ახალი ამბები

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

ნაფიცმა მსაჯულებმა სამხედრო მოსამსახურის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე და სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნეს. ორივე მათგანს სასჯელის სახით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა დანიშნული სასჯელი ამნისტიის შესახებ კანონით შემცირდა და საბოლოოდ ბრალდებულები სასჯელს 12 წლის ვადით მოიხდიან.

როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა. იგი ასევე მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში. 2008 წლის 16 აგვისტოს უსაფრთხოების სამსახურმა როინ შავაძე ბათუმში დააკავა, რა დროსაც, ის სასტიკად სცემეს და ხმამაღლა ეძახდნენ სამშობლოს მოღალატეს. შემდეგ ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს. ექვსი საათის შემდეგ პოლიციამ შავაძის მეუღლეს მისი გარდაცვალების შესახებ აცნობა. ოფიციალური ვერსიით, შავაძე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით დააკავეს და მან სასიკვდილო დაზიანებები გაქცევის მცდელობის დროს მიიღო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ შეადგინეს ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. „ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს“, – აცხადებს პროკურატურა, რომლის თქმითაც ეს ყალბი სცენარი გამოძიებამ გამოავლინა.

2023 წლის 28 ივლისს საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის, ასევე სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე რვა პირი დააკავეს, ორის მიმართ კი ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით.

2020 წლის 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქართველო სიცოცხლის უფლების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-2 მუხლით აღებული ვალდებულებები დაარღვია, რაც სიცოცხლის უფლების დარღვევას გულისხმობს, როგორც პროცედურულ, ისე არსებით ასპექტებში. სტრასბურგის სასამართლომ „თავდაპირველი გამოძიების პროცესში დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ნაკლებობაზეც“ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მომჩივნის მეუღლის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის გამოძიება არაეფექტურია და მომჩივნის სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-2 მუხლით აღებულ პროცედურულ ვალდებებულებებს არღვევს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button