skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის, მთავარი არხის, ფორმულას და SovLab-ის ვებგვერდებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

25 და 26 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციური ტელეკომპანიების „მთავარი არხისა“ და „ფორმულას“ ვებგვერდებზე, ასევე საქართველოს პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მანამდე 23 იანვარს, რუსეთიდან კიბერთავდასხმის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამაც“ (SovLab) გაავრცელა განცხადება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტის ვებგვერდზე შესვლისას ჩნდება წარწერა: „დაჰაკულია COZY BEAR-ის მიერ, დიდება რუსეთს“. მოგვიანებით, წარწერა წაიშალა პრეზიდენტის ვებგვერდიდან, თუმცა ის ჯერაც არ მუშაობს. როგორც მიიჩნევა, რუსული ჰაკერული ჯგუფი COZY BEAR რუსულ დაზვერვასთანაა კავშირში.

25 იანვარს, „მთავარი არხი“ იტყობინებოდა, რომ მის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა და მონაცემთა ბაზის ნაწილი წაშლილია.

კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაცია „ფორმულამ“ 26 იანვარს გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ვებგვერდი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული, თუმცა აღდგენა მოხერხდა.

SovLab-მა განაცხადა 23 იანვარს, რომ მის ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. „უკანასკნელი კვირების განმავლობაში „ქართული ოცნება“  პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წინააღმდეგ. ამის პარალელურად, ორგანიზაციის ვებრესურსები რუსეთის მხრიდან კოორდინირებული შეტევის სამიზნეა“.

„სოვლაბის საზოგადოებრივი არქივის ვებგვერდის (archive.ge) სერვერზე მიმდინარეობს DDoS შეტევები, რომლის მიზანია, დააზიანოს სერვერის გამართული მუშაობა. ბოლო დღეებია, შეტევის ინტენსივობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, განსაკუთრებით რუსეთიდან. საიტზე შესვლის მცდელობის ინტენსივობა დღეში 700 000-ს აჭარბებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.  

DDoS (distributed denial-of-service) შეტევის დროს თავდამსხმელი გზავნის ათასობით ყალბ მოთხოვნას, რათა გადააჭარბოს სიჩქარეს, გადაავსოს სერვერის რესურსები და გადატვირთოს სისტემა, დასძენს ორგანიზაცია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button