skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების“ კანონზე ვენეციის კომისიის კრიტიკულ მოსაზრებას „უსუსურს“ უწოდებს

22 მაისს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტიზე ვენეციის კომისიის მოსაზრებას გამოეხმაურა და მას „უსუსური“ უწოდა. მისი თქმით, „ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე საერთოდ უარი აქვს ნათქვამი“.

ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა დაიცვა სადავო კანონპროექტი და გაიმეორა ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დასავლელი პარტნიორების მიმართ, კანონის ირგვლივ „ჯანსაღი დისკუსიისთვის” სივრცის დახურვაში მათი სავარაუდო როლის გამო. კობახიძემ ოპონენტების პოზიციას კანონპროექტთან დაკავშირებით „გამჭვირვალობის წინააღმდეგ ბრძოლას“ უწოდა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კომისიის მოსაზრება „უბრალოდ არის სავსე აბსურდული ჩანაწერებით და მათ შორის ტყუილებით“. „მაგრამ საზოგადოება უყურებს საბოლოო ჯამში არა იმას, თუ რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ უყურებს იმას, თუ სად არის სიმართლე და ეს არის ერთ-ერთი სერიოზული მიღწევა, რაც ჩვენ გვაქვს ამ 2-3 წლის განმავლობაში“. ამ კონტექსტში, მან განაცხადა, რომ „დღეს ჩვენი ქვეყანა არის სუვერენული, როგორც არასდროს. ამაში მათ შორის იგულისხმება ის, რომ საზოგადოება უფრო მეტად აფასებს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ანუ დამოუკიდებლობის ფასი დღეს უფრო მეტად აქვს გააზრებული ქართულ საზოგადოებას დღეს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც 3-4 წლის წინ“.

სხვა საკითხებთან ერთად, ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა წარსულში ორი „რევოლუციური მცდელობის“ შეთქმულებაზე და ასევე „ქართული ოცნების“ ოპონენტებს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ უწოდა, რომელიც „ერთი ხელით“ იმართება. მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მოვალეობაა, საზოგადოებას ეს სიმართლე გაუმჟღავნოს.

ინტერვიუში პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო გამჭვირვალობის თაობაზე წარსულ გამოცდილებას, მათ შორის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. „გაუმჭვირვალობამ აცდუნა როგორც ორგანიზაცია, ასევე დონორი, რომ გაეყალბებინათ პარალელური დათვლის შედეგები, თუმცა, როგორც კი საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გავხადეთ ინფორმაცია დონორების თაობაზე, მათ შორის USIAD-სა და NDI-ს თაობაზე, მაშინვე მოუწიათ უკან დახევა. საბოლოო ჯამში, პარალელური დათვლის მთავარი დანიშნულება რაც იყო, რიგგარეშე არჩევნების გამოწვევა, ეს ვეღარ მოხერხდა”.

პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააჟღერა რიტორიკა „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ და ამ კონტექსტში „აშშ-ისა და ევროკავშირის დეოლიგარქიზაციის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან იმედი გამოთქვა, რომ „უახლოეს წლებში ევროკავშირი მოახერხებს გათავისუფლებას ამ მავნე გავლენებისგან და მოხდება ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დეოლიგარქიზაცია“. მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პარტნიორებს, კერძოდ, ევროკავშირსა და აშშ-ის „გლობალური ომის პარტიად“ არ მოიხსენიებს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიოდ გამოხატული პოზიცია. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ინტეგრაცია, უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თუმცა იქითა მხრიდან ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო პროცესებს სწორედ იმ გავლენების გამო, რომელიც არსებობს როგორც ერთ, ასევე მეორე სუბიექტზე. „გლობალურ ომის პარტიასთან“ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის ძალიან მტკივნეული, რთული ბრძოლა, მათ შორის, პერსონალური კუთხითაც“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრი კობახიძე ასევე გამოეხმაურა მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ, სავარაუდოდ, ფლობს ინფორმაციას, რომელმაც მმართველი პარტიის რეპუტაცია შეიძლება დააზიანოს. „ვერავითარი ინფორმაცია ვერ იარსებებს, ერთადერთი რაზეც შეიძლება არსებობდეს ინფორმაცია, ეს არის ჩვენი გუნდის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. რაც შეეხება იმ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ექვემდებარებოდნენ „გლობალურ ომის პარტიას”, ისინი პირდაპირ და უხეშად უპირისპირდებოდნენ ამ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, რამაც გამოიწვია საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა 2008 წელს“.

მან ასევე განაცხადა, რომ „გამჭვირვალობა“ გაართულებს ეკლესიაზე თავდასხმებს და „ლგბტ პროპაგანდას“ უცხოური დაფინანსებით, ასევე გამოავლენს ორგანიზაციებს, რომლებიც, პრემიერ-მინისტრის აზრით, მსგავსი საქმიანობით არიან დაკავებულნი.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში განათლების პოლიტიკაზე და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ამ სფეროს ნგრევაში დაადანაშაულა. „კიდევ უფრო მძიმე პრობლემები შექმნეს უმაღლესი განათლების სისტემებში. რომ ავიღოთ თსუ, სადაც მეც ვასწავლი, საერთო სურათი გვაქვს უმძიმესი. ერთ-ერთი ფაქტორი არის ის, რომ პროფესორების დიდი ნაწილი არის მთლიანად პოლიტიკური ნიშნით შერჩეული – ეს ნიშნავს იმას, რომ მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, გასაგებია, ვის მხარეს, და არ აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია“. მან რეფორმების განხორციელების პირობა დადო, თუმცა იქვე ეჭვები გამოთქვა, რომ ამ რეფორმებსაც იგივე წინააღმდეგობა შეხვდება, როგორც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button