როგორ გარიცხეს ზვიად გამსახურდია მწერალთა კავშირიდან – 1977 წელი
04.01.1977
საბჭოთა კავშირში, თავისუფალი პრესა არ არსებობდა. ყველა ბეჭდური ორგანიზაცია, სახელმწიფოს იდეოლოგიურ კონტროლს გადიოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიცემოდა. მიუხედავად უმკაცრესი კონტროლისა, მთელი იმპერიის მაშტაბით არსებობდა ე.წ. სამიზდატები – არალეგალური სტამბები, რომლის მეშვეობითაც დისიდენტები საკუთარ აზრებს ავრცელებდნენ. “სამიზდატის” მოწყობა მარტივი არ იყო. პრაქტიკულად შეუძლებელი იყო საბეჭდი მანქანის შოვნა, რადგან ყველა საბეჭდ მანქანას ჩაკერებული ჰქონდა უნიკალური “შრიფტი”, რის მეშვეობითაც უშიშროება მარტივად იპოვიდა მანქანას, შესაბამისად ტექსტის ავტორსაც. ერთ-ერთი მსგავსი სამიზდატს “ოქროს საწმისი” ერქვა, რომელსაც მეტწილად ავტორობდნენ დისიდენტები მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია.
1977 წელს, “ოქროს საწმისის” მეოთხე ნომერში, დაიბეჭდა ზვიად გამსახურდიას წერილი “ღია წერილი საქართველოს მწერალთა VIII ყრილობის პრეზიდიუმს”, რომელშიც ის მკაცრად აკრიტიკებდა ქართველ მწერლებს, რომლებიც ხმას არ იღებდნენ რესპუბლიკაში არსებული რუსიფიკატორულ პოლიტიკაზე. გამსახურდია წერს: ოფიციოზური ქართული მწერლობა დაემსგავსა იმ დაყრუებულ ექიმს, რომელიც, მართალია დიდი გულმოდგინებით სინჯავს თავისი ყურმილით ავადმყოფის სხეულს, მაგრამ არაფერი გაეგება მისი ტკივილებისა. ეს უკეთეს შემთხვევაში. უარეს შემთხვევაში ეს არის ექიმი, რომელიც იყრუებს თავს, რათა ამით დამალოს თავისი უმეცრება და დანაშაულებრივი ინდიფერენტიზმი ავადმყოფის ბედისადმი. ეს ავადმყოფი დღეს ჩვენი ერია, რომელიც მოელის ჭეშმარიტ გულისხმიერ ექიმს. ორი დღის განმავლობაში ყრილობაზე ათობით ორატორი გამოვიდა. არც ერთ მათგანს სიტყვა არ დაუძრავს ერის ტკივილებზე, საჭირბოროტო ეროვნულ პრობლემებზე. გაისმა ერთადერთი ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა: რევაზ ჯაფარიძის გამოსვლა, რომელსაც „ღია კარების მტვრევა“ უწოდა ე.შევარდნაძემ თავის დასკვნით სიტყვაში. ცხადია, რ.ჯაფარიძის გამოსვლას ოფიციალობის ენაზე დაერქმევა მწერლის „უცნაურობით“ და „ორიგინალობის ძიების წყურვილით“ გამოწვეული გამოხდომა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ პრეზიდიუმის არც ერთ წევრს ტაში არ დაუკრავს მისთვის, თუმცა დარბაზი მქუხარე ოვაციებით შეეგება მას… ბევრი გაუგებრობა დაიბადა აგრეთვე ჩვენში „მავნე ჩვევებთან და ტრადიციებთან ბრძოლასთან“ დაკავშირებით. ამ ბოლო დროს სამწუხაროდ ცხადი ხდება, რომ ეს „მავნე ტრადიციებთან ბრძოლა“ ნიღაბია რელიგიასთან და ეროვნულ თვითმყოფადობასთან ბრძოლისა.
დღესდღეობით ყველაზე უფრო მახინჯი და ნეგატიური მოვლენა ის გახლავთ, რომ საქართველოში რუსიფიკაცია სახელმწიფო პოლიტიკის მთავარ გეზად იქცა. ქართული ენის კანონგარეშე გამოცხადება, ქართულ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში რუსული ენის გაბატონების ცდები, ქართველ მეცნიერთათვის აკრძალვა ქართულ ენაზე სახელმძღვანელოების წერისა, აი, რა არის ყველაზე მახინჯი და საგანგაშო მოვლენა. ქართულმა მწერლობამ უნდა სთქვას თავისი სიტყვა ამ მოვლენებთან დაკავშირებით, კმარა წაყრუება საჭირბოროტო ეროვნულ პრობლემებზე, კმარა ოცნება პრივილეგიებზე, თანამდებობებზე და „ჩინ–მედლებზე“, დროა მივხედოთ ერის ტკივილებს.”
გამსახურდიას წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მთავრობის კონტროლირებად პრესაში, ერთი-მეორის მიყოლებით იბეჭდებოდა გამსახურდიას საწინააღმდეგო სტატიები. 1977 წლის 23 მარტს, გაზეთ “კომუნისტში”, გამოქვეყნდა სტატია “ვის აძლევს ხელს”, რომელშიც უცნობი ავტორი (არ არის მითითებული), ვრცელ შესავალში ყვება იმ ნეგატიურ გავლენაზე თუ როგორ ურევენ გონებას ქართველ ახალგაზრდებს დასავლური რადიო ტალღები და რესპუბლიკის სტუმრები, ხოლო შემდეგ კი გადადის მთავარ თემაზე: “მარშანიასა და მავანთათვის მიზანი საშუალებებს მაშინაც კი ამართლებს, თუ ეს საშუალებები მტკნარი სიცრუეა ხოლო მიზანი, თურმე, იგივე ყოფილა: გაუღვიძონ ქართველებს ნაციონალიზმი. რას იზამ, გასაგებია ღრმად მოხუცებულ ,,ხალხის მამათა“ დარდი ფეოდალური ჩარჩოებით შემოფარგლული მამულისათვის. მაგრამ საეჭვოა, რომ ამ დარდს ვინმე იზიარებდეს საქართველოში.
თუმცა…
ცხოვრობს თბილისში, საკუთარ სახლში „ახალგაზრდა მწერალი“ როგორც აცნობს ხოლმე იგი თავის თავს უცხოელ სტუმრებს, მან თავისთვის „ადამიანის უფლებათა დაცვის თბილისის საინიციატივო ჯგუფის! წევრის ტიტულიც კი გამოიგონა. იგი მართლა წერს და იცავს, მაგრამ ჯერჯერობით მისი შემოქმედება იმით განისაზღვრება, რომ წერილებს სწერს თბილისის პროკურატურას და მიუნხენის რადიოსადგურს სთხოვს „დაიცვან მისი უფლება” და თანაც, სხვათა. შორის, ,,აღადგინონ საქართველოში თავისუფლება და დემოკრატია“, მისი უფლება საავტორო უფლებაა. არა საკუთარი შემოქმედების უფლება, არამედ მამამისის, გამოჩენილი მწერლის, აწ განსვენებული კონსტანტინე გამსახურდიას თხზულებათა კრებულის უფლება, ამ უფლებას „უფლებათათვის ახალგაზრდა მებრძოლი“ საკუთარ დას ნ. გამსახურდიას ეცილება და ოფიციალურ ინსტანციებს ალტერნატივის წინაშე აყენებს: ან მომეცით მამის მემკვიდრეობის ყოველგვარი უფლებად ან ხელსმივყოფ ცილისწამებასო, პრეტენზიები მემკვიდრეობაზე, რომელიც კანონის შესაბამისად გაიყოფა, ცხადია, არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.”
ამ წერილს, მალევე მოჰყვა სტატია “ახალგაზრდა კომუნისტში”, ხოლო შემდეგ კი ისევ კომუნისტში (1977 1 აპრილი) რომელშიც პროფესორი ვენორი ქვაჩახია პასუხობს გამსახურდიას [ავტორისგან: სავარაუდოდ, ქვაჩახია პასუხობს გამსახურდიას იგივე პათოსში დაწერილ სტატიას, რომელიც თსუ-ში მოღვაწ პედაგოგებს შეეხება], რომელიც გამსახურდიას ის, ე.წ. შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი, როგორც მეცნიერი რომელსაც არაფერი გაუკეთებია საზოგადოებრივ სფეროში.
გაზეთ “კომუნისტში”, ქვაჩახიას წერილს, თანვე დაერთო თსუ-ს პროფესორთა საერთო მიმართვა, რომელიც შემდეგნაირად სრულდება: “დროა საგნებს თვისი სახელი ვუწოდოთ: ზვიად გამსახურდიასა და მის თანამოაზრეთა მოქმედება სამშობლოს, სოციალიზმის წინააღმდეგ მოქმედებად უნდა შეფასდეს და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იქნას განხორციელებული. ასეთია თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის დიდი და სახელოვანი კოლექტივის წევრთა საერთო აზრი.”
ზვიად გამსახურდია და მისი თანამოაზრეები, 1976-77 წლებში აქტიურ დისიდენტურ საქმიანობას ეწეოდნენ. მათ შორის უშვებდნენ რამდენიმე “სამიზდატს”. 1977 წლიდან კი მათი ეტაპობრივი ალაგმვა დაიწყო, რომელიც საბოლოო ჯამში დისიდენტების დაკავებებით დასრულდა. ამ ეტაპზე, ოფიციოზი ბრალს სდებდა “სამიზდატებში” (ის ასევე უშვებდა პოლიტიკურ ჟურნალ საქართველოს მოამბესაც) ნაციონალიზმის გაღვივებას. მაგრამ ყველაზე დიდი ბრალდება, ჟურნალების მიღმა, პროკლამაციის გავრცელება იყო, რომელშიც ნაცისტების მხარეს მებრძოლი ქართველი გენერლის – შალვა მაღლაკელიძის ნეკროლოგი იყო გამოქვეყნებული (გამსახურდია უარყოფდა პროკლამაციასთან რაიმე სახის შემხებლობას).
პირველ აპრილს, მწერალთა სახლში გაიმართა სხდომა, რომელშიც გამსახურდიას გარიცხვის საკითხი იდგა დღისწესრიგში. საკითხის განხილვისას სიტყვით გამოვიდნენ მწერლები გ. აბაშიძე, ი. აბაშიძე, გ. ასათიანი, ხ.ბერულავა, ა. გომიაშვილი, ნ.დუმბაძე, ი. თარბა, ა. კალანდაძე, კ. კალაძე, მ. ლებანიძე, რ.მარგიანი, კ. მარგიევი, ე. მაღრაძე, გ. მერკვილაძე, გ. ნატროშვილი, შ. ნიშნიანიძე, ი. ნონეშვილი, გ. ჟორჟოლიანი, ა. სულაკაური, გ. ფანჯიკიძე, მ. ფოცხიშვილი, დ. შენგელაია, გ. ციციშვილი, ვ.ჭელიძე, ს.ჭილაია, თ.ჭილაძე, ფ.ხალვაში, რ.ჯაფარიძე. მათ ერთსულოვნად დაგმეს ზ.გამსახურდიას საბჭოთა მწერლისა და მოქალაქის სახელთან შეუთავსებელი საქციელი. (გაზეთი “კომუნისტი” 2 აპრილი)
მწერალთა კავშირის პირველი სხდომის სტენოგრამიულ ანგარიშში, ვკითხულობთ (ჟურნალი მატიანე, 2020 N3-4) – ნოდარ დუმბაძე: “მე მიმაჩნია, რომ ამ ჟურნალის ხელმძღვანელი, ან ავტორი ამ მასალისა არ არის ღირსი მწერალთა კავშირის წევრობისა და პირადად ჩემთვის, როგორც მწერლისათვის და კომუნისტისათვის მიუღებელია.”
გრიგოლ აბაშიძე, შეხვედრის თავჯდომარე, გამსახურდიას პასუხად, რომელიც გაემიჯნა პროკალამაციას ამბობს: “შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი. ის, რაც არის – დამტკიცებულია და ამას არ გავხდით სადავოდ. ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ფაქტიური მასალაა. ხომ არ შეიძლება გაზეთი „კომუნისტი“ , „თბილისი“, „ახალგაზრდა კომუნისტი“, „ლიტერატურული გაზეთი“ ტყუილს სწერდეს?!”
ფრიდონ ხალვაში – “ამხანაგები გამოვიდნენ. მე ვეთანხმები ამხანაგების აზრს. სხვა მხრივ საქმის კურსში მე არ ვარ, გარდა იმისა, რაც პრესაში იყო და უმრავლესობის აზრს ვუჭერ მხარს.”
დემნა შენგელაია “მე ვწუხვარ ჩვენი ოჯახის წევრი აქამდე რომ მივიდა და თუ ზვიადი მოახერხებს იმას, რომ გაიმართლებს თავს, არ ვიცი, ეს არის ცილისწამება. თუ ის გაიმართლებს თავს, ეს იქნება ბედნიერება, ეს იქნება მისი გადარჩენა და კონსტანტინეს გადარჩენა და გადარჩენა ჩვენი პრეზიდიუმის სახელის გატეხისა, ეს საკითხი ძალიან რთულია. რთულია ჩემთვის პირადად ბიოგრაფიულად მისი წარმოდგენა, ეს „სამიზდატი“, ეს ყველაფერი, არაფერი სისაძაგლე რომ არ აკლია ამ საქმეს. ეს სამწუხარო მდგომარეობაა. არ აკლია არც ანტიპატრიოტიზმი, არც ამხანაგების დასმენა და გაწირვა. აბა რა არის ანონიმური წერილები. მე ძალიან მენიშნა ერთი სიტყვა, რომელსაც ამბობს სამდვდელოება
„პარანოიკები“.”
როგორც სტენოგრამიდან ირკვევა, გამსახურდიას, ბრალს სდებდნენ ანტისაბჭოთა ტექსტებისთვისაც, ამავდროულად ემიგრანტულ გაზეთებსა და დასავლურ რადიოსიხშირეებთან თანამშრომლობას.
საბოლოოდ კი სხდომას თავმჯდომარე, გრიგოლ აბაშიძე ასრულებს – ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი, გთხოვთ დაუშვათ, ვინ არის წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ. მაშასადამე წინადადება მიღებულია ერთხმად.