skip to content
ახალი ამბები

სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი და ოთხი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. ხუთივე მათგანს 16-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. თუმცა, დანიშნული სასჯელი ,,ამნისტიის შესახებ“ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულებს 12 -12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. იგი ასევე მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2008 წლის 16 აგვისტოს უსაფრთხოების სამსახურმა როინ შავაძე ბათუმში დააკავა, რა დროსაც, ის სასტიკად სცემეს და ხმამაღლა ეძახდნენ სამშობლოს მოღალატეს. შემდეგ ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ექვსი საათის შემდეგ პოლიციამ შავაძის მეუღლეს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობა. ოფიციალური ვერსიით, შავაძე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს და მან სასიკვდილო დაზიანებები გაქცევის მცდელობის დროს მიიღო.

2024 წლის მარტში, ამავე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით.

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველო სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლით აღებული ვალდებულებები დაარღვია, რაც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტებში. სტრასბურგის სასამართლომ „თავდაპირველი გამოძიების პროცესში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომჩივნის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტურია და მომჩივნის სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით აღებულ პროცედურულ ვალდებებულებებს არღვევს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button