი ეგზიტპოლის შედეგების მიმართ მრავალი მიზეზის გამო, როგორიცაა გამოკითხვის გამოცდილება, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლების რაოდენობა და ხმის მიცემის მეთოდოლოგია, ადგილობრივი პარტნიორი პროფესიონალები, რომლებიც წინასწარ იყვნენ მომზადებული HarrisX-ის მიერ, გამოკითხვის კონფიდენციალურობა, და HarrisX-ის გამოკითხვის შესაბამისობა ერთადერთი სხვა  ეგზიტპოლის შედეგებთან, რომელიც არაქართულმა ორგანიზაციამ Edison Research-მა ჩაატარა.

ორგანიზაცია ამბობს, რომ მისმა ხმების შედარებითმა ანალიზმა გამოავლინა ხმების უჩვეულო ცვლილებები 2020 და 2024 წლის არჩევნებს შორის და კომპანიის ეგზიტპოლსა და 2024 წლის ცესკოს საბოლოო შედეგებს შორის, რაც, შეუძლებელია აიხსნას სტატისტიკური დისპერსიით და ხმის მიცემის შესაძლო დარღვევებზე მიუთითებს.

კომპანიის თქმით, „მაშინაც კი, როცა ეგზიტპოლის მონაცემები დაკორექტირდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების სრული პარამეტრების გათვალისწინებით, არჩევნების საბოლოო შედეგი, რომლითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53,96% მოიპოვა, მარტივად რომ ვთქვათ, სტატისტიკურად შეუძლებელია“.

HarrisX მოუწოდებს ცესკოს „მეტი ინფორმაცია და პასუხები უზრუნველყოს საჯარო გამჭვირვალობის ინტერესებიდან გამომდინარე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button