ექსპერტული შეფასება დასავლეთს კონკრეტულ ნაბიჯებს ურჩევს: რა უნდა გაკეთდეს საქართველოს არჩევნებამდე და მის შემდეგ
მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა ლორა თორნტონმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. 2014 წლიდან 2020 წლამდე ლორა თორნტონი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორად მუშაობდა საქართველოში. შეფასებას წინ უძღოდა 2024 წლის მაისში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ გამოქვეყნებული კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერდა რისკებსა და პრობლემებს საქართველოს პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოში, საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში.
მოცემული შეფასება გერმანიის მარშალის ფონდისა და რონდელის ფონდის მიერ 2-8 სექტემბერს თბილისში ორგანიზებულ „საქართველოს მეგობრების“ მისიას ეფუძნება. მისიის ჯგუფი შეხვდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიის, არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე აშშ-ისა და ევროპის მაღალი რანგის დიპლომატებს, NDI-სა და IRI-ს წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს, ექსპერტებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. თუმცა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. შეფასება აანალიზებს საქართველოს საარჩევნო გარემოს, მოახლოებული არჩევნების ჩატარების რისკებსა და მის სამართლიანობას. დოკუმენტი, რომელშიც რამდენიმე შესაძლო სცენარია ასახული, იძლევა რეკომენდაციას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას დასავლეთმა – აშშ-მა და ევროკავშირმა – არჩევნებამდე და მის შემდეგ.
ძირითადი მიგნებები
„მისიის მთავარი დასკვნა ის არის, რომ მაისში გამოვლენილი რისკები – „უცხოელი აგენტების“ შესახებ ახალი კანონის მიღება, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე, ოპოზიციური პარტიების წარუმატებლობა ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების საქმეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უარი დაპირებული საარჩევნო რეფორმის განხორციელებაზე, ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციული კამპანიები და შიშის გაღვივება – კვლავ რჩება“, – ნათქვამია შეფასებაში. „მაისიდან მოყოლებული ხელისუფლებამ შემდგომი ავტოკრატიული ზომები დააანონსა, მათ შორის ყველა ოპოზიციური პარტიის გაუქმება და „ნიურნბერგის“ პროცესები სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის იმ წარმომადგენლების დასაპატიმრებლად, რომლებიც მათ აკრიტიკებდნენ“.
„მისიის კიდევ ერთი მიგნებაა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის ბევრი წარმომადგენლის რწმენა იმაში, რომ ქართველი ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა განწყობილი და არჩევნებს განიხილავს როგორც არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის. დაშინებისა და შესაძლო მანიპულაციების შემთხვევაშიც კი, ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს“, – ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა, მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგებიან ისინი, ვინც ყურადღებით ადევნებს თვალყურს ამომრჩევლების მოსაზრებებს და დროს თბილისის გარეთ ატარებს. ავტორის თქმით, „ისინი აცხადებენ, რომ ქართველების უმრავლესობისთვის მთავარი საკითხი ეკონომიკა და სამუშაო ადგილებია და არა ევროკავშირში გაწევრიანება, და „ქართული ოცნების“ გზავნილი „კეთილდღეობა თუ სანქციები“ – რუსეთთან ვაჭრობაზე ქართველების დამოკიდებულების აღქმა – საკმაოდ რეზონანსული გახდა. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ მუქარა, რომ ოპოზიციის გამარჯვება ომს ნიშნავს, ასევე დამაჯერებელია ბევრი ამომრჩევლისთვის“.
დოკუმენტში აღნიშნულია არჩევნების შემდგომი არასტაბილურობისა და კონფლიქტის ალბათობა, მიუხედავად იმისა წააგებს თუ მოიგებს ოპოზიცია. „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, სავარაუდოდ, მოყვება ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ და ქუჩის საპროტესტო აქციები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხელისუფლება დამარცხებას შეეგუოს. „აშშ-ისა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელები უნდა მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის და შეიმუშაონ ერთიანი სტრატეგია არასტაბილური პოსტსაარჩევნო პერიოდისთვის. საქართველოს უდიდესი უპირატესობა ყოველთვის იყო დემოკრატია. ამის გარეშე, აშშ-მა და ევროკავშირმა ეჭვქვეშ უნდა დააყენონ მომავალში ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობის შედარებითი ღირებულება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
შეფასების თანახმად, მისია შეშფოთებულია არჩევნების შემდგომი არასტაბილურობისა და კონფლიქტის ალბათობის გამო. საარჩევნო პროცესის მიმართ ხშირად გამართლებული უნდობლობის გათვალისწინებით, მისიას უთხრეს, რომ ოპოზიციის დამარცხების შემთხვევაში ფართომასშტაბიანი პროტესტი დაიწყებოდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არავის, ვისაც მისია შეხვდა, სჯეროდა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში დათმობაზე წავიდოდა, რაც ასევე გამოიწვევდა სამოქალაქო არეულობას.
რეკომენდაციები:
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა არჩევნებამდე უნდა გადადგან ნაბიჯები, რათა „ქართული ოცნების ხელისუფლებას გაუზიარონ შეშფოთება მის მიერ განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებების, მათ შორის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის განხორციელების თაობაზე“.
არჩევნებამდე გადასადგმელი ნაბიჯებია:
- ევროკავშირს შეუძლია მოგზაურობაზე აკრძალვა დაუწესოს „ქართული ოცნების“ იმ ლიდერებს, რომლებმაც ხმა მისცეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონს;
- აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს კანონმდებლობა, რათა პასუხი გასცეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც კვლავ ეუბნება ამომრჩეველს, რომ ის აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობს და რომ აშშ იტყუება;
- შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს პერსონალური და ფინანსური სანქციები „ქართული ოცნების“ შერჩეული ლიდერების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ;
- ევროკავშირს შეუძლია ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი განიხილოს (როგორც ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, ეს ნაბიჯი რეალურად აჩვენებს ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებების შედეგებს);
- აშშ-ისა და ევროკავშირის დახმარების სააგენტოები უნდა დაეხმარონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შეუსრულებლობაში, მათ შორის პოტენციური ჯარიმებისა და იურიდიული ხარჯების დაფარვაში;
- უნდა გაიზარდოს დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებით რეგიონული მედია საშუალებების ფინანსური მხარდაჭერა;
- აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვი ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.
არჩევნების შემდეგ აშშ და ევროკავშირი უნდა მოემზადონ სხვადასხვა სცენარისთვის და შესაბამისად იმოქმედონ:
- საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა დადგეს არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნების უკან;
- ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა ჩადონ არჩევნების შემდგომ დამკვირვებელთა ძალისხმევაში, მათ შორის მაღალი დონის საერთაშორისო დელეგაციებში, და არჩევნების შემდეგ მხარდაჭერა გამოუხატონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. აშშ-მ უნდა განიხილოს არჩევნების შემდეგ კონგრესის ორპარტიული დელეგაციის გამოგზავნის საკითხი.
თუ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს და დამკვირვებლები დაადასტურებენ შედეგებს…
- საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით უნდა დააკვირდეს პოსტსაარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით ხელისუფლების პასუხს მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე;
- ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება საჭირო რეფორმების განხორციელებამდე;
- კონგრესმა უნდა გააგრძელოს საქართველოსთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, თუ „ქართული ოცნება“ არ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და გააგრძელებს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობის მიღებას;
- თუ ქვეყანა განაგრძობს ავტოკრატიულ გზას, საერთაშორისო საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს: 1. საქართველოს ავტოკრატიულ ხელისუფლებასთან ნებისმიერი პარტნიორობის ფასი, და 2. არის თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სანდო პარტნიორი რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მისი კავშირების გათვალისწინებით.
თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს…
- ევროკავშირი და აშშ უდავოდ მოითხოვენ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. თუ „ქართული ოცნება“ ხელს უშლის ძალაუფლების გადაცემას, საჭირო იქნება ხელისუფლებისთვის საერთაშორისო დახმარებისა და მასთან თანამშრომლობის მუდმივი შეწყვეტა, ასევე სანქციების დაწესება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმება;
- თუ ცესკო „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებულად გამოაცხადებს, მაგრამ მონიტორინგის ჯგუფებს დაბრკოლებები შეექმნებათ, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანი იქნება საჩივრების განხილვის, აუდიტის, ხმების ხელახალი დათვლისა და საჭიროების შემთხვევაში ახალი არჩევნების ჩატარების პროცესის უზრუნველსაყოფად;
- შედეგის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით სადამკვირვებლო და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი. უნდა გამოიძებნოს დაფინანსების გზები, როგორც ეს აზერბაიჯანშია, თუ სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე დაიხურება. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობითა და საჯარო დიპლომატიის ძალისხმევით, საჭიროა კავშირის შენარჩუნება ქართველ ხალხთან, რომელიც უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/09/2024 – „სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო კამპანიის წინ „ძლიერ პოლარიზაციასა“ და სხვა გამოწვევებზე საუბრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)