ახალი ამბები

განახლება: „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გაათავისუფლეს

ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში 2012-2014 წლებში „ქართული ოცნების“ მთავრობაში, რომელიც პოლიციამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავა, 29 აპრილს გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ჩანიშნული მოსმენა 1 მაისისთვის გადადო.

29 აპრილს შსს-მ „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით. ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი ამჟამად საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის (რონდელის ფონდი) უფროსი მკვლევარია.

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქცია საქართველოს პარლამენტის წინ გრძელდება. აქცია რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა დაიწყეს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. აქციის რამდენიმე მონაწილე კანონპროექტის მხარდასაჭერად 29 აპრილის აქციისთვის „ქართული ოცნების“ მიერ დადგმულ სცენაზე ასვლას ითხოვდა, რასაც გარკვეული შეხლა-შემოხლა მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ ადასტურებს.

შენიშვნა: მასალა განახლდა 29 აპრილს 18:08 საათზე და მასში პეტრიაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია აისახა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button