ირანული და ჩინური კომპანიები ოკუპირებულ ცხინვალთან თანამშრომლობის გაძლიერებას გეგმავენ
8 ივნისს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „პრემიერ-მინისტრმა“ კონსტანტინ ჯუსოევმა განაცხადა, რომ მაისში ოკუპირებულ რეგიონს ინვესტიციების საკითხის განხილვის მიზნით ჩინეთის ორი დელეგაცია ეწვია. მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიას ირანის დელეგაციაც სტუმრობდა და თანამშრომლობის შესახებ ე.წ. შეთანხმება გააფორმა.
ჩინეთის ორი დელეგაციის ვიზიტზე საუბრისას, დე-ფაქტო „პრემიერ-მინისტრმა“ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მათგანი კვაისის ტყვია-თუთიის საბადოთი დაინტერესდა ხოლო მეორე დელეგაციამ მათ ქარხნის გახსნა შესთავაზა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩინური მანქანების ასაწყობად.
„ჩვენ ჯერ არ დაგვიზუსტებია [მანქანის] მოდელი, მაგრამ ჩვენი დელეგაცია ოქტომბერში აპირებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩასვლას, სადაც გაგრძელდება საუბარი და უფრო დეტალურად მოვილაპარაკებთ. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი ერთობლივი პროექტის განხორციელება მხოლოდ სამხრეთ ოსეთისთვის შეთავაზებული პროექტების ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტურობის შეფასების შემდეგ მოხდება“, – განაცხადა ჯუსოევმა.
რაც შეეხება ირანის დელეგაციას, „სამხრეთ ოსეთის დელეგაციაც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტსაც გეგმავს და ვფიქრობ, ამ პროცესში ჩვენ გავაფართოვებთ საერთაშორისო თანამშრომლობას“, – აღნიშნა მან.
ინტერვიუს დროს ჯუსოევმა ასევე ისაუბრა დე-ფაქტო ხელისუფლების ძალისხმევაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტურიზმის სექტორის განვითარების მიმართულებით. მან ის პროექტებიც განიხილა, რომლებიც რუსული ბანკების შეღავათიანი სესხების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება – ესენია საკონსერვო ქარხანა და ბუნებრივი ქვის გადამამუშავებელი ქარხანა.
„სამოქალაქო საქართველო“ დაუკავშირდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ირანის საელჩოს თბილისში. საქართველოში ჩინეთის საელჩოსთან დაკავშირებით მცდელობები ამ დრომდე წარუმატებელია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.
ირანის საელჩომ შემდეგი განცხადება გაავრცელა:
„როგორც არაერთხელ ხაზგასმით აღგვინიშნავს, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრინციპული პოლიტიკა გახლავთ სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა. ირანმა, თავისი პარტნიორების მხრიდან არაერთი შეთავაზების თუ თხოვნის მიუხედავად, ნათლად და გარკვევით დააფიქსირა საკუთარი პოზიცია მეგობარი ქვეყნის — საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ, ირანის ხელისუფლების არც ერთი შტოს წარმომადგენელს არასდროს ჰქონია ვიზიტი და თანამშრომლობა ამ რეგიონებში. ჩვენ, იმ შემთხვევაშიც კი, როცა კერძო სექტორის წარმომადგენლები აღნიშნული რეგიონების ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ კითხვით მოგვმართავენ, მათ ვაწვდით ინფორმაციას, აღნიშნულ რეგიონებში, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დაწესებულ სამგზავრო შეზღუდვებზე. ირანის კერძო სექტორი, საქართველოს კერძო სექტორის მსგავსად, ემორჩილება სავაჭრო კანონმდებლობას და ეკონომიკურ დღის წესრიგს. იმედი გვაქვს, შესაბამისი პირობების შემთხვევაში, ირანული კერძო კომპანიები შეძლებენ შეაფასონ რეგიონში საქართველოს ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოს ბაზარზე გაიზარდოს ირანული ინვესტიციები“.
გასულ წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და საქართველომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მხარეები ადასტურებენ ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემას და საქართველო მტკიცედ იცავს ერთი ჩინეთის პრინციპს.
წელს, ჩინეთმაც და ირანმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავი შეიკავეს რეზოლუციის მხარადჭერისგან, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)