skip to content
ახალი ამბები

ჩხოროწყუში ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია

ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, სადაც ოპოზიციამ თანამშრომლობა წარმატებით შეძლო და საკრებულოს თავმჯდომარედ საერთო კანდიდატი აირჩია. დღეს ამ პოსტზე ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ლელომ მხარი პარტია საქართველოსთვის კანდიდატს, შოთა წურწუმიას დაუჭირეს.

წურწუმიამ 15 ოპოზიციონერიდან 14-ის ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი – გაბათილდა. დღევანდელ სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა არ მიიღეს ქართული ოცნების დეპუტატებმა. ჩხოროწყუს 27-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 12 მანდატი აქვს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და პარტია საქართველოსთვის 7-7, ლელოს კი – 1.

მანამდე, 3 და 9 დეკემბერს ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარე ორჯერ ვერ აირჩიეს. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს მხარდაჭერისა, 9 დეკემბერს წურწუმიამ საჭირო 14 ხმა ვერ მიიღო, რამდენადაც ფარულ კენჭისყრაში ერთმა ოპოზიციონერმა ხმა ქართული ოცნების კანდიდატს მისცა, ერთი ბიულეტენი კი – გაბათილდა.

კენჭისყრის წინა ვითარება საკრებულოში

კენჭისყრამდე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის დეპუტატებს შორის ერთგვარი კამათი გაიმართა, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ქართულმა ოცნებამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პარტია საქართველოსთვის ერთმანეთთან „შერწყმასა“ და „პოლიტიკურ ქორწინებაში“ დაადანაშაულა.

ქართული ოცნების დეპუტატმა, ჯუმბერ იზორიამ, რომელიც 9 დეკემბერს საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად ჩატარებულ კენჭისყრაში მონაწილეობდა, თუმცა წარუმატებლად, ოპოზიციას სხდომის გადადება დასხდომა და საუბარი შესთავაზა.

მანვე აღნიშნა, რომ მას ოპოზიციონერ დეპუტატებთან მსჯელობა ჰქონდა, რომ დამსხდარიყვნენ და ესაუბრათ, თუ რა იქნებოდა „ჩხოროწყუელებისთვის და ხვალინდელი საქართველოსთვის უკეთესი“. თუმცა, „სამწუხაროდ, ზოგიერთებმა ტელეფონიც არ აიღეს“.

იზორიამ ასევე ეჭვი გამოთქვა, თუ რამდენად შეძლებს წურწუმია სიტუაციის მართვას, საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში. თუმცა, მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი მას არ დაუპირისპირდება და კენჭისყრაზე საკუთარ კანდიდატურას არ დააყენებს.

ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, კორნელი წურწუმიამ იმედი გამოთქვა, რომ ჩხოროწყუში ოპოზიციის თანამშრომლობა დანარჩენი საქართველოსთვის ერთგვარ მისაბაძ მოდელად იქცევა.

მხარეთა შეფასებები

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და გახარიას პარტიას შორის კოალიცია „უკვე ოფიციალურად გაფორმდა“.

მანვე აღნიშნა, რომ ეს ორ პარტია „საერთო თამაშს“ თამაშობს და გიორგი გახარია საკუთარი ქმედებებით „სწორედ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე ასხამდა წყალს“.

„დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას“, – განაცხადა სუბარმა.

ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში, პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ თქვა, რომ ისინი „სისტემურ კოალიციას“ არავისთან აპირებენ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის ის, რომ „ბალანსის“ პრინციპის დაცვით, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას ერთად დასხდომისა და მუშაობის საშუალება მიეცეთ, მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე.

„კარგი იქნებოდა, რომ ქართული ოცნებაც გამხდარიყო ამის თანამონაწილე [ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევის]“, – ხაზი გაუსვა ქემოკლიძემ და დასძინა, რომ „ბალანსის პრინციპი ამას არ შეეხება“.

ქემოკლიძემ ასევე მიანიშნა, რომ პარტია საქართველოსთვის ქართულ ოცნებას საკრებულოში სხვადასხვა მმართველ პოზიციას შესთავაზებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button