skip to content
ახალი ამბები

„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე ამერიკელი სენატორების წერილს პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა

„ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების თაობაზე 26 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ უმკაცრეს წერილში, აშშ-ის სენატის ორპარტიული ჯგუფი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრის, სენატორ ჯიმ რიშისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღანელობით, „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავს კანონპროექტის ხელახლა ინიცირების გამო და აფრთხილებს მას, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, სენატორები იძულებულნი გახდებიან საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლას შეუწყონ ხელი.

„სამოქალაქო საქართველო“ სენატორების წერილზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოხმაურებებს გთავაზობთ.  

მმართველი გუნდი

შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე: „ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა ეს არის განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპია… ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა, რაც მათ ხელში არის, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „ჩვენც მოვუწოდებთ იმ ამერიკელ სენატორებს, რომლებიც ასე აყენებენ საკითხს, რომ დიახ, საქართველო-ამერიკის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს. უნდა გაიხსნას ვიზა, გადაადგილება უნდა იყოს თავისუფალი – პარტნიორებსა და მეგობრებს შორის ეს არის სწორი დამოკიდებულება. ვიზალიბერალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც არ არის დღეს, უნდა გაიხსნას და თუ ვართ მეგობრები, მეგობრობა მხოლოდ სიტყვით – არა. უნდა გაიზარდოს ინვესტიციები… თუ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს მოქალაქეები თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენები უნდა გვქონდეს. ამდენი წელია სტრატეგიულ პარტნიორობაზეა ხელი მოწერილი, 10 წელზე მეტია გასული და პირდაპირი ფრენები არ გვაქვს – დიახ, უნდა გადაიხედოს… არანაირი ულტიმატუმი, ასეთი არის ჩვენი თხოვნაც და მოთხოვნაც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების და მეგობრების მიმართ…  ამერიკელი ხალხის ფული საქართველოში სად მიდის, ესეც უნდა გადაიხედოს და გამჭვირვალობის კანონი უზრუნველყოფს ამას. ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, ამას გადავხედავთ, გამჭვირვალობის კანონს მივიღებთ და ამერიკელი გადამხდელის ფული სად მიდის საქართველოში, ყველაფერი გეცოდინებათ… მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იქნება კანონის ინიცირების და მხარდაჭერისათვის, რომ დაასანქცირებენ ადამიანს. დიდი სიამოვნებით დაველოდები, რა სანქციას დამადებენ ამასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოში პირველი პრეცედენტი იყოს, კანონმდებელი კანონის ინიცირებისთვის დაასანქცირეს“.

ირაკლი ღარიბაშვილი, „ქართული ოცნება“: „ძალიან სამწუხაროა. ალბათ ეს უნდა ვთქვათ, რომ არასწორი აღქმებიდან გამომდინარე არის ამ წერილის შინაარსი და პათოსი განსაზღვრული. მე ერთს დავუმატებდი, რომ საჭიროა გაგრძელდეს დიალოგი, კომუნიკაცია ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი  მეგობრები, რომ აქ რამე უჩვეულოს საქართველო არ აკეთებს“.

ოპოზიცია   

ნიკა მელია, „ახალი“: „ქართული ოცნების“ მხრიდან ნაბიჯი გადადგმულია და შესაბამისი, ადეკვატური პოზიცია არის დაფიქსირებული საერთაშორისო საზოგადოების  და ქართული საზოგადოების მხრიდანაც. შესაბამისად, გადაწყვეტილებას საბოლოო ჯამში მიიღებს ქართველი ხალხი, მის საერთაშორისო მეგობრებთან ერთად. რუსული კანონი ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი  ივანიშვილთან ერთად ვექცევით საერთაშორისო პოლიტიკურ იზოლაციაში“.

ხატია დეკანოიძე, „ევროოპტიმისტები“: „ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულებას და დახმარებას განადგურებას უპირებს. საქართველოს სრულიად დაუცველს ტოვებს მარტო რუსეთთან“.

სალომე სამადაშვილი, „ლელო საქართველოსთვის“: „ამერიკის შეერთებული შტატების დახმარება გასული 30 წლის მანძილზე გადამწყვეტი ფაქტორი იყო ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის და ეს დახმარება მნიშვნელოვანია უკლებლივ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, იმიტომ რომ 6 მილიარდზე მეტი დახმარება, რომელიც მათ გაიღეს ჩვენი ხალხისთვის პირდაპირ ქართველი ხალხის სიკეთისთვის მიდის“.

გიორგი ვაშაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „რუსული კანონის მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულონ ისინი გაწყვიტონ ურთიერთობები საქართველოსთან. მე ხელში მიჭირავს 2 დოკუმენტი: ერთი არის 14 ამერიკელი სენატორის მიერ ხელმოწერილი წერილი, რომელიც გუშინ გავრცელდა, სადაც ღიად საუბრობენ სანქციებზე საქართველოსთან, უფრო სწორად იმ პირებთან მიმართებაში ვინც პირველ რიგში, ამ ანტიქართულ საქმეს ეწევა. მეორე არის ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც საუბრობს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაზე და უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე საქართველოსთან… აი ამ ორი ქმედების ერთდროულად ამოქმედების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და აი ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე აყენებს დღეს ,,ქართული ოცნება’’. მიზანი რუსული კანონის არის სწორედ ეს, მაგრამ მე მინდა პირველ რიგში, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს მივმართო: არ არის ქართველი ხალხის არჩევანი ის, რასაც ახლა აკეთებს ივანიშვილის პარტია და ეს არაერთხელ დადასტურდა მრავალათასიან მიტინგზე“.   

გიორგი გახარია, „საქართველოსთვის“: „აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა. ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და მივყავართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ხელისუფლება საქართველოს მეგობრებს – ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დამცველებს – აცხადებს მტრებად, რითაც ღიად არღვევს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და გვაბრუნებს რუსულ ორბიტაზე. მივმართავთ ხელისუფლებას – გაიწვიეთ კანონი, დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს, ჩაატარეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დააბრუნეთ ქვეყანა ნორმალური, დემოკრატიული განვითარების გზაზე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button