დიპლომატიის დღეს პრეზიდენტმა ქართველი დიპლომატები ხელისუფლების ქმედებებზე დუმილის გამო გააკრიტიკა
3 ნოემბერს, ქართული დიპლომატიის დღეს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართველი დიპლომატები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი დუმილით შეხვდენენ ხელისუფლების მიერ „ნანატრი ევროპული გზის ფეხქვეშ გათელვას“ და „რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“.
„დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ!“, – დაწერა პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“. „გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებს.
ქართული დიპლომატიის დღე, ზურაბიშვილის თქმით, 20 წლის წინ მისი ინიციატივით დაარსდა და უკავშირდება XVII-XVIII საუკუნეების ქართველი მწერლისა და დიპლომატის სულხან-საბა ორბელიანის სახელს, რომელმაც ევროპას სთხოვა დახმარება მაშინდელი მეფის ვახტანგ VI-სთვის.
„ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს,რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით“, – აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა: „მშვიდობა სწორედ მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ!“
მან დიპლომატები იმის გამოც გააკრიტიკა, რომ „არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციით დაცული უფლებაც ვერ დაიცვეს“.
„ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით ! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მხოლოდ ერთმა ქართველმა მაღალი რანგის დიპლომატმა, საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილმა, გადადგომით გააპროტესტა ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებები და მისი დასავლეთიდან ჩამოშორება. სხვები კი ჯერჯერობით დუმილს ამჯობინებენ.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)