skip to content
ახალი ამბები

PACE-ს რეზოლუცია: აგენტების კანონი უარყოფითად აისახება არჩევნებზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) 27 ივნისს მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით  „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“. სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი უარყოფითად აისახება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. PACE საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები სერიოზულ ეჭვებს ბადებს „ქვეყანის ერთგულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ასევე მისი სურვილის მიმართ, რომ შეასრულოს წევრობის ვალდებულებები და ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებები“.

რეზოლუციის თანამომხსენებლები არიან კლოდ კერნი საფრანგეთიდან, რომელიც ALDE-ს (ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის) წარმოადგენს, და ედიტ ესტრელა პორტუგალიიდან, რომელიც SOC-ს (სოციალისტები, დემოკრატები და მწვანეთა ჯგუფი) წარმოადგენს.

რეზოლუცია აკრიტიკებს გადაჭარბებული ძალის გამოყენებას დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ და გამჭვირვალე გამოძიებისა და ანგარიშვალდებულებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, მასში ნათქვამია, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები პოტენციურად არღვევს მოახლოებული არჩევნების სამართლიანობას და მის მიმართ საზოგადოების ნდობას. მთლიანობაში, რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული კურსი, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს და უზრუნველყოს გამჭვირვალე, სამართლიანი საარჩევნო პროცესი, რომელიც თავისუფალი იქნება არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონი

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ასამბლეა იზიარებს ვენეციის კომისიის მიერ კანონის შეფასებას და დასძენს, რომ „ამ კანონს არაფერი აქვს საერთო არაკომერციული სუბიექტების, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედიის ფინანსურ გამჭვირვალობასთან – რისთვისაც საქართველოში უკვე არსებობს ყოვლისმომცველი საკანონმდებლო ბაზა – არც ფარული უცხოური ჩარევის პრევენციასთან, არამედ ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებას არასათანადო პოლიტიკური კონტროლი განახორციელოს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაზე“.

რეზოლუციის თანახმად, ასამბლეა მიიჩნევს, რომ აგენტების კანონი არ არის იზოლირებული შემთხვევა, არამედ ეს არის „განვითარებული მოვლენების კულმინაცია, რაც აშკარად მიუთითებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე“. ამ კონტექსტში, რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას ამ „ტენდენციის“ შეცვლისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში კანონი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტშიცაა მოხსენიებული და ნათქვამია, რომ კანონი უარყოფითად აისახება არჩევნების ჩატარებაზე, ასევე მისი შედეგების მიმართ დაინტერესებული მხარეებისა და საზოგადოების ნდობაზე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების ლეგიტიმურობაზე.

რეზოლუციის თანახმად, ამ სადავო კანონმდებლობამ მოახლოებული არჩევნები „დე ფაქტო რეფერენდუმად“ აქცია, საგრძნობლად აამაღლა ფსონები ამ არჩევნებზე და წინასაარჩევნო კლიმატს პოლარიზაციას და დაძაბულობას მატებს.

პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენება

ასამბლეა ასევე შეეხო საქართველოში ბოლო დროს გამართულ საპროტესტო აქციებსა და დაშინების კამპანიას. მან შეშფოთება გამოხატა პოლიციის მიერ გადაჭარბებული და არაპროპორციული ძალის გამოყენების, დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების მიმართ ძალადობრივი თავდასხმებისა და დაშინების კამპანიების გამო და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები და დაშინების შემთხვევები არ იქნა საკმარისად გამოძიებული და დაგმობილი საქართველოს ხელისუფლების მიერ, რამაც „შესაძლოა ამგვარი ქმედებების მიმართ დაუსჯელობის ატმოსფერო შექმნას“.

ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას სათანადოდ გამოიძიოს ყველა შემთხვევა და უზრუნველყოს ყველა მომიტინგის, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის, ჟურნალისტისა და დეპუტატის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი აზრისა უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში, რეზოლუცია ასევე აკრიტიკებს საქართველოს კანონს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ და მას ფუნდამენტურად ხარვეზიანს უწოდებს, ვინაიდან ის „ადმინისტრაციული პატიმრობისა და ზედმეტად მაღალი ჯარიმების ფართო გამოყენების საშუალებას იძლევა“.

საარჩევნო ცვლილებები

რეზოლუცია ასევე ეხმაურება საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ითვალისწინებს ოპოზიციის მიერ დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებას, ცესკო თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიონალი წევრების არჩევის პროცედურის შეცვლას.

„ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს მმართველ უმრავლესობას, თავად შეარჩიოს და დანიშნოს ცესკოს თავმჯდომარე და უპარტიო წევრები, რის შედეგადაც მას, ფაქტობრივად, ცესკოში უმრავლესობა ეყოლება. ასამბლეის შეშფოთებას ამძაფრებს საარჩევნო კოდექსში ბოლო წუთში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც ნაჩქარევად იქნა მიღებული, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუცია აფრთხილებს, რომ ეს ცვლილებები გავლენას მოახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის თაობაზე დაინტერესებული მხარეების აღქმაზე, რაც საბოლოო ჯამში არჩევნების ლეგიტიმურობასა და სამართლიანობაზე აისახება.

ამ კონტექსტში, რეზოლუცია ასევე შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ „რეალურად შესაძლებელია“, რომ პატივსაცემ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლოა აგენტების კანონის გამო არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცეთ.

ანტი-ლგბტ კანონმდებლობა

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ანტი-ლგბტ კანონპროექტი „ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან.

„სამწუხაროა წინასაარჩევნო პერიოდში ასეთ ემოციურად დატვირთულ საკითხებზე ამ საკამათო კანონპროექტების წარდგენა. ამ კონტექსტში ასამბლეა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას წინასაარჩევნოდ ლგბტი-ფობიის პოლიტიკური მანიპულირების გამო“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ის მოუწოდებს ხელისუფლებამ სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის დასკვნაში გამოთქმული შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონების შესახებ.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button