skip to content
ახალი ამბები

TI-საქართველო: 2024 წლის I კვარტალში „ქართული ოცნების“ შემოწირულობები 95%-ით შემცირდა

21 მაისს, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც  2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს და რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მიმართ შემოწირულობები 2024 წლის პირველ კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 20-ჯერ შემცირდა და 447 ათასი ლარი შეადგინა, თუმცა მთლიანი შემოწირულობების 37%-ია. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარტიის შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებდნენ მრავალმილიონიანი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, ასევე შემომწირველები, რომლებთან დაკავშირებული კომპანიებიც მსხვილ სუბსიდიებს იღებენ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით.

საანგარიშო პერიოდში, ყველა პარტიამ ჯამში 1,224,111 ლარის შემოწირულება მიიღო, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე რვაჯერ ნაკლებია. პარტიული შემოწირულობების ოდენობით „ქართული ოცნება“ ლიდერობს; მეორე ადგილზეა „ლელო“ 445,500 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 170,720 ლარით. ორგანიზაციის თქმით, საანგარიშო პერიოდში 12,800 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო ახალდაარსებულმა ღიად პრორუსულმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შემოწირულობებს, ოთხმა აქციონერმა საანგარიშო პერიოდში პარტიას სულ 222 000 ლარი შესწირა, ხოლო მათმა კომპანიებმა ბოლო ექვს თვეში სახელმწიფო ტენდერში 81 მილიონი ლარი მოიგეს. მაგალითად, ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა დეპუტატმა სერგო ხაბულიანმა „ქართულ ოცნებას“ 40 000 ლარი შესწინა, ხოლო მისმა კომპანიამ შპს „ცეკური“ წელს ტენდერში 65 მილიონი ლარი მოიგო. დავით დევაძემ და ოთარ ფუტკარაძემ „ქართულ ოცნებას“ 77 000 ლარი შესწირეს, ხოლო მათმა კომპანია „ბონდი-2009“-მა ბოლო ექვს თვეში ტენდერში 7 034 მილიონი ლარი მოიგო.

ხუთმა კომპანიამ, რომელთა აქციონერებიც „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან მნიშვნელოვანი სუბსიდიები მიიღო. მაგალითად, კომპანიების „შატო მუკუზანისა“ და „ვაინ ბლისის“ აქციონერებმა, „ქართული ოცნების“ დონორებმა კახაბერ მამანიშვილმა და ბაკური მიტიჩაშვილმა პარტიას 76 000 ლარი შეწირეს, ხოლო მათმა კომპანიებმა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის პროგრამებით 2017-2023 წლებში 1 641 მილიონი ლარის სუბსიდია მიიღეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button