სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სახელისუფლებო მედია სიღარიბის შესახებ სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებს
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 30 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ხაზგასმულია, რომ სახელისუფლებო მედია მანიპულირებს სიღარიბის შესახებ „საქსტატის“ მონაცემებით, რომლის თანახმადაც 2023 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი შემცირდა და 145 000-ზე მეტმა ადამიანმა სიღარიბე დაძლია. რეალურად კი, კლება განაპირობა ემიგრანტების რეკორდულმა რაოდენობამ 2023 წელს, ასევე იმ ადამიანების რაოდენობის ზრდამ, რომლებიც სოციალურ შემწეობას იღებენ, ან ფულად გზავნილებზე ცხოვრობენ.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „საქსტატის“ მონაცემები მხოლოდ იმას აჩვენებს, თუ მოსახლეობის რა ნაწილი იმყოფება აბსოლუტურულ სიღარიბეში და არაფერს ამბობს ამ მაჩვენებლის საფუძვლებსა და მიზეზებზე. ორგანიზაცია ამბობს, რომ უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ადამიანების წილი არა მხოლოდ ეკონომიკური გაძლიერებისა და სიღარიბის დაძლევის, არამედ სხვა არაერთი ფაქტორის გამო შეიძლება მცირდებოდეს. მათ შორისაა ის ფაქტი, რომ 2023 წელს, ქვეყანა საქართველოს მოქალაქეების რეკორდულმა რაოდენობამ – 163 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებლის შემცირებაზე შესაძლოა კიდევ ორმა ფაქტორმა იქონია ზეგავლენა. პირველი, 660 000-მდე ადამიანი საარსებო შემწეობის, ასევე სოციალურად დაუცველის ქულასთან დაკავშირებული არაერთი სოციალური მხარდაჭერის სერვისის მიმღებია. „სახელმწიფოსგან ამგვარი სახით მიღებული შემოსავლების დაფიქსირება შესაძლებელია, ადამიანების აბსოლუტური სიღარიბის კატეგორიიდან ამოსვლის საფუძველი გახდეს. თუმცა, სახელმწიფოს ამგვარი მხარდაჭერა ბევრი ადამიანისთვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს და მათი შეწყვეტა მათ ფიზიკურ არსებობასაც კი საფრთხის წინაშე დააყენებდა“, – აცხადებს ორგანიზაცია. მეორე, ქართველების დიდი უმრავლესობა ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზე ცხოვრობს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2023 წლის განმავლობაში ქვეყანაში ფულადი გზავნილების მოცულობა 4 მლრდ. აშშ დოლარს აღემატებოდა.
ორგანიზაციის თქმით, სიღარიბესა და სოციალურ უთანასწორობაზე საუბრისას, მხედველობაში იქნა მიღებული ისეთი მაჩვენებლებიც, როგორიცაა ფარდობითი სიღარიბე და ჯინის კოეფიციენტი. „ამ ორი მონაცემის ანალიზისას ირკვევა, რომ 2023 წელს მდგომარეობა წინა წელთან შეფარებით არათუ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა, არამედ, გარკვეულ შემთხვევებში გაუარესდა კიდეც“, – აცხადებს ორგანიზაცია.
მაგალითად, ფარდობითი სიღარიბის ნაჩვენებელი, რომელიც მოსახლეობის იმ წილს აღნიშნავს, რომელიც მედიანური სამომხმარებლო ხარჯის 60%-ზე ნაკლებს მოიხმარს, 2023 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 0.1 %-ით შემცირდა და 19.8 % შეადგინა. „ხაზგასასმელია, რომ სასოფლო დასახლებაში ფარდობითი სიღარიბე 0.2 %-ით გაიზარდა კიდეც და მაჩვენებელი 26.8 %-ს გაუთანაბრდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების განსაკუთრებულ დაუცველობაზე და სოციალური დაცვის პოლიტიკის სისუსტესა და ფრაგმენტულობაზე“, – აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ამასთან, 2023 წელს გაიზარდა ჯინის კოეფიციენტის მაჩვენებელიც, რომელიც საზოგადოების შემოსავლებს შორის უთანასწორობის ინდიკატორს წარმოადგენს. კოეფიციენტი მთლიანი სამომხმარებლო ხარჯების მიხედვით 2 პუნქტით გაიზარდა და 2020 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა გაიზარდა, აღნიშნავს ორგანიზაცია.
„სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სამართლიანი და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობებს შექმნიდა. რეალური რეფორმების ნაცვლად, მთავრობა ინარჩუნებს სისტემას, რომელიც მოსახლეობას სოციალურ გასაცემლებზე დამოკიდებულს ხდის და აგრძელებს ამ დამოკიდებულების და, ზოგადად, სოციალური საკითხების პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 23/02/2024 – 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება
- 15/09/2023 – ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ახალ სოციალურ ინიციატივებზე ისაუბრა
- 11/09/2023 – პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ახალ ინიციატივებზე ისაუბრა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)