skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ შსს-ს 20 ივნისს დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს, ანტისაოკუპაციო აქციაზე დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილისთვის 35 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, შსს პეტრიაშვილს 15 000 ლარს მატერიალური, 20 000 ლარს კი – მორალური ზიანის მიყენებისთვის გადაუხდის. დაზარალებულის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, პეტრიაშვილს „პოლიციის მიერ გასროლილი ნარინჯისფერი ტყვია მოხვდა ყბა-სახის არეში“ და იგი დღემდე მკურნალობს.

მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის „მნიშვნელოვანი პრეცედენტი“ ამავე საქმეზე სხვა დაზარალებულთათვის და სასამართლომ „მოკლე დროში“ მათ მიმართაც მსგავსი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

საქმის კიდევ ერთმა ადვოკატმა, გვანცა კვარაცხელიამ განაცხადა, რომ „[ეს არის] 20 ივნისის საქმეზე პირველი მოგებული საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ“.

ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის სამართალდამცველების მიერ დაშლისას მინიმუმ 240 მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, 40-მდე ჟურნალისტი და 80-მდე სამართალდამცველი. მოქალაქეების პროტესტი ქვეყანაში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლასა და საქართველოს პარლამენტში, მის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომას მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button