skip to content
ახალი ამბები

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 3%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ მიერ 19 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14.701 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3%-იანი ზრდაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 2.5%-ით გაიზარდა და 4.174 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 3.3%-ით, 10.527 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 6.353 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.2%-ია.

იმავე პერიოდში თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, რომელთან სავაჭრო ბრუნვამაც 2.085 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდის რუსეთი 1.636 მლრდ აშშ დოლარით; აშშ 1.279 მლრდ აშშ დოლარით; ჩინეთი 1.235 მლრდ აშშ დოლარით და აზერბაიჯანი 848 მილიონი აშშ დოლარით.

საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სია შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი – 746 მლნ აშშ დოლარი, ყაზახეთი – 538 მლნ აშშ დოლარი, აზერბაიჯანი – 476 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი – 469 მლნ აშშ დოლარი, და სომხეთი – 412 მლნ აშშ დოლარი.

იმპორტის თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი 1.762 მლრდ აშშ დოლარით, მას მოსდევს აშშ 1.186 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი 1.167 მლრდ აშშ დოლარით, ჩინეთი 1.033 მლნ აშშ დოლარით და გერმანია 769 მლნ აშშ დოლარით.

2024 წლის იანვარ-აგვისტოში სასაქონლო ჯგუფებიდან ექსპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები – 1.478 მლრდ აშშ დოლარით. მას მოსდევს ფეროშენადნობები 220 მლნ აშშ დოლარით; ყურძნის ნატურალური ღვინოები – 197 მლნ აშშ დოლარით; სპირტიანი სასმელები – 187 მლნ აშშ დოლარით; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 148 მლნ აშშ დოლარით; მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე – 112 მლნ აშშ დოლარით; წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით – 93 მლნ აშშ დოლარით; აზოტოვანი სასუქები – 81 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 75 მლნ აშშ დოლარით; ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით – 67 მლნ აშშ დოლარით; დანარჩენი საქონელი – 1.516 მლრდ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 1.978 მლრდ აშშ დოლარით, რომელსაც მოსდევს ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 881 მლნ აშშ დოლარით; სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 416 მლნ აშშ დოლარით; ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები – 259 მლნ აშშ დოლარით; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 210 მლნ აშშ დოლარით; სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის – 201 მლნ აშშ დოლარით; სატვირთო ავტომობილები – 139 მლნ აშშ დოლარით; წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე – 112 მლნ აშშ დოლარით; სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან – 103 მლნ აშშ დოლარით; შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები – 92 მლნ აშშ დოლარით და დანარჩენი საქონელი 6.136 მლრდ აშშ დოლარით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button