ჩეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
ჩეხი ჟურნალისტი რეი ბეისლი 22 ოქტომბერს საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა და სასაზღვრო პოლიციის მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტის ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მას შესვლაზე უარი იმიტომ ეთქვა, რომ „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს“. ბეისლი აქტიურად აშუქებდა რამდენიმე თვის წინ „უცხოელი აგენტების“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციებს.
„გამარჯობა ქართველებო, ჟურნალისტებო და ჩეხებო. დღეს 19:30 საათზე უარი მითხრეს საქართველოში შესვლაზე, ყოველგვარი დასაბუთების ან დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე. ეს მიუღებელია, ადგილობრივმა სასაზღვრო ძალებმაც კი არ იციან, რატომ არ შემიშვეს. ვისაც შეუძლია დამეხმაროს, გთხოვთ მომწეროთ“, – დაწერა ჟურნალისტმა ტვიტერზე.
მისი პოსტიდან მალევე, მისმა პარტნიორმა კომენტარი დაწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბეისლის ტელეფონი და პირადი ნივთები ჩამოართვეს. მოგვიანებით მან კიდევ ერთი კომენტარი დატოვა, სადაც ნათქვამია, რომ ის ჩეხეთის საელჩოს დაუკავშირდა და მათ ჟურნალისტი ჯერ ვერ იპოვეს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არცერთი წყაროდან არ ყოფილა.
„სამოქალაქო საქართველო“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მასალა მათი პასუხის მიღებისთანავე განახლდება.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/09/2024 – სომეხი ჟურნალისტი საქართველოში არ შემოუშვეს
- 16/09/2024 – ბელარუს ჟურნალისტს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს და დეპორტაცია ემუქრება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)