ალექსი პეტრიაშვილი ოპოზიციურ პარტია „დროას“ შეუერთდა
ევროპული და ევროატლანტიკული ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი (2012-2014), ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ოპოზიციურ პარტია „დროას“ შეუერთდა. ეს უკანასკნელი პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება“ მოკავშირეა.
„ვფიქრობ, დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული“, – განაცხადა პეტრიაშვილმა 17 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ პარტიების „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ თავმჯდომარეები, ელენე ხოშტარია და ზურაბ ჯაფარიძე. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დაბრუნების მნიშვნელობას, რათა „საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ უსწრაფესად შეძლოს იმ რეფორმების განხორციელება, რომლებიც მოამზადებს ჩვენს ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე“.
ალექსი პეტრიაშვილი აქამდე საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი მკვლევარი იყო, თუმცა გადამწყვეტი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მისი თქმით, მან გადაწყვიტა აკადემიური მოღვაწეობიდან პოლიტიკურ სფეროზე გადავიდეს. 2004-2009 წლებში ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთში. მას დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის 25 წელზე მეტი გამოცდილება აქვს.
ალექსი პეტრიაშვილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ ახლახანს მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა. 28 აპრილს, ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, ის პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავა.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/04/2024 – „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გაათავისუფლეს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)