ახალი ამბები

“ხალხის ძალა“ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის თაობაზე დასავლეთს უტევს

18 აპრილს „ხალხის ძალამ“ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ ხელახლა ინიცირებული კანონპროექტის დაგმობის გამო დასავლეთს შეუტია. პარტიამ საქართველოს „დაუძინებელი მეგობრები“ ქართულ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მოლაპარაკებების გახსნაზე უარს იტყვის, რათა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა სცადოს, მაგრამ „თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება და ფხიზლად იქნება, დარწმუნებული ვართ, რომ რევოლუციის მესამე მცდელობაც იოლად ჩავარდება“.

განცხადებაში პარტია რიტორიკულად სვამს კითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ  აშშ-ის წინააღმდეგობის მიზეზი „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით ის იყოს, რომ „ამ თანხების უდიდესი ნაწილი რევოლუციურ სცენარებს და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებას, მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციის შელახვას, ლგბტ-პროპაგანდას, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის ხელშეწყობას, რელიგიური ექსტრემიზმის მხარდაჭერას, სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, რადიკალიზაციისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივებას ხმარდება“. პარტიამ აშშ-ის დახმარება „სათაგურში ყველს“ და „კაპიტალდაბანდებას“ შეადარა.

ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთვის აშშ-ის მხარდაჭერაზე საუბრისას, პარტიამ განაცხადა, რომ ის არა ქვეყნის განვითარებას, არამედ „ქვეყანაში აგენტურის დამკვიდრებასა და გაძლიერებას ემსახურებოდა“. „ამ ე.წ. დახმარების შედეგად, მივიღეთ ომი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, 400-ზე მეტი დაღუპული და 30 ათასი დევნილი ქართველი. კრედიტებს, რომლებიც 2008-11 წლებში სააკაშვილის რეჟიმის წაქეზებასა და გადარჩენას მოხმარდა, ქართველი ხალხი დღემდე იხდის“.

განცხადებაში პარტია ასევე შეეხო საქართველოსა და უკრაინას შორის დაძაბულ ურთიერთობებს: „უკრაინის ხელისუფლება ჩვენს დაშანტაჟებას არა საკუთარი ინიციატივით, არამედ იმავე პატრონების კარნახით ცდილობს, რომლებიც სააკაშვილს 2008 წლის ომის დაწყებისას პატრონობდნენ და რომლებიც ახლა უკვე ევროპასაც ფართოდ დაეპატრონენ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ „პატრონებმა“ „2021 წლიდან ევროკავშირის სამივე მთავარი სტრუქტურა ჩართეს საქართველოზე თავდასხმაში“ და რომ „ამ ყველაფრის ერთადერთი მიზანი „ქართული ოცნების“ დანგრევა და ხელისუფლებაში კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურის დაბრუნება იყო“. ამ კონტექსტში, პარტიამ ევროპარლამენტის რეზოლუციები ახსენა, რომლებითაც „უმძიმესი დამნაშავეების გათავისუფლება და ბიძინა ივანიშვილის დასჯა მოათხოვინეს“, ასევე „ევროკომისიასა და ევროპულ საბჭოს 2022 წლის ივნისში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ათქმევინეს უარი. მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოიყვანეს საქართველოში და მისი ხელით, საქართველოს კონსტიტუციის 19 აპრილის შეთანხმებით ჩანაცვლება მოინდომეს“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენს საფუძვლიან მოლოდინსაც: საარჩევნოდ მოლაპარაკებების გახსნაზე უარს გვეტყვიან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობისა და ენჯეოების ხელით, რევოლუციის მოწყობა და ქვეყნის არევა მესამედაც სცადონ. თუმცა, თუ საზოგადოებას სიმართლე ეცოდინება, საქართველო საკუთარ სუვერენიტეტს აუცილებლად დაიცავს და ქვეყანა მშვიდობისა და სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button