skip to content
ახალი ამბები

ექსპერტული დოკუმენტი გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ რისკებს დეტალურად აღწერს

26 ოქტომბრის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, გერმანიის მარშალის ფონდმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით „საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები: წინასაარჩევნო რისკების შეფასება“, რომლის ავტორიც გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) უფროსი ვიცე-პრეზიდენტი ლორა თორნტონია. დოკუმენტი დეტალურად აღწერს რისკებსა და პრობლემებს საქართველოს პოლიტიკურ წინასაარჩევნო გარემოში, საკანონმდებლო ჩარჩოსა და საარჩევნო ადმინისტრაციაში, ასევე საარჩევნო კამპანიის გარემოში, მედიასა და საინფორმაციო სივრცეში.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ირგვლივ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ავტორი აცხადებს, რომ საქართველოს წინაშე არსებული „ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი“ არის „არასტაბილური და განვითარებადი კრიზისი, რომელმაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს დაუპირისპირა“. თორნტონი პოლიტიკურ ძალადობასა და დაპატიმრებებს, ასევე არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებულ პრობლემებს წინასწამეტყველებს.  

იგი ასევე აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია მედიისა და არჩევნების დამკვირვებლების როლის შეზღუდვა, თუმცა იქვე დასძენს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, არჩევნების შედეგები არ არის „წინასწარ გადაწყვეტილი“, თუ გავითვალისწინებთ ქართველი ხალხის მიერ ამგვარი დაბრკოლებების გადალახვის გამოცდილებას.

რისკებზე საუბრისას ავტორი წერს: „ეს რისკები ანაცვლებს, თუმცა ეფუძნება სხვა ხარვეზებს, რომლებიც გამოვლინდა საარჩევნო კანონმდებლობასა და ადმინისტრაციაში, მედიასა და საინფორმაციო სივრცეში, ასევე პოლიტიკურ სათამაშო ველში“.

ოქტომბრის არჩევნების წინ საქართველოს „დიდი ხნის რისკების ტოქსიკური გარემო“ ელოდება, რომელიც პოტენციურად მოიცავს სამოქალაქო არეულობას ქართული საზოგადოების სეგმენტების, მათ შორის მედიის მიმართ ძალადობის გამო, დაკავებებისა და დაშინების მზარდ რაოდენობას, არჩევნებზე სადამკვირვებლო პროცესის გაუქმებას ან შეზღუდვას, მედიის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენების გაშუქების შეზღუდვას, აუცილებელი საარჩევნო რეფორმების განუხორციელებლობას, „ქართული ოცნების“ საინფორმაციო კამპანიებს ომისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხეების შესახებ.

რეკომენდაციები

დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის არსებული რისკების შესამცირებლად.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის

  • შეიმუშავონ და გაავრცელონ კონტრნარატივები, რათა თავიდან აიცილონ დეზინფორმაციული კამპანიები „ქართული ოცნებისა“ და კრემლის მხრიდან ომის საფრთხეების, დასავლელი მოკავშირეების როლისა და უცხოელი აგენტების კანონის შესახებ; ზუსტად ახსნას უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და მისი შესაძლო საფრთხე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის;
  • არჩევნების, ელექტრონული ხმის მიცემის და საარჩევნო ვარიანტების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება;
  • (მედიისთვის) უზრუნველყოს პლატფორმები მრავალფეროვანი კანდიდატებისთვის, შეისწავლოს საარჩევნო დარღვევები, უზრუნველყოს ფართო გაშუქება სოფლად;
  • არჩევნების შემდეგ, ერთიანი მიდგომით მკაფიოდ წარუდგინოს საზოგადოებას არჩევნებზე დაკვირვების მონაცემები და დარღვევების დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანი იქნება, რომ დამკვირვებლებმა არჩევნების სამართლიანობაზე ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ.

საერთაშორისო საზოგადოების/დონორებისთვის:

  • მთავრობებმა და პოლიტიკის შემქმნელებმა ძლიერი პასუხი უნდა გასცენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებს. კერძოდ, ევროკავშირი უნდა შეუერთდეს შეერთებულ შტატებს სანქციების და მოგზაურობის აკრძალვის შეთავაზებით „ქართუილი ოცნების“ ოფიციალური პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის. უნდა შეწყდეს პირდაპირი ორმხრივი დახმარება და მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებისთვის;
  • ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის გაუქმების საკითხი მანამ, სანამ არ განხორციელდება საარჩევნო რეფორმები კანდიდატის მისანიჭებლად საჭირო მოთხოვნების შესაბამისად. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნდა განიხილოს საპასუხო მისიის საკითხი, რათა ზეწოლა მოახდინოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე, რათა დაიცვან წინა შეთანხმებები;
  • შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა გაზარდონ მხარდაჭერა არჩევნებზე ადგილობრივი დამკვირვებლებისა და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მიმართ, ასევე სახალხო დიპლომატიის მცდელობებისთვის, რათა გაუმკლავდნენ დეზინფორმაციას ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ავრცელებს;
  • შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭირონ არჩევნების შეფასების უცხოურ მისიებსა და სადამკვირვებლო ძალისხმევას, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკულ მხარდაჭერას წარმოადგენს;
  • ხელისუფლების ლიდერებმა არჩევნების წინ საჯაროდ უნდა გამოხატონ სერიოზული ეჭვი ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ტარდება გართულებული არაპარტიული დაკვირვებისა და წარუმატებელი საარჩევნო რეფორმის პირობებში;
  • არჩევნების შემდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს ადგილობრივი დამკვირვებლების მუშაობას და მათ მიგნებებზე გაამახვილონ ყურადღება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button