skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: პარლამენტი ბოროტად იყენებს მედიის ქცევის წესებს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ 6 ივნისს განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი განაგრძობს გასულ წელს მედიის ქცევის წესებში შეტანილი ცვლილებების გამოყენებას სადამსჯელო ინსტრუმენტად, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ.

ბოლო რამდენიმე დღეში, დეპუტატებმა აკრედიტაცია შეუჩერეს ოთხ ჟურნალისტს კრიტიკული მედია საშუალებებიდან: ნატალია ქაჯაიას და მაკა ჩიხლაძეს ტელეკომპანია „პირველიდან“; სოფო გოზალიშვილს ტელეკომპანია „ფორმულადან“ და ნინი ბალანჩივაძეს ტელეკომპანია „მთავარი არხიდან“.

საგულისხმოა, რომ ოთხივე ჟურნალისტისთვის პარლამენტის აპარატიდან გაგზავნილ წერილში სანქციის მიზეზად სტანდარტულად მითითებულია შემდეგი: „მიუხედავად პარლამენტის წევრის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმისა, თქვენ კვლავ აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერის მცდელობას და არ შეწყვიტეთ ვიდეოჩაწერა“. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ჟურნალისტების დასანქცირების თაობაზე მხოლოდ დეპუტატების დასმენის საფუძველზე, საქმის არსებითად განხილვის გარეშე იქნა მიღებული. ჟურნალისტებს არ აქვთ შესაძლებლობა, გადაწყვეტილება სააპელაციო ორგანოში გაასაჩივრონ.

ქარტიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ დადგენილების მიღებისთანავე გამოთქვა ეჭვი მისი დეკლარირებული მიზნის მიმართ, მოეწესრიგებინა ურთიერთობა პარლამენტის წევრებსა და ჟურნალისტებს შორის. „პრაქტიკამ ეს ეჭვი დაადასტურა. პარლამენტი დადგენილებას იყენებს ბოროტად – თვითცენზურის დასანერგად, ჟურნალისტების დასაშინებლად და საპარლამენტო პროცესებისაგან მათი იზოლირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

იმის გამო, რომ აკრედიტაცია ჟურნალისტებს სახელობითად ეძლევათ, მედიასაშუალებები ვერ ახერხებენ სანქცირებული ჟურნალისტების ჩანაცვლებას სხვა თანამშრომლებით. შედეგად, მათ ერთიდან ექვს თვემდე პერიოდის განმავლობაში არ ეძლევათ საშუალება, ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში საკანონმდებლო პროცესებში ჩართული პირველწყაროსგან მიიღონ.

ქარტია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების ინფორმაციით, დადგენილების მიღების შემდეგ პარლამენტში მათ  მიმართ დამოკიდებულება და მათი სამუშაო პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. „პარლამენტი იმის ნაცვლად, რომ სხვა უწყებებს ღიაობისა და გამჭვირვალობის მაგალითს აძლევდეს, ყველა გზას მიმართავს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიასაშუალებებისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმის შესაძლებლობის წასართმევად“, – აცხადებს ქარტია.

„პარლამენტის წევრებს მმართველი პარტიიდან და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალებიდან არ ესმით თავიანთი მანდატის არსი. მათი მთელი ძალისხმევა მიმართულია კრიტიკულ მედიასთან კონტაქტის შემცირებაზე. დადგენილება, რომლის აღსრულებაში განსაკუთრებული  მონდომებითა და ხალისით არიან ჩართული მმართველი პარტიის ცალკეული, ოდიოზური ქცევით გამორჩეული დეპუტატები, საზოგადოებას აკარგვინებს წვდომას პარლამენტში მიმდინარე საკანონმდებლო პროცესებზე, რის მიმართაც მოქალაქეებს აქვთ ლეგიტიმური ინტერესი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, უარი თქვა დადგენილების  ჟურნალისტებზე შურისძიების ინსტრუმენტად გამოყენებაზე. ქარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტის ეთიკის საბჭოს, იმსჯელოს პარლამენტის იმ წევრების ქცევაზე, რომლებიც რეგულარულად ავლენენ აგრესიას ჟურნალისტების მიმართ და მიმართავს სახალხო დამცველს, რეაგირება მოახდინოს ამ მავნე პრაქტიკაზე, რომელიც ზღუდავს კრიტიკული მედიასაშუალებების თავისუფლებას და მათ მრავალათასიან აუდიტორიას ტოვებს ინფორმაციის გარეშე საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შესახებ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button